ჟურნალისტებს სიძულვილის ენისათვის სამსახურიდან გაათავისუფლეს
18 03 2011

2011 წლის 18 მარტს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან ორი ჟურნალისტი, გიორგი თუხარელი და გიორგი გაბრიჩიძე გაათავისუფლა. მიზეზი ამ ორი პირის მიერ ჰომოსექსუალი ადამიანების, ვატიკანისა და კათოლიკური ეკლესიის მიმართ Facebook-ზე დატოვებული შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო. ჟურნალისტებმა ზემოხსენებული კომენტარები ჯგუფ "მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი"-ს გვერდზე დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარები მოგვიანებით გაქრა, ვიღაცამ მოახერხა ინტერნეტში მათი „სქრინშოტის“ განთავსება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაბრიჩიძე და თუხარელი თავად გადადგნენ თანამდებობიდან, ხოლო ვახო სანაია, რომელიც იმ გადაცემას ხელმძღვანელობს, რომელზეც ეს ორი ჟურნალისტი მუშაობდა, მათ პირადად შეხვდა. სანაიამ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან თანამშრომლობის გაგრძელება მისთვის შეუძლებელია.

"მათი კომენტარები შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან და სამუშაო სტილთან," – განუცხადა ვახო სანაიამ Media.ge-ს. "ჟურნალისტებმა თავად დაწერეს განცხადება გათავისუფლების შესახებ და მეც სწორედ ეს მსურდა," –დასძინა მან. სანაიამ ასევე განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდა ამ ორ ჟურნალისტთან ერთად მუშაობას, მათი ჰომოფობიური განწყობის შესახებ რომ სცოდნოდა.

"შოკში ვარ. სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ვერაფრით დავიჯერე. გაბრიჩიძე და თუხარელი ჩვენს საუკეთესო ჟურნალისტთა სიაში იყვნენ და მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით. მიუხედავად ამისა, გადაცემას თავისი იმიჯი აქვს, რომელიც რისკის ქვეშ დგას. ჟურნალისტების მხრიდან ასეთი ქმედება მიუღებლად მიგვაჩნია, მაშინაც კი, როცა ეს Facebook-ის გვერდზე ხდება," – განუცხადა onlinenews.ge-ს გადაცემის პროდიუსერმა, რუსუდან ვაშაკიძემ.

Netgazeti.ge-ს თანახმად, ვაშაკიძე გაბრიჩიძეს ტელეფონით ესაუბრა და ამ უკანასკნელმა უარყო განცხადება იმის თაობაზე თითქოს ვიღაცამ მისი პროფილი გატეხა. გადაცემაზე პასუხისმგებელმა პირებმა განაცხადეს, რომ Facebook–ი საჯარო სივრცეა და ჟურნალისტებმა უნდა გაითავისონ, რომ ყველაფერი რაც მათ დაწერეს, მათზე ცუდად აისახება. გაბრიჩიძემ და თუხარელმა დაარღვიეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი და აქედან გამომდინარე სამსახური უნდა დაეტოვებინათ.

Facebook-ს საქართველოში 516,300 მომხმარებელი ჰყავს და ბევრი ეთანხმება ვაშაკიძის მიერ გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ Facebook–ი ნამდვილად საჯარო სივრცეა და გაბრიჩიძისა და თუხარელის საქციელი გაუმართლებელია. ვახო სანაიას "რეპორტაჟი" საქართველოსა და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების ყოველკვირეული მიმოხილვაა. გაბრიჩიძე გადაცემას ერთი წლის წინ შეუერთდა, ხოლო თუხარელი სექტემბერში დაიქირავეს.

ავტორი: მირიან ჯუღელი

წყარო:http://globalvoicesonline.org/2011/03/19/georgia-journalists-dismissed-because-of-hate-speech-on-facebook/



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"