ფოტო:
ლაურა საკუთარი თავის და სამყაროს წინააღმდეგ
07 06 2018

დღეს მინდა გაგაცნოთ ამერიკელი პანკ მუსიკოსი და ტრანს აქტივისტი ლაურა ჯეინ გრეისი. ლაურამ 2012 წლის მაისში გააკეთა საჯარო ქამინგ-აუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა. იგი პანკ-როკ ბენდის Against me! სოლისტია.

ჩემთვის ლაურა თავისი მუსიკის გარდა, არასტანდარტულობითა და გენდერულ კლიშეების რღვევის მუდმივი მცდელობით, ისევე, როგორც მისი შეხედულებებით და საჯარო განცხადებებით, დღემდე ერთი-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ტრანსგენდერი ადამიანია. თავისი არსებობით და აქტივიზმით, ამ ადამიანმა უდიდესი მოტივაცია მომცა ტრანზიცია დამეწყო და წარმატებას მიმეღწია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი დიდხანს რჩებოდა ოცნებად, და ტრანზიციის მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე რჩება.

განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო ჩემთვის მისი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ყვება ისტორიას, თუ როგორ იჯდა კაფეში ტრანს მეგობრებთან ერთად იმ დროს, სანამ თავად ჯერ კიდევ არ ჰქონა ქამინგ-აუთი გაკეთებული. კაფეში შემოსული უცნობი ადამიანების ჯგუფმა მათ დასცინა და ლაურა იხსენებს, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მათთან ერთად, თვითონაც დასცინა თავის მეგობრებს. სწორედ ამ ძლიერმა ემოციურმა მომენტმა გადააწყვეტინა ქამინგ-აუთი და გააცნობიერებინა, რომ მალვა აღარ იყო გამოსავალი.

მანამდე კი იყო მძიმე და დისფორიით სავსე ცხოვრება.

1997 წელს, 17 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და სიმღერების წერას შეუდგა. მუსიკალურ პროექტს Against me! (ჩემს წინააღმდეგ) დაარქვა და შესრულება მეგობართან, კევინ მეიჰონთან ერთად დაიწყო. ამ პერიოდში ასევე მოხალისეობდა არაკომერციულ სოციალისტურ ჯგუფში Food Not Bombs. 18 წლისა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

ტრანზიციის დაწყებამდე გრეისმა ორი რთული ქორწინება გამოიარა. პირველმა ქორწინებამ 2000 წლიდან 4 წელს გასტანა. 2006 წელს მომავალი მეუღლე, ვიზუალური არტისტი ჰეზერ ჰანურა გაიცნო, რომელთან ერთადაც, მრავალი წელი ცდილობდა დისფორიას გამკლავებოდა, ურთიერთობაში ბოლომდე ჩართულიყო და საკუთარ თავი დაერწმუნებინა, რომ ნამდვილად კაცი იყო.

მაგრამ დისფორია არსად გამქრალა და იმ პერიოდში, როდესაც ჰეზერი მათ ქალიშვილ ეველინზე დაფეხმძიმდა, ორმაგი ძალით დაატყდა თავს. ეველინი 2009 წელს დაიბადა. წყვილი კი ოფიციალურად 2013 წელს გაიყარა, ცოტა ხნის შემდეგ, რაც ლაურამ საჯარო ქამინგ-აუთი გააკეთა ჟურნალ "როლინგ სთოუნსთან", როგორც ტრანსგენდერმა ქალმა.

ცხოვრებაში ასეთმა ძვრებმა, ცხადია, მის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა იქონია. ინტერვიუებში ხშირად იხსენებს იმ იმედგაცრუებას, რაც პანკ სცენის მიმართ წლების განმავლობაში ჰქონდა, თუ როგორც მობეზრდა სტერეოტიპული "გაბრაზებული თეთრკანიანი პანკ-მომღერალი კაცის" როლის თამაში. იმასაც ხშირად აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვა წარმოდგენისა, პანკ სცენა არანაკლებ კონსერვატული, ჩაკეტილი და სტერეოტიპული იყო, ვიდრე ეკლესია.

დღეს უკვე ლაურას მთელი პანკ-როკ სამყარო იცნობს, როგორც ტრანსგენდერ ქალ მუსიკოსს, რომელიც ლგბტ უფლებებისთვისაც აქტიურად იბრძვის. და ეს იმის დამსახურებაა, რომ პანკ მუსიკაში მან სრულიად ახალი თემები შემოიტანა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა მსოფლიოში ბევრი ადამიანი, და არამარტო ტრანს მსმენელი, ელოდა.

მისი ორიგინალურ ხედვაში სამყაროსადმი, ხშირად ანარქისტული პოლიტიკური შეხედულებები ჩნდება. მაგრამ ამას გარდა, მისი მუსიკა საინტერესოა იმ უნიკალური გრძნობებითა და განცდებით, რაზეც გულახდილად მღერის და რაც ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისათვის ახლობელია. დღევანდელ მუსიკალურ, და არამარტო, სამყაროში, სადაც თითზე ჩამოსათვლელი ტრანს არტისტია, სწორედ ამ უნიკალურობის, გულახდილობის და მებრძოლი ხასიათის დამსახურებაა ლაურას ამხელა წარმატება.

მეც სწორედ იმიტომ გადავწყვიტე ლაურას შესახებ ქართულ აუდიტორიას მოვუყვე, რამდენადაც ვაცნობიერებ, რამდენად გვჭირდება ტრანს ადამიანების ჰუმანიზება, და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ არ ვართ მონსტრები, რომ შეგვიძლია რაღაც შევქმნათ და შევძინოთ ამავე საზოგადოებას.

ლაურას ალბომი Transgender Disphoria Blues, რომელიც მან სექს მუშაკ ტრანსგენდერ ქალებს მიუძღვნა, იმედი მაქვს, საქართველოშიც ბევრ ადამიანს გაუღვიძებს ემპათიას, როგორც ეს უკვე მოახერხა ამერიკის და მსოფლიო მასშტაბით. ალბომმა 2014 წელს, გამოსვლისთანავე ტოპ-ჩარტები დაიკავა.

რა თქმა უნდა, ტრანსფობია ამერიკაში დღესაც მწვავე პრობლემაა, არანაკლებად, ვიდრე ჩვენთან. ამიტომ, ლაურა დღემდე აქტიურადაა ჩართული აქტივიზმში, წერს მუსიკას, მონაწილეობს თემატურ გადაცემებში და დოკუმენტურ ფილმებში, სადაც საუბრობს ტრანს ადამიანთა პრობლემებზე, ხვდება ყველანაირი გენდერული ვარიაციის ადამიანს და პირადად ესაუბრება მათ, რათა მათი პრობლემები მოისმინოს და ამის შესახებ სხვებს მოუყვეს, თუმცა მისთვის მთავარი ბერკეტი მაინც მუსიკაა და შესაბამისად, მუსიკალურ ალბომებშიც ხშირად საკუთარ გამოცდილებებზე ყვება. ლაურა ამბობს, რომ პანკ სცენა დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი ჰომოფობიის, ტრანსფობიის, მიზოგინიისა და რასიზმისაგან.

2016 წელს ლაურამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელწოდებით Tranny. სათაურმა ამერიკული ლგბტქ საზოგადოება, ცოტა არ იყოს, აღაშფოთა, რადგანაც სიტყვა Tranny (ტრანსუხა) დღემდე დამამცირებელ ტერმინად მიიჩნევა. ლაურა ამბობს, რომ სურდა სიტყვისათვის ნეგატიური კონტექსტი მოეშორებინა.

ლაურამ მონაწილეობა მიიღო AOL Originals-ის გადაცემათა სერიაში True Trans, რომელშიც მისი ცხოვრების, ტრანზიციის და აქტივიზმის შესახებ დეტალურად გვიყვება და ფართო საზოგადოებას აცნობს ტრანზიციაში მყოფ სხვა ადამიანებსაც.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა