"ასეთი იყო ჩემი შვილი, საბი ბერიანი"
10 11 2015
ავტორი: თამარ ძამუკაშვილი, მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, დედასაბი (ბექა) ბერიანი დაბადა 1991 წლის 8 თებერვალს ქალაქ თბილისში. როდესაც საბი გახდა 3 თვის, მამამ შვილზე უარი თქვა და მიატოვა. საბი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბაბუის და ბებიის საცხოვრებელ ბინაში წავიყვანე. 1996 წელს იგი მივიდა ველისციხის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. საბი სკოლაში კარგად სწავლობდა, იყო სანიმუშო მოსწავლე; აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი და, როგორც თვითნასწავლი, წერდა ხატებს და ხატავდა მოდელებს. მისი ოცნება იყო, გამხდარიყო დიზაინერი. საბიმ მონაწილეობა მიიღო ხატების გამოფენაში; მისი ერთ-ერთი ნახატი მოთავსებულია კულტურის სამინისტროში; ნახატს ჰქვია „წამებული იესო“. როდესაც საბი მეცხრე კლასში გადავიდა, რაღაცნაირად დასევდიანდა. წინანდებურად აღარ იცინოდა, აღარ იყო ხალისიანი და აღარც ხუმრობდა. არადა, მანამდე კომიკურობითა და თეატრალურობით გამოირჩეოდა. საბი მეც, საკუთარ დედასაც კი, გამემიჯნა და ჩაიკეტა საკუთარ თავში. როდესაც სკოლა დაამთავრა, თბილისში წავიდა და გასაუბრებით ჩააბარა კუმპიუტერულ და უცხო ენათა შემსწავლელ კურსებზე. მთელი მონდომებით სწავლობდა და მეცადინეობდა. ასევე პარალელურად იპოვა სამსახური და დაიწყო მუშაობა კაფე „ნიკალაში“ მიმტანად. ამ დროს მის სხეულში მიმდინარეობდა ბრძოლა გენდერული იდენტობის ფონზე. და აი, ერთ დღეს, ჟურნალ „თბილისელებში“ დაიბეჭდა მისი ტრანსგენდერული იდენტობის შესახებ. საბიმ გადაწყვიტა, უკვე სააშკარაოზე გამოეყვანა საკუთარი თავი. ამის გამო მას მოუხდა სამსახურის დატოვება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს იყო რაღაც შოკისმომგვრელი, მაგრამ შვილისთვის ხელი არ მიკრავს. პირიქით, მეშინოდა, საბის არაფერი აეტეხა საკუთარი თავისთვის და სულ უკან დავსდევდი, ვაკონტროლები. ასევე საბი გამოვიდა თოქ-შოუ „პროფილში,“ სადაც საქვეყნოდ აღიარა თავისი გენდერული იდენტობის შესახებ. მას ჰქონდა ძალიან დიდი მიზნები: უნდოდა, გაეკეთებინა სქესის შეცვლის ოპერაცია და წასულიყო საცხოვრებლად საზღვარგარეთ, რაც არ დასცალდა. საბის ძალიან უყვარდა ხუმრობა, სიცოცხლითა და ხალისით სავსე იყო. მოგიყვებით მის ნამოქმედარ რამდენიმე სახუმარო ისტორიას. მახსოვს, ძალიან კარგად ბაძავდა „კომედი შოუს“ გმირებს; მეზობლად ცხოვრობდა ქალი, ასე ბებიამისის ხნისა. ერთხელ დაიფარა პარიკი გრძელი თმით, გაიკეთა მუქი სათვალე და მივიდა ამ ქალთან უცხო ხმით დასაძახებლად. ქალმა, რა თქმა უნდა, ვერ იცნო, საბიმ კი თავი წარუდგინა, როგორც ჩვენი სტუმარი. დაიწყეს საუბარი და ცოტა მოგვიანებით მივედი მეც. მერე რომ გაიგო ამ ქალმა სინამდვილე კარგად ვიცინეთ და ვიხალისეთ. მახსოვს ასევე, რომ თონეში პურის გამოცხობის შემდეგ ჩუმად ჩაყარა ამპულები. ამ დროს თონის გარშემო ჩვენთან მეზობლებიც იყვნენ შემოკრებილნი გასათბობად და სალაპარაკოდ. ეს ამპულები, რა თქმა უნდა, დასკდა და თონიდან ამოვარდა საშინელი აფეთქების ხმა. შეშინებული ხალხი, სანამ სინამდვილეს გაიგებდნენ საბისგან, ვინ საით გარბოდა, უნდა გენახათ. ბავშვობაში ჰყავდა სათამაშო თაგვი, რომელიც იქოქებოდა და დარბოდა. საბის მეგობარ თანატოლ გოგონასაც ძალიან ეშინოდა თაგვის კი არა, წიწილისაც კი. ერთხელ მივედით სტუმრად ამ ოჯახში. საბიმ ჩუმად აამუშავა ეს თაგვი და გაუშვა მათთან ოთახში. არა მარტო ეს გოგო, არამედ ოჯახის ყველა წევრი ვინ საით შეხტა, უნდა გენახათ. ბოლოს, სიმართლის გარკვევის შემდეგ, ძალიან ვიცინეთ და ვიხალისეთ. აი, ასეთი იყო ჩემი შვილი, საბი ბერიანი.
ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება