"იქნებ, ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო?"
29 11 2015
ყოველ ჯერზე ხელახლა მაცვიფრებს ხოლმე ზოგიერთის რეაქცია ქუჩაში ადამიანის შევიწროებაზე. ამასწინათ  Bustle-მა იმ ქალის ვიდეო გააზიარა, 10 საათის განმავლობაში რომ სეირნობდა ფეხით ნიუ იორკში და იწერდა, როგორ აბეზრებდნენ თავს ვიღაცები საქმეზე მიმავალს. ამ პოსტს რეთვითი გავუკეთე ჩემს პირად გვერდზე და, მაშინ, როცა ბევრმა სწორად აღიქვა პოსტი, ზოგიერთებმა ასეთი კითხვებიც დასვეს: „კი მაგრამ, ხომ არ გგონიათ, რომ ზოგიერთი ამ ტიპებიდან უბრალოდ, ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო?“ არა. მე ასე არ მგონია. არც ერთი წამით. გასაკვირი არაფერია. იმ ქალის ვიდეოს, ქუჩაში თავს რომ აბეზრებენ, ისე ვერ გააზიარებ, რომ მილიონი კაცი (და, სიმართლე ითქვას, ქალიც) ერთხმად არ ჩაგეძიოს, შეიძლება თუ არა, დაზუსტებით ითქვას, რომ ეს „ადამიანის შევიწროვება“ იყო. აი, ასეთ მომენტებში სრულიად ცხადი ხდება, რამდენ ადამიანს არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს შევიწროება და რა - არა. აი, რა ხდება: ქუჩაში მოსიარულე ქალი კაცების ნებისმიერ ყურადღებას, რომელიც თვითონ არ უთხოვია, საფრთხედ აღიქვამს. ქალები ყოველდღე ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ისეთ „ლიბერალურ“ ქალაქშიც კი, როგორიც ნიუ იორკია. თითქმის ყოვედღე ვიგებთ ქალებზე სექსუალური ძალადობის ამბებს - იქნება ეს კაცი, რომელიც მეტროში ქალის თვალწინ ანძრევს თუ ტიპი, რომელიც ქალს ხელს კაბის ქვეშ უყოფს (ან უარესი - აუპატიურებს). ასეთ ამბებს ნიუსებში თუ არა, სოციალურ ქსელებში მაინც ვიგებთ. ქუჩაში ქალები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და მორჩა. როდესაც კაცი ქალს მისი ნების გაუთვალისწინებლად ეკონტაქტება, ქალი ამას საფრთხედ აღიქვამს. წერტილი. ამას უბრალოდ იმის თქმით ვერ შეცვლი, რომ „ვიღაცას თავაზიანობა მოუნდა“. ის, რომ კაცი პირდაპირ არ ამბობს, „შენი ტრაკში მოტყვნა მინდა, ბოზო, და შენ თმებზე გათავებაო“, არ ამცირებს იმ საფრთხეს, რასაც ქალი გრძნობს. და აი, კიდევ რა: აუცილებლად ვამჩნევთ, თუ ვინმე „უბრალოდ თავაზიანია“. საერთოდ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ხვადასხვა ტიპის ურთიერთობის შემდეგ ყველა ქალს (დიახ, ყველა ქალს) მეექვსე გრძნობა უჩნდება. სინამდვილეში, მაშინვე ვამჩნევთ, ვინმე უბრალოდ „თავაზიანია“ თუ მათი, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვები ან მოქმედებები ობიექტივიზაციისა და ფლობის სურვილის ლატენტურ ქვეტონებს შეიცავს, ისევე როგორც სახიფათო ქვეტექსტს, რაც იმ ადამიანებს ახასიათებთ, ვინც „ადამიანზე დაბლა მდგომ საგნად“ აღგიქვამთ და ამ საგნის ფლობა უნდათ. ჩვენ ვამჩნევთ. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად რა სიტყვებს გამოიყენებენ. და ვიღაცების კამათი, შეიცავს თუ არა ესა თუ ის სიტყვა მუქარას, სწორედ იმის ცხადი ნიშანია, რომ მათ საერთოდ არ ესმით, საიდან შეიძლება, მოდიოდეს ნამდვილი საფრთხის შეგრძნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ქალს ეუბნებით, რომ „შევიწროების“ აქტი სინამდვილეში სულაც არ ყოფილა „შევიწროება“, ამით თქვენ ერთადერთ რამეს ამბობთ: „მე შენი ცხოვრების არაფერი მესმის“. თუ ვინმე გვეუბნება, რომ ზონრები გახსნილი გვაქვს, ან დილით, ძაღლის გასასეირნებლად გამოსული მეზობელი თავის დაქნევით გვესალმება, ასეთ რაღაცებს თავისთავად თავაზიანობად აღვიქვამთ. არავინ ისტერიულად არ ამტკიცებს, რომ უცნობ ქალსა და კაცს შორის ყველა საჯარო ურთიერთობა შევიწროებაა. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ უმეტესად სწორედ შევიწროებასთან გვაქვს საქმე. მაშინაც კი, როცა კაცი ისეთ მარტივ რაღაცას გვეუბნება, როგორიცაა „კარგ დღეს გისურვებ“, 10-დან 9 შემთხვევაში მისი სიტყვების მიღმა შეიძლება, სხვა მოტივი დავინახოთ და შესაძლოა, ამ მოტივს კეთილ სურვილებთან საერთო არაფერი ჰქონდეს. საქმე მათ ტონშია, პოზაში, მზერაში, რომელიც ქალს ატყობინებს, რომ სექსუალური ენერგია მოზღვავდა და ის /ქალი/ თამაშს აგებს. როდესაც ვინმე (როგორც წესი - კაცი) კონკრეტულ საქციელს „უწყინარობით“ ამართლებს, ეს ქალაქის ქუჩებში ღრმად ფესვგადგმული, სრულიად დაუბალანსებელი გენდერული დინამიკის არცოდნის ნიშანია. ამას ასე შეხედეთ: კანონის თვალში ძალადობაა ყველაფერი, რაც ფიზიკურ ზიანს გვაყენებს ან გვკლავს, ან რამე, რაც ფიზიკური ზიანის ან სიკვდილის საფუძვლიან შიშს გვიჩენს. ქუჩაში ადამიანის შევიწროება, რომელსაც საბოლოოდ ფიზიკური კონტაქტი არ ახლავს, ქალს მაშინვე აღუძრავს ფიზიკური საფრთხის, ან ზოგ შემთხვევაში, სიკვდილის შიშს. არავინ არ უნდა იაროს ქუჩაში ასეთი გამუდმებული შიშით. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"