ელეონორა რუზველტი - განადგურებას გადარჩენილ წერილებში გამხელილი ლესბოსური ვნებები
22 01 2016

ანა ელეონორა რუზველტი 1884 წლის 11 დეკემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისს ელიოტ რუზველტი ერქვა (თეოდორ რუზველტის უმცროსი ძმა), დედას კი – ანა ჰოლ რუზველტი. 10 წლის ასაკში გოგონა დაობლდა და მას დედის მხრიდან ბებია ზრდიდა. ელეონორა განათლებას შეერთებული შტატების კერძო სკოლებსა და უცხოეთში იღებდა. 18 წლიდან ნიუ-იორკის ნაღებ საზოგადოებაში ტრიალებს. სამი წლის შემდეგ, 1905 წელს ცოლად მიყვება შორეულ ნათესავს ფრანკლინ დელანო რუზველტს. ახალდაქორწინებულები ქმრის ოჯახში სახლდებიან, რომელიც ნიუ-იორკის ჰაიდ პარკში მდებარეობს. სანამ რუზველტი სახელმწიფო საქმიანობით იყო დაკავებული ცოლი საკუთარ თავს მთლიანად ოჯახსა და ბავშვებს უძღვნიდა (მათ ექვსი შვილი ჰყავდათ). ხასიათით ელეონორა მორიდებული იყო და განმარტოება უყვარდა. თუმცა, როდესაც 1921 წელს მისი ქმარი პოლიომიელიტით დაავადდა, ელეონორა რუზველტი საზოგადოებრივ მოღვაწეობაში გადაერთო, რათა შეენარჩუნებინა ქმრის კავშირი პოლიტიკურ სამყაროსთან. 1928 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორად აირჩიეს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ მან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა.

პრეზიდენტ რუზველტის ცოლი არაერთგვაროვან ფიგურას წარმოადგენდა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალთა უფლებებისთვის მოძრაობაში, ცდილობდა, უპოვარი ადამიანებისთვის გაჭირვებული მდგომარეობა შეემსუბუქებინა. 1933 წელს, პირველად აშშ-ს ისტორიაში, პრეზიდენტის ცოლის სტატუსით, მან პრეს-კონფერენცია გამართა. 1936 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ელეონორა რუზველტის სტატია სათაურით “ჩემი დღე”, რომელშიც ქვეყნის პირველი ლედი სოციალურ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამავე წელს ის ჟურნალისტების ამერიკული გილდიის პროფკავშირის წევრი გახდა. პირველი ლედის ტრადიციული როლის ცვლილებებსა და ფ. დ. რუზველტის “ახალი კურსის” პოლიტიკას პრეზიდენტის მეტოქეების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

1941 წელს ელეონორა რუზველტი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და მეორე მსოფლიო ომის დროს ამ რანგში ეწვია ინგლისში ამერიკელი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილს, აგრეთვე ამერიკულ ბაზებს წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 1945 წელს, ფრანკლინ დელანო რუზველტის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ელეონორა რუზვლტი გაეროს გენერალურ ასამბლეაში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნა. 1945 წლიდან 1951 წლამდე ის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას ხელმძღვანელობდა. 50-იან წლებში განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და დემოკრატიული პარტიის ლიბერალური ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის თხოვნით ისევ გახდა აშშ-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაეროს მეთხუთმეტე გენერალურ ასამბლეაზე.

ელეონორა რუზველტი 1962 წლის 7 ნოემბერს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. პრეზიდენტის მეუღლე საკუთარი “მე”-ს საჯარო გამოვლენაში შეზღუდული იყო. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ სინამდვილეში როგორ ყალიბდებოდა მისი ბედი და რას ნიშნავდა ქვეყნის პირველი ქალბატონისთვის პირადი ცხოვრება. თუმცა, უკანასკნელ წლებში ცნობილი გახდა, რომ ბევრ რამეში ელეონორა რუზველტს ქმრისგან დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდა და მან ამის შესახებ იცოდა. აი რას წერს ელეონორას ბიოგრაფი ბლანშ უაიზენ კუკი: “მრავალი წლის განმავლობაში ელეონორა რუზველტი გრინვიჩ ვილიჯსა და ვალ-კილში საკუთარი, ქმრისა და ბავშვებისგან დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან საკუთარი სახლი და ახალი, ძველს რომ არ ჰგავდა, ისეთი ოჯახი შექმნა და ამ ოჯახის წევრებიც თვითონვე აირჩია”. მეორე მსოფლიო ომის დროს მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ორ ლესბოსურ წყვილთან. ესენი იყვნენ ესტერ ლეიპი (რომლის სახლსაც ელეონორა გრინვიჩ ვილიჯში ქირაობდა) და ელიზაბეტ რიდი; ნენსი კუკი და მარიონ დიკერმანი.

ბოლო წლებში ელეონორა ძალიან მიეჯაჭვა თავის პირად მცველს ერლ მილერს და ჟურნალისტს სახელად ლორენა ჰიკოკს, რომელიც ლესბოსელი იყო. შემორჩა ელეონორას “ჰიკისთვის” მიწერილი სასიყვარული წერილები, თუმცაღა თავდაპირველად ამ მიმოწერას საგულდაგულოდ ინახავდნენ ისინი, ვინც თვლიდა, რომ მიმოწერა შეიძლებოდა “არასწორად წაეკითხათ”. ახლო მეგობრებისთვის მიწერილი სხვა წერილების უმრავლესობა განადგურებულ იქნა.

კუკი თვლის: “როგორ შევაფასოთ ე. რუზველტის პირადი ცხოვრება? დავიწყოთ იმით, რომ დოკუმენტების ასეთი რაოდენობით განადგურება არა უბრალო შემთხვევითობა, არამედ კარგად გათვლილი გადაწყვეტილება უნდა იყოს ელეონორასა და მის უახლოეს მეგობრებს შორის ვნებიან ურთიერთობებზე თვალის დახუჭვის მიზნით. დღეს აშკარა გახდა, რომ ელეონორამ ვნებიანი სიყვარულითა და განცდებით დატვირთული ცხოვრება განვლო. 1920 წლის შემდეგ მისი მეგობრების უმეტესობა ლესბოსელი იყო. ის აფასებდა მათთან ურთიერთობას და პატივს სცემდა მათ პირად ცხოვრებას. ელეონორა უფრთხილდებოდა მათ საიდუმლოებებს და საკუთარსაც საიდუმლოდ ტოვებდა. თაობების მანძილზე ასეთი ქალები აცნობიერებდნენ, რომ აუცილებელია საკუთარი გრძნობების დამალვა და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ხვედრი ლანძღვა-გინება და გაკიცხვაა”…

ელეონორა რუზველტი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო. საერთაშორისო მოღვაწეობის გამო მას “მსოფლიოს პირველ ლედის” უწოდებდნენ. დათრგუნული რასებისა და ეროვნებების თანამგრძნობი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აშშ-ის პირველი ქალბატონი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალის სიმბოლოს წარმოადგენდა. მსოფლიოს ყველა ქალს მემკვიდრეობად მან ცხოვრების აქტიურ პოზიციაზე ყოფნის იმედი დაუტოვა.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of the most influential woman of the time, Eleanor Roosevelt, short review of her political activities and private relationships.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა