"პავლოვიდან მეცნობი!"
30 11 2015
ავტორი: მაგდა კალანდაძე
ანონიმურობის დაცვის მიზნით ტექსტში სახელები შეცვლილიათქვენი დახმარება მჭირდება-მეთქი. აბა გვითხარი, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, აქა ვართ, შენ რამეზე უარს გეტყვითო? - გვერდით მდგარი ქალების სახელითაც თვითონ აქტიურობდა. მანამდე დახმარება მეგობარს ვთხოვე. კომერციულ სექს-სამუშაოში ჩართულ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა იოლი არ არის. ალბათ, არც ჩემთანაა იოლი, ასე ხელაღებით მოხვიდე და განმიცხადო: იცი, მე შენთან დალაპარაკება მინდა, იმიტომ, რომ შენ შენ ხარ. ჩემამდე მოსასვლელად სახელი, გვარი, სამუშაო პოზიცია და მილიონი მსგავსი ხიდია გადებული, და არცერთი მათგანი უხერხულობას არ ქმნის. აი, კომერციულ სექს-სამუშაოში ჩართულ ადამიანს კი როგორ უნდა მიუახლოვდე, უთხრა, რომ მისგან რაღაცებზე აზრის მოსმენა გინდა და ეს ყველაფერი ბუნებრივად, შენთვის და მისთვის ჩვეულებრივ ამბად ჩაითვალოს _ მას ჰგონია, რომ შენ ადამიანად არ აგდებ; შენ გგონია, რომ მას ყველას მიმართ უნდობლობა აქვს და ასე, დაუსრულებლად. ჰო, არ არის საჭირო თვალთმაქცობა: გეშინია, რომ არ მიგიღებენ. მეგობარი მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჟურნალისტად რომ არ ვვარგივარ, ახალი ამბავი არ არის: ყველა შეკითხვა, ყველა წინასწარ ნაფიქრი სისულელე მავიწყდება, ვდგავარ და ვწუწუნებ, როგორ გამიჭირდა მისვლა, როგორი საჭიროა მათი ხმა სხვების გვერდით და მერე ვეღარ ვჩერდები - იმ შფოთვებზე ვუყვები, ბოლო ნახევარი საათის მანძილზე ამ დღეში რომ ჩამაგდო. იცინის, მამშვიდებს, მაქებს, მე საქმეს და საკუთარ შფოთვებს ერთმანეთში ვურევ. მისი ბრალია - პერიოდულად „შვილოთი“ მომმართავს და მე მთელი დღის დასტრესილი ფრთებს ვშლი - დღის ბოლოს თავზე ხელის გადამსმელი ვიპოვე. ხომ არ გაცდენ-მეთქი. არაო. ვიღაცას მართლა შეიძლება, დედა-შვილი ვეგონოთ - ორივე ერთი ფერის, ერთნაირად შეუღებავი თმით ვდგავართ, ერთნაირად ჩაფართხუნებული უფორმო შარვლით და ოთხკუთხედი კურტკით. ნინოს პირველ ფოტოს ვუღებ, ხელები მიკანკალებს და მგონია, რომ მთელი სამყარო ჩვენ გვიყურებს. ასეცაა. გონზე თეას გამოჩნეას მოვყავარ. გიცნობ მე შენ, ოქროს გოგო ხარ და ნანახი მყავხარ ტელევიზორშიო. არ ვეუბნები, რომ ეშლება, კი-მეთქი, ნანახი გეყოლები, აბა არა. ხომ მომეხმარები-მეთქი? რასაც მიბრძანებო, - ვიცინით სამივე. ფოტოკამპანიის შესახებ ვუყვები. უფ, იმდენს ჩამოგიწერ, რა გინდა, სულო და გულო, რა აღარ უთქვამთ და უკადრებიათ, მიდი, აიღე პასტა და ფურცელიო. ოო, მე რა ავიღო, შენ უნდა დაწერო-მეთქი, - კი გავთამამდი ამასობაში. ვერ ვწერ მეო. ვერ ვხედავო. საკეისრო გავიკეთე იმიტომ, რომ თვალს მაკლდა და ჩირქით მაქვს ახლაც სავსე მუცელიო. მეც ვუყვები გართულებული საკეისროს ამბებს, სხვებისას, გაგონილებს. ამასობაში გვახსენდება, რომ ფოტოა გადასაღები. ნაკარნახევ სიტყვებს ფურცელზე ვწერ, თან ვიხსნებ, რომ ჩემთვისაც უთქვამთ მსგავსი, წყევლა-ქოქოლას ვაყრით ავტორებს. მოიცადე, ჯერ ხომ არ მიდიხარ, ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნოო. ფეხის მომცვლელი არ ვარ აქედან, მიდი, გელოდები-მეთქი. ლელა მოშორებით იდგა და, კი დიდად არ გამოუჩენია ინიციატივა, ამ ჩვენს ლაქლაქში ჩართულიყო, მაგრამ სანამ თეას ველოდებოდი, მაინც ვცადე ბედი და კამპანიაში მონაწილეობის მიღება შევთავაზე. ყურადღებით მომისმინა და, უი, როგორ მწყინს, რომ ვერ გეხმარები, მაგრამ რა ვქნა, მსგავსი არაფერი გადამხდენია ცხოვრებაშიო. მეთქი, რას მელაპარაკები ახლა! ჰო, რა ვქნა, ხომ არ მოგატყუებო. მეთქი, ნუ გამაგიჟე... ვუხსნი და ვუხსნი თან. გოგო, რა გიყო, აი, გჯერა, რომ ვერ ვიხსენებ ვერაფერსო? კაი-მეთქი. თეა უკვე მოქანდა, გვერდით გვანცა უდგას. შავი გრძელი თმა აქვს გვანცას და ჩემხელა იქნება, ან ოდნავ პატარა. თეა ქაქანებს, იცი ეს რა გოგოაო? იცი რა კარგ საქმეს აკეთებსო? მოვეხმაროთ, როგორც შეგვიძლიაო. „უი, გიცნობ მე შენ“ - გვანცას სახე უნათდება. საიდან, კაცო, შენც ტელევიზორი? მღვდელი, ტაბურეტი, ცისარტყელა? „პავლოვიდან მეცნობი!“ ახლა რა გინდა, რომ ქნა. შეიძლება-მეთქი. შეიძლება, მაგრამ ახლა რანაირად დაველაპარაკო საქმეზე, რანაირად გავუცრუო იმედები, თავისიანი რომ ვეგონე და უცებ ფოტოაპარატით აღჭურვილი ოფისის ვირთხა რომ აღმოვჩნდი? ან, იქნებ, არა უშავს - ისევ ჩემი იდიოტური წინასწარგანწყობების ამბავია: რატომ არ შეიძლება, თან პავლოვზე გაჩაღებულ კომერციულ სექს-სამუშოში ვიყო ჩართული და თან სოციალურ ქსელში კამპანიას ვაწყობდე? ძალიანაც შეიძლება. ამიტომ მის შემდეგ შეკითხვას რომელიღაც სავარაუდო საერთო ნაცნობზე მშვიდად ვუბალახებ და რისთვის ვარ მოსული, ვუხსნი. გვანცა არ მნებდება: „უი, ორსულად ხარ?“ არ ვარ ორსულად, გავსუქდი და მშობიარობამ მუცელი დამიტოვა. გვანცა სიბრალულით მათვალიერებს. მეც ვკბენ: „აბა ყველა შენსავით ტანწერწეტა ხომ ვერ იქნება“. ვიცინით. საქმეს რომ ვუბრუნდები, გვანცა მაჩერებს და მეუბნება, რომ ყველაფერი გაიგო, სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას კამპანიაში, ოღონდ ქართულად წერა არ იცის. რუსული ასოების გამოყვანას დიდხანს უნდება. მერე რაც დაწერა, იმის საილუსტრაციოდ ფეხს მაჩვენებს - პრიალა წინდაში დამალულ ჭრილობას და ნაკერებს. საქმეს მოვრჩი. თეა არ მიშვებს. ვჭორაობთ. დედას ვუვლი და ისე მიჭირს ხოლმე დატოვება საღამოობითო. მეც-მეთქი, შვილების. არც მე მყავს ვინმე დამტოვებელი. მე კიდევ 35 წლის ვარ და, წარმოიდგინე, არც ერთი შვილი არ მყავსო. ოჰ, მოგცლია ერთი, რა გადარდებს, შენ თუ გგონია, შვილებში რამე ყრია ზრუნვის და თავისტკივილის მეტი-მეთქი... განა თანაგანცდის როლში ვარ შესული; ამას უკვე გულწრფელად ვეუბნები. „გოგო, მკვდარი მყავს ორივე“, - ხელს მადებს და განდობილად მიღიმის. „არ იდარდო ახლა შენ“, - იმ ხელს მიჭერს, ენაჩავარდნილს რომ მხედავს. ხომ კიდევ მოხვალო. მეთქი, რანაირად შეგპირდე. მოდი რა, კიდევო, არ მეპუება. არ მცალია, ადამიანო, ბავშვები, სამსახური, ახლა მთლად საგიჟეთში მაქვს თავი გაყოფილი, მოგატყუო-მეთქი? კარგი რა, ასე ცოტა ხნით რომ გამოგვიარო, რა მოხდებაო, - არ მნებდება. ჯანდაბას შენი თავი, 10 დეკემბრის მერე მოვალ. გპირდები-მეთქი. შევპირდი. რომც ვერ მივიდე, დიდი ამბავი - მე ვიდარდო, თორემ თეას სხვა ბევრი მეგობარიც ჰყავს. გვანცასაც. ლელასაც. ნინოსაც.
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია