ფოტო: UEFA
რისთვის დაიმსახურა კაშიამ თანასწორი თამაშის კამპანიის ჯილდო
31 08 2018

გურამ კაშიას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ჰოლანდიის კლუბ "ვიტესის" მცველს, უეფას #EqualGame-ის ჯილდო 30 აგვისტოს ოფიციალურად გადაეცა.

"თანასწორი თამაში" უეფას კამპანიაა, რომლის მიზანია ფეხბურთის თამაშში თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერა განურჩევლად ადამიანთა ეროვნული, რელიგიური, სოციალური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

UEFA-მ ფეხბურთელისთვის კამპანიის ჯილდოს გადაცემის მიზეზად მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის შესახებ მისი შეუპოვარი მხარდამჭერი განცხადებები დაასახელა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ჰოლანდიის კლუბ "ვიტესის" კაპიტნობისას, ფეხბურთელმა ლგბტ თემის და მრავალფეროვნების აღსანიშნად საფეხბურთო მოედანზე ცისარტყელას სამკლაური გაიკეთა.

მის ამ ჟესტს საკუთარ სამშობლოში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა და კაპიტანს ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი კომენტარების ზღვა დაატყდა. კაშიამ კი საპასუხოდ საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის მხარდაჭერა საამაყო და მნიშვნელოვანი იყო.

სწორედ ამ განცხადებების შემდეგად აირჩია გურამ კაშია უეფამ #EqualGame-ის ჯილდოს პირველ მფლობელად, როგორც ფეხბურთელი, რომელმაც სამაგალითო როლს ასრულებს მრავალფეროვნების, ჩართულობისა და თანაბარი შესაძლებლობების პოპულარიზაციაში ევროპულ ფეხბურთში.

"მე მჯერა, რომ ფეხბურთი დიდი ძალაა ადამიანთა ერთიანობისთვის - მიუხედავად იმისა, რა ფერის კანი და ცხოვრების სტილი გაქვს, და ვინ ხარ." - თანასწორობის მხარდამჭერი საჯარო და გამბედავი განცხადებებით კაშიამ საერთაშორისო საფეხბურთო თემში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ფეხბურთელი შეაქო მისი "ძლიერი ხასიათი და გამბედაობის" გამო, მის მიმართ წამოსული კრიტიკისა და მუქარების წინაშე, რომელთა შორის იყო მოწოდებებიც ეროვნული ნაკრების დატოვებისკენ.

კაშიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოდნავადაც არ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას, მოედანზე თამაშისას ცისარტყელას სამკლაური გაეკეთებინა.

"ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი სიყვარული, ჩემი გატაცება", თქვა მან. "მე გავაგრძელებ თამაშს - და მოედანზე თუ მის გარეთ, ყოველთვის მხარს დავუჭერ ადამიანთა თანასწორობას".

გასულ დღეებში, #EqualGame დაჯილდოვების ცერემონიალის დაანონსებისას, სოციალურ მედიაში კრიტიკისა და შეურაცხმყოფელი კომენტრარების კიდევ ერთი ტალღა წამოვიდა, რის გამოც, ფეხბურთელს, ჯილდოს მიღებამდე 2 დღით ადრე, საკუთარი ფეისბუქ გვერდის გაუქმება მოუწია, თუმცა Instagram stories-ში კი კიდევ ერთხელ დაწერა, რომ არც თავის განცხადებებს და არც მრავალფეროვნებისთვის მხარდაჭერას არ ნანობს.

მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებები, რომელსაც გასულ დღეებში ფაშისტური დაჯგუფებები ავრცელებდნენ, 9 სექტემბერს "დინამოზე" დაგეგმილ საქართველო-ლატვიის მეგობრული მატჩსაც ეხებოდა, სადაც კაშიაც ითამაშებს.

ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!"

ამის შედეგად, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე მისმა მხარდამჭერებმა, კოლეგებმა, გულშემატკივრებმა თუ პოლიტიკოსებმა, აქცია წამოიწყეს ჰეშთეგით #გურამშენთანვართ, ხოლო ზოგიერთი პოსტი ამბობდა: "მე ვარ ის ერთი გულშემატკივარი, გამოცხადდი ნაკრებში!".

გუშინ, #EqualGame-ის ცერემონიალზე, რომელსაც კაშია თამაშის გამო ვერ დაესწრო, ჯილდო მის ნაცვლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აიღო და განაცხადა:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა უეფა-ს პრეზიდენტს, ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა გურამის მიმართ, ეს იყო რთული პერიოდი მისთვის. ზოგიერთმა საქართველოში გამოთქვა მოსაზრება, რომ მას არ უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ გურამს ჰქონდა სწორი პასუხი მათ მიმართ, როცა თქვა, რომ თუკი თუნდაც ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში და სწორედ ის ერთი ადამიანი მე ვარ და საერთოდაც, საქართველოში მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მინდა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ",- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

გურამ კაშიას სამადლობელი ვიდეო-კომენტარი კი თავად UEFA-მ გაავრცელა:



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია