წერილი #2
29 09 2015
გამარჯობა, დიდი ხანია მე და შენ (თქვენ) არ გვისაუბრია. დიდი ხანია, რაც ერთმანეთისთვის არ გაგვიგზავნია საიდუმლო ბარათები. უთქმელი, უკალმოდ, უფურცლოდ, უემოციოდ. მინდა ჩემი პატარა ისტორია მოგიყვე. ალბათ იფიქრებ, „რა არის ამისთანა, ასეთი გრძნობებით, რომ მწერსო“- შენთვის არაფერი, თუმცა ჩემთვის კი ძალიან მძიმე. შენ, მთელ ჩემს ცხოვრებას შეესწარი. აღუობას, მინდობილ ბავშვობას, მოზარდობას, ახლა კი ზრდასრულს მიყურებ როგორ ვდგავ პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. შეამჩნევდი, რომ მთლად ისეთი ბავშვი არ ვიყავი, როგორც სხვები. მათ არ ვგავდი, მათთან ერთად ვერ ვთამაშობდი. მხოლოდ საკუთარ თავთან ვპოულობდი ბედნიერებას. ჩემს პატარა ოთახში ვიკეტებოდი და იქ განვასახიერებდი, საკუთარ მომავალს. მქონდა ოცნებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმ ოთხმა კედელმა იცოდა, მხოლოდ მე და ერთმა პატარა კუნჭულა ოთახმა. ან თუნდაც პატარა კარადამ, ან თუნდაც პატარა ლოგინმა, საიდანაც გარე სამყაროს ვემშვიდობებოდით. ბავშვებთან თამაში, ჩემთვის ყოველთვის რთული იყო. რთული იყო ის, რომ მე ერთი, მთელ ეზოს ვუგებდი, მთელ კლასს, მთელ ნათესავებს და არავის არ უნდოდა ჩემი გაგება. ალბათ ოდესმე გამიგებთ და შემიყვარებთ ისეთს, როგორიც ვარ. არა ისეთს, როგორიც თქვენ გინდათ, რომ ვიყო. არამედ ისეთს, როგორიც მე ვარ . ჩემი ემოციებით, ჩემი ფიქრებით, ჩემი შეხედულებებით და ჩემი სამყაროთი. არც ისე დიდი ხანია, რაც ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი. სტერეოტიპებით, ჩარჩოებით და სიძულვილით ვიყავი ავსებული. დედაჩემის სიკვდილის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. იმ დროს, როცა ბავშვი უნდა ვყოფილიყავი, მოზარდი გავხდი. დავიწყე ისეთ საკითხებზე ფიქრი, რომლებზეც  წარმოდგენა არ მქონდა. საერთოდ, რატომ მოდიოდნენ ჩემთან ეს ფიქრები?! სულ რამოდენიმე თვეა, რაც ადამიანები შევიცანი და მათი აზრი გავიგე. ასევე გავიგე შენი აზრიც. ვიცი, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩემზე გაიგებ, არ იქნება შენთვის ადვილი ასატანი… დამიჯერე არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი ადვილი, არ ყოფილა არადროს ადვილი, სხვა სამყაროთი ცხოვრება. არც ჩემთვის და არც „ჩემნაირებისთვის“, არც ჩვენი დამცველებისთვის. ყველაზე რთულია, როცა სძულხარ იმ ადამიანს, ვინც შენთვის ბევრს ნიშნავს. მთელი ცხოვრება დაფარულად გიწევს ცხოვრება. გეცოდინება ადამიანს ბევრი ნიღაბი სჭირდება ცხოვრებისთვის. ჩვენ კი ორმაგად და სამმაგად მეტი, რომ მივაღწიოთ სრულყოფილებას, რომ არავინ დაგვიძახოს: „გარყვნილებო“, არავის ვეგონოთ ბავშვზე მოძალადე „ცხოველები“, უფლება გვქონდეს საკუთარი სიტყვის. გვიყვარდეს საკუთარი სამშობოლო ისე, როგორც იმსახურებს. გამარჯობა, მე აგენდერი ვარ. მე ვამაყობ ჩემი თავით, არა ჩემი გენდერული  იდენტობით, არამედ ჩემი პიროვნებით :)


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება