ფოტო: ილუსტრაცია: Stavrogyna
სენსაცია: ქართველი მამაკაცი არაქალიშვილის ცოლად მოყვანისთვის მედალს არ ელოდება!
18 07 2018

თბილისი, საქართველო - საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულეათაგან ერთ-ერთი, ქართველებისთვის, განსაკუთრებით ქართველი კაცებისთვის, ქართველობის წართმევის მრავალპუნქტიანი დეტალური გეგმა კიდევ ერთ საყურადღებო ნიშნულს აღწევს. როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში გამოჩნდა ქართველი მამაკაცი, რომელიც არაქალიშვილი ქალის ცოლად მოყვანისთვის არც მედალს ელოდება და არც რამე სხვა სახის შექებას.

როგორც ცნობილია, ამის შესახებ მამაკაცმა განცხადება ივლისის დასაწყისში, მეგობრებთან არაფორმალური საუბრის დროს გააკეთა. "არაქალიშვილი ქალის ცოლად მოყვანისთვის მედალს ნამდვილად არ ველოდები," - თქვა მან, ცნობების თანახმად. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, თუ რა უძღვოდა წინ ამ საუბარს, და არც ის - თუ რა მოჰყვა შემდეგ. საქმეს ერთვის ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომლის თანახმადაც განცხადების გაკეთების დროს მამაკაცი, სავარაუდოდ, სრულიად ფხიზელი იყო.

ქართველი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, პირობითად გიორგი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობს და ერთი შეხედვით მისი თანამოქალაქეებისაგან არაფრით გამოირჩევა. გიორგი ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და უპირატესობას მუქი ფერის, სადა ტანსაცმელს ანიჭებს. ჰყავს (მოყვანის დროს არაქალიშილი) ცოლი და ორი შვილი, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე საბავშვო ბაღში, ჩვეულებრივ ქართველ ბავშვებთან ერთად დადიან. სავარაუდოდ, გიორგი ერთ-ერთ ფინანსურ დაწესებულებაში მუშაობს. მისი (მოყვანის დროსაც) არაქალიშვილი ცოლის შემთხვევაში, საუბრობენ უცხოური განათლების ვერსიებზე, თუმცა ცნობები ამის შესახებ, ისევე როგორც გიორგის ცოლთან ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობაში მყოფ პირთა ზუსტი რაოდენობა და ეროვნება, ამ ეტაპისთვის არ დასტურდება.

არატრადიციული ოჯახი ამჟამინდელ მისამართზე, ჩვეულებრივ თბილისურ სადარბაზოში, საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ, სავარაუდოდ იმ ქორწილის შემდეგ გადმოვიდა, რომლის დროსაც პატარძალს, ალბათ, თეთრი კაბა ეცვა და ქალიშვილი არ იმყოფებოდა. მეზობლებს უჭირთ დაჯერება, რომ ასეთი ხალხი მათ გვერდით, ვითომც არაფერი, ისე ბინადრობს. ისინი გიორგის ახასიათებენ როგორც ზრდილობიან, თუმცა ცოტა მორიდებულ მეზობელს, რომელსაც გამარჯობა არ ეშლება, მაგრამ ამავდროულად მათთან ერთგვარ დისტანციას ინარჩუნებს. დანამდვილებით ვერა, თუმცა იხსენებენ, რომ გიორგი ეზოში გამართულ "მწვადაობაზეც" არ გამოჩენილა.

"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, ნამდვილად ძალიან გაგვიკვირდა. ერთი შეხედვით კარგი ბიჭია, ნორმალური ბიჭია, ხან პარკებს აგატანინებს, ხან კარს გაგიღებს, ხანდახან შეიგინება კიდევაც. მე პირადად არაფერი მიეჭვია. ვეღარაფერს ვეღარ იტყვი დანამდვილებით ადამიანზე, შვილო. ჩვენ დროს სხვანაირად იყო, ან თუ მასე იყო ხო, ეტყობოდა კიდევაც კაცს, ყველას ჯვარი გვწერია," - აცხადებს გიორგის მეზობელი, ქალბატონი ციცო.

თავად გიორგი შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან, როგორც უკვე ითქვა, იგი არაქალიშვილი ქალის ცოლად მოყვანისთვის მედალს, თასს ან გმირის სტატუსს არ ელოდება. გიორგი არც იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მან ასეთი გაბედული განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.

სამაგიეროდ, მომხდარზე კომენტარს ქართველობისა და მასთან არსებული ტრადიციული სექსუალობის მკვლევარი, სუმბულ მოისწრაფიშვილი აკეთებს. იგი აცხადებს, რომ ქართველებს არაქალიშვილების (ისტორიულად ბოზების) ცოლად მოყვანა წინაპართაგან მოგვდგამს, ამ ნაწილში გასაკვირი არაფერია და, რა რა და, ეს ევროპელებისაგან ნამდვილად არ გვესწავლება. თუმცა ის ნაწილი, რომლის თანახმადაც გიორგი ამ თამამი ნაბიჯისთვის სანაცვლოდ არაფერს ელოდება, გარდა საყვარელ ადამიანთან მშვიდად თანაცხოვრების შესაძლებლობისა, ნამდვილად არ არის ქართული ტემპერამენტისათვის დამახასიათებელი და ეს ვიზალიბერალიზაციის პირდაპირ შედეგადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ.

სუმბული ამ საგანგაშო ტენდენციის სხვა, უფრო მძიმე გამოვლინებებზეც საუბრობს, როგორებიცაა ცოლის ყოფილი პარტნიორისთვის ხელის ჩამორთმევა, მისი ადამიანად ჩაგდება და ქალის, მათ შორის საკუთარი დედის, ადამიანთან გათანაბრებაც კი, მისი, როგორც სექსუალური არსების აღიარების საფუძველზე. სუმბულის აზრით, ეს სერიოზული საფრთხეებია, რომელსაც აუცილებლად განიხილავენ ქართული მასკულინობის დაცვის საგანგებო სხდომაზე, საპატრიარქოში.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან