ფემინისტური რეცენზია
გასული წლის დეკემბერში, თბილისის კინოფესტივალის შემდეგ, ჩემ ირგვლივ ყველა ანა ურუშაძის "საშიში დედა"-ს შესახებ ალაპარაკდა. ზოგი ამბობდა, რომ ფილმი თითიდან ძალით გამოწოვილ პრობლემებს ეხება, ზოგს მსახიობების შესრულება არ მოეწონა - ხელოვნური და თეატრალური ეჩვენა. წავიკითხე ქართველი ჩინიანი კრიტიკოსების რეცენზიებიც, რომლებიც ასევე არ წყალობენ ფილმს. მაგალითად, ალექსანდრე გაბელია წერს, რომ ამ ფილმში ახალი არაფერია, "რადგან [ის] ვერ ქმნის მეტა-ტექსტუალურ დისკურსს, სადაც დისტოპიურმა ენამ ერთი მხრივ ინდივიდისა და სისტემის შეტაკების მიზეზშედეგობრიობა უნდა ასახოს".1 უფრო მწვავე კრიტიკის (უფრო სწორედ ცინიზმის) ქარცეცხლში გაატარა ის თეო ხატიაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ "საშიში დედა" მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა გადაიღოს ფილმი ახალგაზრდა რეჟისორმა.
უფრო დიდი ნაწილი (ჩინიანი და უჩინო) კი ამბობდა, რომ დიდებული ფილმია და ვერ წარმოედგინათ ასეთმა ახალგაზრდა რეჟისორმა, ანა ურუშაძემ, ასეთი შედევრი როგორ გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა ლოკარნოს, სარაევოს, სულ ახლახან პეკინის, და კიდევ უამრავ კინოფესტივალზე გაიმარჯვა და განაგრძობს მოგზაურობას, მის შესახებ ვერც მოკვდავთა ენაზე დაწერილ რეცენზია ვოპივე, და სანამ თვითონ არ ვნახავდი, სიმართლე რომ ვთქვა, წინასწარგანწყობაც არ მქონია. ბოლოს, როგორც იქნა, დედაჩემს და მამიდაჩემს ხელი ჩავკიდე და ნანატრი ფილმის სანახავად წავედით.
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ კინოკრიტიკოსი არ ვარ და არც იმდენად კარგად ვერკვევი კინემატოგრაფიაში, რომ ფილმის ტექნიკურ მხარეებზე, შესრულებაზე ან მის "მეტა-ტექსტუალურ ენაზე" ვიკამათო. ჩემი მიზანია ფილმში წარმოდგენილი ურთიერთობები და ქალობის რეპრეზენტაცია ფემინისტურად გავაანალიზო და ქალად მონიშნული სხეულების გამოცდილებას დავაკავშირო.
მოკლედ რომ გითხრათ, რას ეხება ფილმი, მთქნარებას დაიწყებთ. მანანა - მთავარი პერსონაჟი - შუა ხნის დიასახლისია, რომელიც თავის ქმართან, სამ შვილთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს საბჭოთა ტიპის ბინაში. მანანას მთავარი მისწრაფება წერაა. ის შეპყრობილივით წერს რომანს, რომელიც, როგორც შემდგომ ირკვევა, იმდენად ეროტიკული და "შეურაცხმყოფელია" მისი ოჯახისთვის, რომ ქმარი აივანზე დაწვას აიძულებს. მანანას ნამუშევარი მხოლოდ ნუკრის (მის მეგობარს) და მამამისს მიაჩნია შედევრად, და ავტორიც, წერის დაუცხრომელი სურვილით მოტივირებული, ოჯახს ტოვებს, ნუკრის ხელშეწყობით საკანცელარიო მაღაზიის პატარა ოთახში სახლდება და რომანის დასრულებას ცდილობს.
თუ ვიფიქრებთ კითხვაზე, "რა უნდა მანანას?", პასუხი საკმაოდ მოსაწყენია. მას უნდა წეროს, ის შეპყრობილია ამ ვნებით. მას უნდა წარმოიდგინოს სხვა ცხოვრება, გარდა თავისი ყოველდღიური ერთფეროვნებისა. ის ამას ბედავს ეროტიკული, გამბედავი, "არატრადიციული" ქალის სახეხატის შექმნით. ის სტერეოტიპული მწერალი ქალია, რომელსაც გარეგნობა არ ადარდებს, ექსცენტრიული და დეპრესიულია. ის თავისი თანამედროვე საზოგადოების და ეპოქისთვის შეუსაბამო შედევრს (არის რო შედევრი? ამას ვერ ვიგებთ) წერს, რომელსაც (ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ) სხვა გონებაგახსნილი, ჭეშმარიტი ინტელექტუალები დააფასებენ. თუ ამბავს ასე შევხედავთ, მანანაც, მამაც და ნუკრიც ძალიან მოსაწყენები არიან. რამდენჯერ გვინახავს ასეთი პერსონაჟები ქართულ თუ არაქართულ კინოში, ლიტერატურასა და ყოველდღიურობაში. დღეს ჩვენ მეტი გვინდა, ვიდრე უბრალოდ სიურეალისტური, ცოტა საშიში ცივი კადრები, კლიშე სახეხატები და სცენარები არაღიარებულ მწერლებზე.
ფემინისტური გადმოსახედიდანაც, ყველაზე მარტივი ტესტი, რომელიც ალისონ ბექდელმა შეიმუშავა, ფილმს სამ კითხვას უსვამს: 1. არის თუ არა მასში სულ მცირე ორი ქალი პერსონაჟი? (ამ ფილმში არის); 2. საუბრობენ თუ არა ისინი ერთმანეთთან? (დიახ, მხოლოდ ერთგან და ისიც მეზობელი კაცის სექსუალურ ცხოვრებაზე); 3. საუბრობენ თუ არა ისინი ერთმანეთთან რაიმეზე კაცების გარდა? (არა). გარდა ერთ სცენაში მანანას და მისი ქალიშვილის ჩახუტების სცენისა, ქალებს შორის კომუნიკაცია არ არის.
თავისუფლად შეიძლება ფილმის დიალოგები აღვწეროთ როგორც "მანანა და კაცები". ქალების ხმა და პოზიციის ხაზგასმა, როგორც "ქალურის", ფილმს ნამდვილად აკლია. მიუხედავად იმისა, რომ მანანას მეგობარი ნუკრი ერთგვარად ფემინიზებულია მისი უანგარო თავგანწირვით და შეიძლება ითქვას მანანას მხრიდან მასზე ერთგვარი სექსუალური ძალადობით (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს ის კაცია, რომელიც ორგაზმის დროს ტირის), ქალების ნაკლებობას ფილმი ნამდვილად განიცდის.
მიუხედავად ზემოხსენებული კრიტიკისა, ჩემთვის "საშიში დედა" მაინც ფემინისტური ფილმია. რატომ? როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენ არ უნდა შევხედოთ მანანას მხოლოდ მისი აშკარად გამოხატული სურვილების მიხედვით (მას წერა უნდა, გავიგეთ. ირგვლივ ხელს უშლიან, მერე?). მოდი, კითხვა დავსვათ ასე - რა არ უნდა მანანას? მას არ უნდა დედობა და სწორედ დედობის სურვილის არქონა ხდის მას საშიშ დედად. ის თითქმის კომპულსურად დადის ყოველდღე საყიდლებზე და ასრულებს "დიასახლისის" მოვალეობებს, თუმცა ემოციურად სრულიად გათიშულია მისი ქმრის და შვილებისგან.
ამ დასკვნამდე თვითონ არ მივსულვარ, ფილმის შესახებ დედაჩემის ინტერპრეტაციებმა დამაფიქრა ამგვარ მიდგომაზე. დედაჩემი თავად არის დიასახლისი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჩემი, ჩემი ძმის და მამაჩემის მსახურებაში გაატარა. თვითონაც წერდა, თუმცა მანანასგან განსხვავებით მისი ლექსები მე და მხოლოდ მის 1-2 მეგობარს თუ წაგვიკითხავს. დედაჩემი ფილმმა წერის განუხორციელებელ სურვილზე კი არ დააფიქრა, იმაზე დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლება დედობა და დიასახლისის ყოველდღიური ყოფა ქალის იმ ციხედ იქცეს, რომელშიც თითქოს თავისი ნებით ცხოვრობს, მაგრამ ცალი თვალი გაქცევაზე მაინც უჭირავს. შემდეგ თავის მართლებასავით დააყოლა, რომ ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია და თვითონ ამაზე არ უფიქრია. ანუ, არ უფიქრია ერთ დღეს უბრალოდ მივეყარეთ მე და ჩემი ძმა და გაქცეულიყო? გაქცეულიყო არა მაინცდამაინც საზოგადოებისთვის მიუღებელი რომანების საწერად, ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, სამოგზაუროდ, სხვა კაცთან და ა.შ. არამედ იმისთვის, რომ დედობა არ უნდოდა. ამაზე პასუხს ვერასდროს გავიგებ. მეც, მანანას შვილების მსგავსად, შეიძლება არ მინდოდეს ამის ცოდნა. ერთი ზუსტად ვიცი, რომ გაქცევის სურვილის ყველანაირი გაკიცხვის გარეშე მესმის.
ფიქრების ამ ჯაჭვს თუ გავყვებით, ჩნდება კითხვა, როგორ და რატომ რჩებიან ქალები მორჩილ ქალებად, დედებად, დიასახლისებად, მაშინაც როცა ეს არ უნდათ, არ შეუძლიათ, ან მათ პირდაპირ თუ არაპირდაპირ განადგურებას იწვევს? ხილვადი ფიზიკური ძალადობის და დაშინების შემთხვევაში პასუხი ადვილი გასაცემია, მაგრამ ფილმში ქალების მორჩილ სხეულებად ჩამოყალიბების სხვა გზაცაა აღწერილი.
მანანას ქმარი, ერთი შეხედვით, მზად არის დათმობაზე წავიდეს, ფეხსაც ბანს, ბინის ქირაობაზეც თანახმაა თუ მანანას სივრცე სჭირდება, თვითონ ტახტზეც დაიძინებს, ოღონდ ცოლმა "საშიში" რომანი დაწვას და რამე სხვაზე წეროს (არ მიკვირს თითიდან გამოწოვილ პრობლემად რატომ მიიჩნია ბევრმა). თუმცა, ქმრის მეორე სახეც იკვეთება. ის მუდმივად მიუთითებს ცოლს როგორ გამოიყურებოდეს, როგორ მოიქცეს, როგორ ითამაშოს ჭეშმარიტი ქალი. ქმრის საქციელის და ზოგადად პიროვნების ინტერპრეტაცია ფილმში ორჯერ ხდება ნუკრის (მანანას მეგობარი) და მანანას მამის მიერ. მას ახასიათებენ, როგორც ,,დაბალი ინტელექტის მქონეს", რომელსაც "არ ესმის" მანანასი. თუმცა, თუ ქმარს კრებით სახელად ავიღებთ და ქალების წრთობის პატრიარქატულ სისტემასთან გავაიგივებთ, უფრო სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ მას ძალიან კარგადაც ესმის, თუ რა საფრთხეების შემცველია მანანას ამბოხი მისთვის. მას კარგად ესმის, რომ დაშვება სხვა ცხოვრების, სხვა მე-სი, გარდა დედისა და ისეთი ქალისა, რომელიც ქალურობის ნორმას უპირობოდ ემორჩილება, და რომლის კონტროლისთვისაც ძალის გამოყენება არ სჭირდება, მის ძალაუფლებას წყალს შეუყენებს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ფიზიკურ და ვერბალურ ღია აგრესიას მანანას მიმართ ის სრული სასოწარკვეთის დროს მიმართავს, როცა გრძნობს რომ კონტროლი დაკარგა. ეს სცენა ზოგადად ქალებზე ძალადობის დინამიკის კარგი ილუსტრაციაა - ერთი შეხედვით უწყინარი დისციპლინირების მეთოდებიდან ღია აგრესიამდე.
ყოველდღიურობაში, ქალების კონტროლი და მათი სხეულების გამოწრთობა, ქალურობის გავრცელებული მოდელის შესაბამისად, სწორედ რომ შეფარვით, პატარა წახალისებებით, მიმიკებით, წარბის აწევით, მხრების აჩეჩვით, განმგმირავი მზერით, მათი გიჟებად შერაცხვით, ინფანტილიზებით და ა.შ. ხორციელდება. სწორედ აქ არის ამ ფილმის მთელი ფემინისტური ღირებულება. ის, ერთი მხრივ გვაჩვენებს დისციპლინირების იმ ძნელად მოსახელთებელ ტაქტიკებს, რომელსაც პატრიარქალური საზოგადოება იყენებს ქალების "მორჩილ" სხეულებად ჩამოსაყალიბებლად და მეორე მხრივ (მართალია, ნაკლებ გასაგებად), სახავს მასთან დაპირისპირების ერთ-ერთ გზას - დედობაზე უარის თქმას. კინოში ეს ყველაფერი ოჯახის ინსტიტუტის კრიტიკის კონტექსტში ხდება, სადაც ყოველი შემდგომი თაობა განწირულია "ურჩხულად" ქცევისთვის, რაც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი ხაზია, თუმცა ვისურვებდი ამ ყველაფრის გენდერული განზომილება უფრო მეტად იყოს გამოკვეთილი და ის ფაქტი, თუ რატომ ქმნის ოჯახი მანანას "ურჩხულად" და რითი განსხვავდება ის სხვა ურჩხულებისგან (მაგ. ქმრისგან ან მამისგან), უფრო კარგად იყოს გამოკვეთილი.
საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ მართალია ამ ტექსტში მხოლოდ ფილმის ჩემთვის მოსაწონ მხარეებზე ვსაუბრობ, უპირობო შედევრად ნამდვილად არ მივიჩნევ. უბრალოდ, ქალის ფილმზე ქალის შესახებ, კაცური ტონით დაწერილ რეცენზიებს შორის, მინდა ფემინისტური (დიახაც, ძალიან მიკერძოებული) ინტერპრეტაციაც არსებობდეს.
1 კიმონო, 10 აპრილი, 2018, ოჯახის ინსტიტუტი ქართულ კინოში http://kimono.adjara.com/family/