რატომ იცვლიან ადამიანები სქესს?
01 03 2018

ბავშვობიდან მქონდა განცდა, რომ ჩემს თავს რაღაც ვერ იყო წესრიგში: ვუყურებდი სხვა ბიჭებს და ვხვდებოდი, რომ მათგან რაღაც განმასხვავებდა, მაგრამ ვერ ვარქმევდი სახელს - რა. რაღაც პერიოდის მერე, საკუთარ ფსიქიკურ სიჯანსაღეშიც კი შემეპარა ეჭვი, რადგანაც რთულია, როდესაც ყველა ბიჭად აღგიქვამს და შენ ეს აღქმა დისკომფორტს გიქმნის, ნორმალურად იცხოვრო. მაშინ, როცა საერთოდ ვერ გრძნობ, რომ ბიჭი ხარ და მიგაჩნია, რომ გოგო ხარ და ამ დროს შენი სხეული შენს წინააღმდეგ მეტყველებს, უბრალოდ ვერ ხვდები რა გჭირს.

მზრდიდნენ ძალიან მასკულინური სტერეოტიპებით, რის გამოც ამ განცდის დათრგუნვა ბავშვობიდან მიწევდა, რადგან მეშინოდა სხვებსაც რამე არ შეეტყოთ. თავიდან ეს განცდა ძალიან მსუბუქი იყო და ადვილად ვაიგნორებდი, მაგრამ როგორც კი თინეიჯერობის ასაკს გავცდი, დამეწყო საშინელი დეპრესია, აპათია, სოციოფობია, უბრალოდ სოციალურად უუნარო გავხდი, ვერ ვახერხებდი ადამიანებთან ნორმალურ საუბარსაც კი. უნივერსიტეტში ჩაბარებისას ეს ძველი განცდები თითქოს ათმაგი ინტენსივობით დამიბრუნდა. მეორე კურსზე საერთოდ მოვიშალე. კონცენტრაცია მხოლოდ მაშინ შემეძლო რამეზე, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვიყავი.

ქროსდრესინგს მივმართე, რაც ოდნავ მიმცირებდა დეპრესიას და შფოთვას მიხსნიდა, მაგრამ ამას მალევე მოჰყვებოდა ხოლმე დანაშაულის განცდა, რომ რაღაც მიუღებელს ვაკეთებდი და ეს სირცხვილის გრძნობა უფრო მეტად მაგდებდა დეპრესიაში, სანამ გავიგებდი რა იყო ტრანსსექსუალი ადამიანი და რას ნიშნავდა ტრანსსექსუალობა. თავიდან ამან ცოტა შვება მომგვარა, მაგრამ მერე გარიყვის და მიუღებლობის შიშმა, განსაკუთრებით - ოჯახის მხრიდან, იმდენად მოიცვა ჩემი ყოველდღიურობა, რომ კიდევ დიდხანს ვცდილობდი ჩემი განცდები მემალა და ჩავმჯდარიყავი საზოგადოების მიერ მოწოდებულ მასკულინურ სტერეოტიპებში, ერთი სიტყვით - "მებიჭა".

დღითიდღე ჩემი დეპრესია და საკუთარი სხეულის აუტანლობა უფრო და უფრო იმატებდა. მივედი იმ დონეზეც კი, რომ როდესაც სარკეში ვიხედებოდი, მუშტებს ვურტყამდი და ტირილი მივარდებოდა. ერთი-ორჯერ სარკე გავტეხე კიდეც. არაფერი მეზიზღებოდა ისე, როგორც ჩემი სხეული და ის, თუ როგორ აღმიქვამდნენ გარშემომყოფები, მაგრამ მიუღებლობის შიში კიდევ უფრო ძლიერი იყო. როდესაც სხვა ტრანსგენდერების მიმართ ძალადობისა და მათი მკვლელობის ფაქტებს ვიგებდი, ეს შიში ისეთ შფოთვაში გადადიოდა, რომ გარეთ გასვლისაც მეშინოდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ზუსტად მინდოდა ამეხსნა რა ხდებოდა ჩემს თავს და რატომ ვგრძნობდი იმას, რასაც ვგრძნობდი, სანამ ერთ დღეს არ გადავაწყდი საინტერესო ინფორმაციას, თუ რა "იწვევს" ტრანსსექსუალობას და ზოგადად, როგორ ყალიბდება ადამიანის გენდერული თვითაღქმა.

აქვე ვიტყვი, რომ მე მეცნიერი არა ვარ და ქვემოთ მოცემული ინფორმაცია უბრალოდ ჩემი, მარტივი სიტყვებით გადმოცემაა იმისა, რაც წამიკთხავს.

სამწუხაროდ საზოგადოებას სქესის კორექციის მთელი კონცეფცია არასწორად ესმის. ეს არ ხდება არჩევნის გამო. ყოველ შემთხვევაში ისე არა, როგორც ქალი იცვლის თმის ფერს ქერადან შავგვრემანზე, ან პირიქით. მუცლად ყოფნის დროს (პრენატალურ პერიოდში) დედის სხეული ჩანასახს აწვდის ჰორმონებს, რაც მის განვითარებასა და ფსიქო-სექსუალურ ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. ჰორმონთა ნაწილი ორგანიზმზე ზემოქმედებისას აყალიბებს სასქესო ორგანოებს (გენიტალიას) და განსაზღვრავს იმას, გენიტალია დარჩეს მდედრობითად, თუ გარდაიქმნას მამრობითად (დიახ, ყველა ჩანასახი თავიდან სქესით მდედრობითია!). ჰორმონთა მეორე ნაწილი პასუხისმგებელია თვითაღქმაზე, ცნობიერებაზე, (სულზე), თუ როგორ იგრძნობს ადამიანი შინაგანად თავს, დარჩეს ტვინი მდედრობით მდგომარეობაში, თუ გარდაისახოს მამრობითად. ჰორმონთა მესამე ნაწილი კი პასუხისმგებელია ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე, იზიდავდეს მამრობითი სქესის პარტნიორები, თუ მდედრობითი...

ჰორმონთა გარკვეული კომბინაციის შედეგად, უმეტეს შემთხვევებში ხდება ისე, რომ მდედრობითი სქესის ადამიანის ტვინის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მას თავს ქალად აგრძნობინებს და განაწყობს იზიდავდეს საპირისპირო სქესი. ან ხდება ისე, რომ ადამიანს აქვს მამრობითი ტვინის აგებულება, თავს გრძნობს მამაკაცად, უვითარდება მამრობითი სქესი (გენიტალიები) და ამასთანავე იზიდავს საპირისპირო სქესი.

მაგრამ არსებობენ "გამონაკლისები", რომელთა შემთხვევაში ჰორმონების სხვადასხვა კომბინაცია იწვევს აცდენას სქესს, ცნობიერებას (სულსა) და სხეულს შორის. სწორედ ამის გამო, შეიძლება ადამიანი თავს გრძნობდეს მამაკაცად, რომელიც გამომწყვდეულია ქალის სხეულში და ეს მასში იწვევდეს დიდ სტრესს, დეპრესიას, სუიციდისაკენ მიდრეკილებას და სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც კი. სხვადასხვა ვარიაციით - ქალის სხეულში დაბადებულ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს თვითაღქმა, რომ არის მამაკაცი, ამისგან დამოუკიდებლად, მისი მიზიდულობის ობიექტი შეიძლება იყოს ქალი ან კაცი. ან შეიძლება მოხდეს პირიქით, სქესი (გენიტალიები) განვითარდეს მამრობითად, მაგრამ გონება, ცნობიერება (სული) დარჩეს მდედრობითად და ადამიანი თავს აღიქვამდეს ამის გამო, როგორც ქალს.

ხშირია, როცა ტრანსგენდერი კაცი შეიძლება ჩათვალონ ლესბოსელად, თუკი ის ქალის სქესით დაიბადა და მისი მიზიდულობის ობიექტი ქალია, ან პირიქით - ადამიანი შეიძლება გამომწყვდეული იყოს მამაკაცის სხეულში, როდესაც იგი არის ქალი, და ამავდროულად მას შეიძლება კაცები იზიდავდეს, რის გამოც ის გეიდ მიიჩნიონ. ჰორმონთა განსხვავებულ კომბინაციათა მიხედვით, ადამიანს ასევე შესაძლოა განუვითარდეს ერთდროულად როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ფიზიოლოგიური ნიშნები, მას შეიძლება ორივე სქესი იზიდავდეს (ბისექსუალი) ან საერთოდ არ ჰქონდეს სექსუალური მიზიდულობა (ასექსუალი) და ა.შ.

ცხადია, პრენატალურ პერიოდში ჰორმონების კონკრეტული ვარიაცია თვითაღქმის და ორიენტაციის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არ არის. ამიტომ, ჰორმონაულური თერაპიაც, მხოლოდ ერთი და არა ერთადერთი ნაწილია ტრანზიციის პროცესში მყოფი ადამიანისთვის, რომ ჰარმონიაში მოვიდეს საკუთარ სხეულთან და გონებასთან. მაგრამ მთავარია ვიცოდეთ, რომ ადამიანის ანატომიური და ფსიქო-სექსუალური ჩამოყალიბება ძალიან კომპლექსური პროცესია, მას უამრავი ფორმა და ვარიაცია აქვს. ამის უარყოფა ფაქტებისაგან გაქცევაა.

ისინი, ვინც ტრანსგენდერი ადამიანების პათოლოგიზებას ახდენთ, და ცოდვილებად და შეშლილებად მიიჩნევთ, სჯობს იმაზე დაფიქრდეთ, რომ თქვენი ეს განწყობა ინფორმაციის ნაკლებობით, ან დამახინჯებითაა გამოწვეული. ტვინი და ცნობიერება (სული) განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ და მეტიც, იმასაც კი - საპირისპირო სქესის ადამიანი გვიზიდავდეს, თუ საკუთარივე.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია