ფემიციდი
06 12 2016

"ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"

2015 წ.

"ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა"

2016 წ.

"11 ნოემბერს თბილისში 23 წლის ტრანსგენდერი ქალი

მოკლეს"

2014 წ.

შარშან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს საქართველოში ქალთა ისტორიასა და აქტივიზმზე ვესაუბრებოდი და ვთხოვე, რომ დაესახელებინათ, რა პრობლემებს ხედავდნენ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დღეს. ზოგმა საკუთარ გამოცდილებებს მიმართა - ოჯახის წევრების, ნათესავების, მეზობლების ისტორიები გაიხსენა, ზოგმა - მედია საშუალებებიდან ყურმოკრულ ამბებს. ერთმა გოგომ იმაზეც დაიწუწუნა, რომ თავისი მშობლების სასურსათო მაღაზიაში მას ამუშავებდნენ დროგამოშვებით, ხოლო მის ძმას - არა.

ქალის მკვლელობის მაგალითიც დასახელდა. მოსწავლე ყვებოდა მეზობლის ნათესავ ქალზე, რომელიც ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - ამბობდნენ, რომ ამ ქალს არ უნდოდა ქმართან ყოფნა და გაცილებას ითხოვდა, მაგრამ წლები ცხოვრობდაო ამ კაცთან მაინც. მერე ეს ამბავიც მომხდარა.

ამ ისტორიის მოსმენის მერე დაფაზე ვწერ სიტყვა "ფემიციდს". ვამბობ, ეს სიტყვა ქალთა მკვლელობებს მიემართება-მეთქი. მკვლელობა მკვლელობააო მეწინააღმდეგება ერთ-ერთი, როდესაც საკითხის გაშლას დავაპირებ. სხვებსაც ვთხოვ საკუთარი აზრი გამოთქვით-მეთქი, რადგან ვხვდები, რომ თავისით უახლოვდებიან ასეთ მნიშვნელოვან საკითხს.

*

ფაქტი ისაა, რომ ქალთა მკვლელობების ერთი, უფრო ფართო ცნების "მკვლელობის" ქვეშ გაერთიანების მცდელობა არც ისე იშვიათია. ეს მცდელობა ხშირად ინერციულია, არსებული პრობლემისადმი სიბრმავეს სდევს, ხშირად, უბრალოდ, რეაქციაა ფემინისტური დღის წესრიგის წინააღმდეგ.

თუ ქალებს კლავენ და ამ მკვლელობების მოტივები მათ გენდერზეა მიმაგრებული, მნიშვნელოვანია მას სახელიც ვუწოდოთ. გენდერულად ნეიტრალური ტერმინები მხოლოდ აუფერულებს და აიგნორებს მიზანმიმართულ ძალადობას ქალთა წინააღმდეგ.

ფემიციდის ერთ-ერთი, უფრო ვიწრო განმარტება, რომ "ის არის კაცების მიერ ქალების მკვლელობა იმ მიზეზის გამო, რომ ისინი ქალები არიან",1 თავისთავად არ გულისხმობს იმას,

რომ კაცები ირაზმებიან იმ ფიქრით, რომ ქალი უნდა მოკვდეს, რადგან ქალია. ეს განწყობების მთელი ნაკრებია, რომელიც საბოლოოდ ქალების სიცოცხლის მნიშვნელობას აუფასურებს სხვების სიცოცხლესთან შედარებით;

ქალების ინტიმური პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ქალის დამორჩილებისა და კონტროლის უფლება აქვთ, რადგან ძალაუფლება და მართვის სადავეები მათ ხელშია. მათ უფლება აქვთ, განკარგონ პარტნიორი ქალის სიცოცხლე.

კაცები მიიჩნევენ, რომ არაჰეტეროსექსუალი ქალების გაუპატიურების გზით სიკვდილამდე მიყვანა მათი ჭკუის სწავლების და დასჯის მეთოდია.

ითვლება, რომ ომის დროს ქალების დამორჩილება და მოკვლა მტერის დამარცხებაცაა.

უცნობები, მეგობრები თუ ოჯახის წევრები ქალებს ხშირად გამიზნულად კლავენ მისი, მათთვის მიუღებელი, ქცევის, გადაწყვეტილების, განცხადების გამო, როცა ისინი ფიქრობენ, რომ ამ ქალმა გარკვეულ ჩარჩოებს გადააბიჯა.

ქალებს კლავენ სხვადასხვა კულტურულ პრაქტიკასა თუ წესჩვეულებაზე დაყრდნობით და ამას ამართლებენ იმით, რომ ეს კულტურულად მისაღებია - ასე ხდებოდა, ხდება და მოხდება.2

ტრანსგენდერ ქალებს კლავენ3 და მათი სიკვდილი იწყება იქედან, როდესაც მათ აგდებენ სახლიდან, ართმევენ განათლების, ჯანდაცვის და შრომის უფლებას; როდესაც ხდება მათი სექსუალობის პათოლოგიზაცია; როდესაც მათ მუდმივად უწევთ ძალადობის თავიდან აცილება. 4

© Rosita Uricchio “Against Femicide”Source: http://bit.ly/2gKuTbY

*საქართველოში, 2016 წლის ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, მიუხედავად ბოლო ორი წლის განმავლობაში იდენტიფიცირებული ფემიციდის 60 შემთხვევისა, მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს ფემიციდის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, ფემიციდი უნდა აღიარებულიყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად. კანონპროექტში ფემიციდი განისაზღვრებოდა, როგორც "გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ".5

კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ სასულიერო პირები. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ მკვლელობა ცოდვაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩადის მას, კანონპროექტი კი "ქალების წაქეზება" და იმაში დარწმუნების მცდელობაა, რომ ისინი კაცებზე "წინ დგანან". არადა, ღმერთმა ქალის უფროსად კაცი დააწესა. 6

*ფემიციდისადმი გულგრილი დამოკიდებულება მახსენებს იმ საშიშ ამბავს, რომ "სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან და როდესაც პირველი კარგავს მნიშვნელობას, მნიშვნელობას კარგავს მეორეც" - ვწერ წინადადებას საკლასო ოთახის დაფაზე და მერე ცოტას ამაზეც ვლაპარაკობთ.

მარიამ ჭანჭალეიშვილი

[1] Russell, Diana E.H and Harmes, Roberta A, „Femicide in Global Perspective“, New York: Teachers College Press, 2001, p. 13-14
[2] Amour, Amber, „Why We Should Use The Term “Femicide” Instead Of Gender-Neutral Terms, Such As “Murder” Or “Homicide”“, 2016,  ხელმისაწვდომია ბმულზე:  http://huff.to/2g4saWy
[3] ტრანსგენდერი ქალების მკვლელობებს ტრანსფემიციდს უწოდებენ, რაც თავის მხრივ ყურადღების მიღმა არ ტოვებს სექსიზმით, ტრანსფობიით, რასიზმით და სხვა სიძულვილით მოტივივირებულ ტრანსგენდერი ქალების მკვლელობებს.
[4] Radi, Blas and Sardá-Chandiramani, Alejandra, 2016, ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/2h9WuzU
[5] კანონპროექტი ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2g3sV7q
[6] ხალიანი, თათია, „ფემიციდი და სექსუალური შევიწროება - კანონპროექტების ხმაურიანი განხილვა პარლამენტში“, 2016, ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/2h1kOYu


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის