ფოტო: Stavrogyna
10 ქალი, რომელსაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მივცემდი
24 10 2018

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყველა წინა არჩევნებთან შედარებითაც კი, მნიშვნელოვანი ცვლილების იმედი კიდევ უფრო შემცირებული, საყოველთაო ნიჰილიზმი კი - საგრძნობლად გაზრდილია. პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი გახდება, რაც საქართველოში ქალების მდგომარეობას არათუ გააუმჯობესებს, არამედ, არ გამოვრიცხავ, დაამძიმოს კიდევაც. ამიტომაც, გთავაზობთ იმ ქალების სიას, რომლებსაც, წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, გაპრეზიდენტების ყველაზე რეალური კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მივცემდი ხმას.

შხამიანი სურო, DC Comics

შხამიან სუროს, იგივე პამელა ისლის, მხოლოდ ერთი რამ სურს - მცენარეებთან ერთად კაცობრიობისაგან მოშორებით, მშვიდად ცხოვრება, რასაც ახერხებს კიდევაც, თუმცა მხოლოდ მოკლე დროით - იმ კუნძულს, სადაც მხოლოდ ფლორით გარშემორტყმული სურო ბედნიერ წალკოტში ცხოვრობს, იარაღის გამოსაცდელად დაბომბავენ და სუროს შურისძიების გარდა სხვა გზას არ დაუტოვებენ. You go girl! ხმასაც მივცემდი და დასასვენებლად წასულს მცენარეების მორწყვაში დახმარებასაც შევთავაზებდი.

ურსულა, პატარა ქალთევზა

ურსულას უარყოფით პერსონაჟად წარმოჩენა ცოტათი გაუგებარია, იმის გათვალისწინებით, რომ არიელი თავად მიდის მასთან დახმარების სათხოვნელად (და კონტრაქტის პირობებსაც კი არ ეცნობა!). არ დაგვავიწყდეს, რომ არიელი ტრიტონის, ზღვის ხელმწიფის შვილია და თავისუფლად შეუძლია მამას ჯადოქრების კაბალური პირობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება მოსთხოვოს, მაგრამ არა, ყველაფერი ურსულას ბრალია, რომელიც პატიოსანი შრომით ცდილობს თავის გატანას (და პრინცების მოჯადოებას, დიდი ამბავი). მოკლედ, ჩემი ხმა ურსულას!

დოლორეს ამბრიჯი, ჰარი პოტერი

ვიცი, რომ დოლორეს ამბრიჯი ბევრისთვის ჰარი პოტერის 7 წიგნიდან ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პერსონაჟია, მისი მწამებლური მეთოდებიდან და პურიტანული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ სადაც ცუდს ვიტყვით, იქ კარგიც ნუ დაგვავიწყდება, მაგალითად დოლორესის განსაკუთრებული სიყვარული ჩაის სმის, კატებისა და ტვიდის ორეულებისადმი. დოლორესის გაპრეზიდენტებით, სხვა თუ არაფერს, უსახლკარო კატების თავშესაფარს მაინც გამოვკრავდით ხელს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე სალომესაგან უნდა ველოდოთ.

ლედი მაკბეტი, "მაკბეტი"

ლედი მაკბეტი შემზარავი, თუმცა ცალსახად დიდი პოტენციალის მქონე პერსონაჟია - მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას, ინფანტიციდს და ზოგად მანიპულაციებს რომ თავი დავანებოთ, აშკარაა, რომ ლედი მაკბეტს კარგად ესმის ის უსამართლო გენდერული როლები და მოლოდინები, ქალებს მხოლოდ ბიოლოგიური სქესის შესაბამისად რომ გვეკისრება. მჯერა, რომ ლედი მაკბეტი სწორ საუკუნეში რომ დაბადებულიყო, შესანიშნავი თუ არა, სალომეზე უკეთესი პრეზიდენტი მაინც იქნებოდა.

მორტიშა ადამსი, ადამსების ოჯახი

მორტიშა ადამსი ადამსების ოჯახის მატრიარქი - არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე და მებაღეა. სალომეს მსგავსად, ფრანგული მორტიშამაც არაჩვეულებრივად იცის, თუმცა, სალომესაგან განსხვავებით, პრეზიდენტად მას ამის გამო არავინ ირჩევს. მე პირადად, მორტიშას დაუფიქრებლად მივცემდი ხმას მისი განუმეორებელი სტილისა და ტრადიციული გოთიკური ღირებულებებისადმი თავდადების გამო.

მედუზა გორგონა

წარმოიდგინეთ სცენარი: მედუზა გორგონა საქართველოს პირველი (არა, ეგ არ ითვლება) ქალი პრეზიდენტი ხდება, ჯერ პრეზიდენტობის დანარჩენ კანდიდატებს და საპარლამენტო უმრავლესობას აქვავებს, შემდეგ კი, ადრე თუ გვიან, ამერიკის პრეზიდენტთანაც მოუწევს შეხვედრა… მოკლედ, #მედუზაპრეზიდენტად.

ბაბა იაგა

მართალია არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაბა იაგას მოღვაწეობაში ადრე თუ გვიან რუსული კვალი აუცილებლად გამოიკვეთება, სალომესაგან განსხვავებით, ბაბა ცალსახად უარყოფითი პერსონაჟი სულაც არ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ ბაბა იაგა ცოცხით გადაადგილდება და არც მეტი, არც ნაკლები, ქვასანაყითაა შეიარაღებული, ამიტომაც, სხვა თუ არაფერი, მისთვის განსაკუთრებული კორდონის და დაცვის გამოყოფა მაინც არ დაგვჭირდება.


რეჯინა ჯორჯი, Mean Girls

რეჯინას შესახებ ბევრი ცუდის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერ დავუკარგავთ, გარემოს თავის სასარგებლოდ მანიპულაციის არაჩვეულებრივი უნარია. თანაც, ეჭვი მაქვს, რომ საქართველოსა და საშუალო სკოლის პოლიტიკებს შორის იმაზე ნაკლები განსხვავებაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ.

სერსი ლანისტერი

სერსი ნამდვილად კარგი… მეოჯახეა. კარგი, უკაცრავად. ვერ უარვყოფ, სერსის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცუდი ჩვევა აქვს, როგორიცაა ხალხის ხოცვა, ღვინის სმა და ინცესტი, მაგრამ სრულყოფილი არავინაა! სხვა თუ არაფერი, სერსის იმედი რელიგიური ფანატიკოსების ეფექტური მენეჯმენტის კუთხით მაინც შეგვიძლია ვიქონიოთ.

ენი ვილკსი, "მიზერი"

სიმართლე გითხრათ, ენის გასამართლებლად ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე - ენი ნამდვილად ბილეთიანი ფსიქოპატია. თუმცა, მისგან სხვა თუ არაფერი, იმას მაინც შეგვიძლია ველოდოთ, რომ ვინც გააბრაზებს, კოჭებს დაუმტვრევს და… ბოდიში. არ ვიცი. არ ვიცი! უბრალოდ მომწონს ენი ვილკსი, კარგი? შეიძლება?! გარშემო ისედაც სრული ამაოება სუფევს, პრეზიდენტი მაინც ყველა ჩამოთვლილზე ბევრად უარესი კანდიდატი გახდება, აზრი არაფერს აქვს და ბოლოს მაინც ყველანი მოვკვდებით. შეიძლება ჩემს წარმოსახვით პრეზიდენტს, ენი ვილკსს მაინც მივცე ხმა და ამისათვის არავინ განმსაჯოს?! მადლობა!



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი