ანტი-ლგბტ კანონმდებლობა ინდონეზიაში
20 09 2009

ინდონეზიის აცეჰის პროვინციის წარმომადგენელთა პალატამ ორშაბათს, 14 სექტემბერს ადგილობრივი ისლამური სისხლის სამართლის კოდექსი მიიღო. იგი კრძალავს და, შესაბამისად, განსაკუთრებული სიმკაცრით სჯის: ალკოჰოლის მოხმარებას, აზარტულ თამაშებს, ქორწინებამდელ სქესობრივ კავშირებსა და წყვილთა ქორწინებისგარეშე თანაცხოვრებას, ადიულტერსა და ჰომოსექსუალობას.

როგორც Associated Press იტყობინება, კანონმდებლობის თანახმად, “ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც გააზრებულად ამყარებს ჰომოსექსუალურ ან ლესბოსურ კონტაქტს, 100-ჯერ ჯოხის დაკვრამდე, მაქსიმუმ 1000 გრამი სუფთა ოქროს სახით ჯარიმის გადახდა, ან 100 თვემდე პატიმრობა ემუქრება.” დოკუმენტით ყველაზე სასტიკი სასჯელი გათვალისწინებულია ადიულტერისთვის, რომელიც ჩაქოლვით სიკვდილს ითვალისწინებს.

აცეჰის პროვინციის ლეგისლატურამ კანონმდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგობის ფონზე მიიღო. მაშინ, როცა ინდონეზიის მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის ზომიერი მიმდევარია, აცეჰი ისტორიულად უფრო მეტად კონსერვატიული რეგიონია. 2001 წელს ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ პროვინციას ნება დართო ინდონეზიის სისხლის სამართლის კოდექსი – შარიათით, ისლამური რელიგიური კანონით შეეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო დოკუმენტი, აცეჰის აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი სასჯელთა მკაცრ ფორმებს რეალურად ცხოვრებაში არ გაატარებს.

პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა მუჰამედ ნაზარმა The Jakarta Post-თან საუბარში აღნიშნა: “ცხადია, რომ აცეჰის ადმინისტრაცია ისლამური შარიათის კანონდამრღვევთა მიმართ ჩაქოლვას არ გამოიყენებს. ისლამურმა კანონმა მოქალაქეების ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას.”

მსგავსი განცხადებების მიუხედავად, კოდექსი 30 დღეში შედის ძალაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან აღნიშნული ფაქტით და ინდონეზიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ გააუქმონ ადიულტერისა და ჰომოსექსუალობის მაკრიმინალიზებელი კანონმდებლობა.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის