ფოტო: ნინო ბაიდაური / პროექტი: "ქალები საქართველოდან"
მე ფატიმა ვარ
28 09 2018

ძალიან პატარა იყო, ჯერ სკოლაშიც არ დადიოდა, როცა პირველად თავისი სახელი გააპროტესტა, აღიზიანებდა, სძულდა მისი ჟღერადობა, ასოების თანმიმდევრობა. დაზუსტებით მაშინ ვერ აცნობიერებდა, მაგრამ იმდენს უკვე ხვდებოდა, რომ დაბადების მოწმობაში არსებული მოცემულობა არ შეესაბამებოდა იმას, რასაც თვითონ გრძნობდა. ბავშვური თამაშების დროსაც თავს ყოველთვის მულტფილმის ქალ გმირებთან აიგივებდა, ხან არიელი იყო, ხან მოანა. მაშინ ჯერ კონკრეტული სახელი არ ჰქონდა შერჩეული, მაგრამ ფატიმა რომანოვა მასში ადრეული ბავშვობიდან ცხოვრობდა.

სახლში გარკვეულ ჩარჩოებში იყო მოქცეულo, ქოთნის ყვავილივით ზრდიდნენ, უვლიდნენ, უყვარდათ. უყვარდათ, როგორც პატარა ბიჭი, სახელად ტოშკა. უყვარდათ ტრადიციული სიყვარულით, ისე, როგორც იცოდნენ, როგორც ასწავლეს, უყვარდათ გულწრფელად. თუ იტირებდა, ეტყოდნენ, ტირილი გოგოს საქმეაო. პირველ ხანებში მშობლები არ აპროტესტებდნენ მის ფემინურ ქცევებს და ქალურ როლურ თამაშებს. ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ ბავშვური გართობა იყო.

ასაკის მატებასთან ერთად მატულობდა სურვილი თავი დაეღწია ამ მასკულინური ტყავისგან. მთელი მისი ცხოვრება ფატიმა რომანოვას გზაა, რომელსაც წვალებით გადის. თინეიჯერობისას თმა შეიღება, ღიად და დაუფარავად პოზიციონირებდა, როგორც ქალი. გარდატეხის ასაკში მისი სხეული კიდევ უფრო დაემსგავსა ქალის სხეულს - თეძოები მოუმრგვალდა, მკერდი გაეზარდა... ეს მშობლებმაც შეამჩნიეს და ენდოკრინოლოგთან წაიყვანეს. ქრომოსომების კვლევა მაშინ საქართველოში წარმოუდგენელი ამბავი იყო.

ანალიზი სამ ჰორმონზე გაუკეთეს და მშობლებს ამცნეს, რომ ესტროგენი ჰქონდა მომატებული. ჰორმონები დაუნიშნეს და მშობლები დაამშვიდეს. უთხრეს, რომ ჰორმონოთერაპიით მისი გამოსწორება შესაძლებელი იყო. მკურნალობის დროს ხშირად ცუდად ხდებოდა, რამდენჯერმე შეწყიტა კიდეც წამლების სმა. ექიმებმა მოითათბირეს და მკურნალობის ახალი კურსი დაუნიშნეს, სადაც, სამწუხაროდ, ესტროგენი არ შედიოდა. იძულებული გახდა განეახლებინა ჰორმონების სმა. ზუსტად მაშინ დათმო ქალად ყოფნის პრივილეგია, როცა ექიმების დადგენილ მკურნალობას დაემორჩილა. ყველანაირი თერაპია ხომ მასკულინობას აწვება და შენც იძულებული ხდები დაემორჩილო. გარემო გაიძულებს, მშობლების თავზარდაცემული სახეები გაიძულებენ.

მალე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, წონაში ძალიან დაიკლო. ანდროგენულად გამოვიყურებოდიო, როგორც თვითონ ამბობს. სწორედ მაშინ დაიწყო ვიზუალური ტრანზიცია. თმები გაიზარდა, კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა და სახლიდან წავიდა. პერიოდულად მშობლებს ნახულობდა, მათთვის საგანგებოდ კაცის ფორმაში გამოწყობილი. 2013 წელს, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოუსწორდა, როცა ფატიმა რომანოვა მომძლავრდა მასში, როცა ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ ქალია, შვიდმა უცნობმა ადამიანმა სასტიკად სცემა, უკვირს საერთოდ ცოცხალი როგორ გადარჩა მაშინ.

ამ ამბის მერე მოუწია საჯაროდ ფემინურ ქცევაზე უარის თქმა. ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან მძიმედ გადაიტანა. იძულებული გახდა შეესაბამებოდეს იმ საპასპორტო მონაცემებს, რაც აქვს. და დღემდე ყოველდღიურად თმობს თავის ფემინურობას. საკუთარი თავის გადასარჩენად უწევს ამ სიმბიოზში ცხოვრება. ამის გამო ხშირად თემის წევრების დაცინვის ობიექტი ხდება, თუმცა აქტივიზმზე უარი არასდროს უთქვამს. იყო ტრანს აქტივისტი ნიშნავს იყო ძალიან გამძლე, ძლიერი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე სიკვდილს ელოდება. გვყავს კიდევაც "ცოცხალი-მკვდარი" მაგალითებიო ამბობს. ყველა ის ტრანსგენდერი, რომელიც გარდაიცვალა ხმამაღლა საუბრობდა ტრანს პრობლემებზე, მათი მეშვეობით ხდებოდა ტრანს თემი უფრო ხილვადი და ძლიერი, იგივეს აკეთებს ფატიმაც და ხვალ გადარჩება თუ არა არ იცის.

ვინ დამიცავსო, მეკითხება - ანტი-დისკრიმინაციული კანონი, რომელიც არ მოქმედებს? პოლიცია, რომელიც ჰომოფობებითაა სავსე? სახალხო დამცველი, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა? ამას წინათ სახალხო დამცველის აპარატიდან წერილი მოუვიდა, სადაც ატყობინებენ, რომ ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებული საქმე, სადაც ფატიმას და მის მეგობრებს უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ, დახურულია არასაკმარისი სამხილების გამო, თუმცა როგორც თვითონ ამბობს ახლომდებარე მაღაზიის კამერამ ყველაფერი აღბეჭდა.

საქმე დაიხურა და ინციდენტი განიხილება, როგორც ერთ-ერთი რიგითი "ქეისი", რომელზე დაყრდნობითაც გაიცემა რეკომენდაციები, როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი, როგორ არ უნდა ძალადობდეს მისგან განსხვავებულ მოქალაქეზე. მერე? ფატიმას ამით რა? დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეს არ ეხება, ასეთი ამბები ჩვენ ქვეყანაში ლამის ყოველდღიურად ხდება, დამნაშავეები კი არასდროს იღებენ ადეკვატურ სასჯელს.

დღეს ფატიმასთვის ქალის ფორმაში სიარული ფუფუნებაა. ე.წ. კაცის როლი მისთვის იძულებითი კომფორტია. ისწავლა კომფორტის სიმბიოზი. ყველაზე მეტად აწუხებს ის, რომ ფატიმა რომანოვად იცნობენ, რომელიც "კონჩიტაა", რომელსაც აქვს წვერი, რომელსაც შეუძლია მოირგოს როგორც ქალის, ისე კაცის ტანსაცმელი. თეატრალურ დადგმაში, სადაც ტრანსგენდერი ქალის ანა თბილელის მონოლოგი წაიკითხა, წვერით და მაკიაჟით იყო წარმოდგენილი, რითიც პირდაპირ ამბობს, მე ვარ ის, რაც ვარ. და რა მძიმეა ასე ქუჩაში სიარული, როცა ადამიანები გცნობენ, გაბულინგებენ, გემუქრებიან. მეზობლები დამცინავად გიყურებენ, გეძახიან პიდარასტს, უზნეოს, უსქესოს.

მეზობლებმა მშობლების ყოფა თავის დროზე გაუსაძლისი გახადეს. ლამის სახლის კარს უმტვრევდნენ მათთვის რომ მოეხსენებინათ თქვენი შვილი ტრანსგენდერების დამცველთა აქციაზე ვნახეთო. დედამ თუ ყველაფერი იცის, მამის შემთხვევაში ასე არაა. არც აპირებს რომ მოუყვეს, ან რამე აუხსნას. ამიტომ იძულებული ხდება ახლობელ ადამიანებზეც იზრუნოს, მარტო საკუთარ თავზე და უსაფრთხოებაზე არა. იძულებული ხდება გადააბიჯოს თავის სურვილებს. ყოველდღიურობა ტანჯვაა. ხანდახან სახლიდან გამოსვლაც არ უნდა. ყოველდღიურობა არ უნდა. იძულებულია საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ მოიქცეს. იძულებაც უკვე ნორმად იქცა მისთვის.

ამ ეტაპზე ტრანსგენდერი ქალი არის მხოლოდ მის გულში და ტვინში, და კიდევ იმ ბრძოლაში სისტემის წინააღმდეგ რომ იმართება, იდეისთვის ბრძოლაში. გამოდის, რომ ფატიმა თმობს მასკულინურობასაც და ფემინურობასაც. არაკაცი ვარო, ასე მითხრა. ყველასათვის შეურაცხმყოფელი ეს სიტყვა ჩემთვის კომპლიმენტიაო. და ასეცაა - ფატიმა არ არის კაცი. ქალურ ფუნქციებს ასრულებს. კი, აქვს პენისი, კი, წვერსაც ატარებს, ბევრი რამ მასკულინური შეგიძლიათ დაინახოთ მასში, მაგრამ ის ფატიმა რომანოვაა. შეიძლება სტერეოტიპულად მოაზროვნე ბევრმა ქალმა თქვას, რომ ფატიმა სამარცხვინოა, მახინჯი და უზნეო, მაგრამ ქალი მასში ყოველთვის იყო, არის და იქნება. უბრალოდ გენდერ ფლუიდობა უკვე მის რეალობად იქცა.

ასე ცხოვრება აიძულა გარემომ, უბედურმა შემთხვევებმა, სისასტიკემ, სიძულვილმა, ოჯახურმა კონფლიქტებმა. ასე ცხოვრება ისეთი დამღლელია, შესაძლებელი რომ იყოს, იქნებოდა უსქესო, უგენდერო, არ უნდა არც პენისი და არც ვაგინა. ერთადერთი, რასაც არასდროს დათმობს, აქტივიზმია. უნდა, რომ ქვიარ თემი ძლიერი გახდეს. ამისთვის იბრძვის და იბრძოლებს მომავალშიც, სანამ ცოცხალი იქნება. მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა, სხვებისთვისაც, თუმცა ამაზე ბევრს არ ლაპარაკობს, მიაჩნია, რომ ამ თემაზე პოზიციონირება ტეხავს. თუ რამეს გააკეთებს, ისედაც გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება, ამაზეც არ მოიკლავს თავს. უხარია, რომ ირგვლივ მარტო მოძალადეები და ბულერები არ არიან, კარგი ადამიანებიც არსებობს.

აქტივისტობა ბევრ რამეზე უარის თქმას ნიშნავს, თუმცა ესაა ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც დღეს თუ არა ოდესმე მაინც შეძლებს დაამარცხოს მოძალადე. ის, როგორც ტრანსგენდერი ქალი, განაგრძობს ბრძოლას. სადაც აქამდე გაუძლო, კიდევ გაუძლებს. ამ პატრიარქალურ, ტირანულ სისტემაში, ფუჭად არ უნდა ჩაიაროს იმ ადამიანების სიკვდილმა, ვინც სხვადასხვა დროს ძალადობას და საზოგადოების გულგრილობას ემსხვერპლა.

ადამიანები სხვადასხვა სახელებით იცნობენ. ყველა მათგანი მე ვარო, ამბობს, სხვადასხვა სახელებით და სახეებით, სხვადასხვა ქცევებით და როლებით.

"მაგრამ მე ფატიმა ვარ, ესაა ჩემი მოცემულობა სხვადასხვა განშტოებებით, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებით, სხვადასხვა ბრძოლებით და იმედგაცრუებებით".

ფიქრობს, რომ მარტო ფატიმა ამდენ რამეს მარტო ვერ მოერეოდა, ამდენს ვერ მიაღწევდა. ამაში მას ტონი და ტოშკა ეხმარებიან. ფატიმა რომანოვაში არსებული თითოეული ინდივიდი თავის წილ საქმეს აკეთებს, თუმცა მთავარი ფატიმაა, დანარჩენი გენდერ ფლუიდური როლებია. არავის არაფერს უმტკიცებს. ფატიმა რომ არ იყოს, არ იარსებებდა არცერთი მისი ალტერ ეგო, ვერ იცოცხლებდა ვერც ტოშკა და ვერც ტონი, იქნებოდა მხოლოდ დაბადების მოწმობაში მოცემული ინფორმაცია. ამ თემაზე ფსიქოლოგთანაც უსაუბრია.

საბოლოოდ კი დასკვნა გამოიტანა, რომ მასში სამი ადამიანი ცხოვრობს - ფატიმა, წარსულის გადმონაშთი ტოშკა და ტონი, რომლის წყალობითაც დღეს ცოცხალია, ტონი რომელიც ასაზრდოებს ფატიმას და სიცოცხლის უნარს უნარჩუნებს ტოშკას. ეს ალტერ ეგოების ქსელური მარკეტინგია, იერარქიებად დაყოფილიო, სიცილით ამბობს. დღეს სამივე მისი განუყოფელი ნაწილია, სამივეს აქვს არსებობის უფლება და იარსებებენ კიდეც. მათ უნდა იცოცხლონ, მათ უნდა შეცვალონ არსებული რეალობა. მათ უნდა გადაარჩინონ ფატიმა რომანოვა.

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"