: ივ ტუმორი | NTS
გველების მომნუსხველი Yves Tumor
14 06 2020

მულტიინსტრუმენტალისტი არტისტის Yves Tumor მუსიკის წაკითხვა მისი ბიოგრაფიული ფაქტების მიხედვით საკმაოდ მაცდუნებელი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა დიდი ალბათობით წარუმატებლად დასრულდება. Yves Tumor-ზე საუბრისას, ენიგმატური და მისტიური ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებული ზედსართავების რიცხვს განეკუთვნება.

ანდროგინული სტილით გამორჩეული არტისტი არაერთ სასცენო ფსევდონიმს იყენებდა. დაზუსტებით არც მისი ნამდვილი სახელი და გვარია ცნობილი და არ გაგიკვირდეთ, თუ მისთვის მიძღვნილი სტატიების ნაწილში მას მოიხსენიებენ როგორც შონ ბოუის, მეორე ნაწილში კი როგორც - რაჰელ ალის.

ნოქსვილში გაზრდილი მუსიკოსის საცხოვრებელი ადგილიც კი შეკითხვებს ბადებდა - გასულ წლებში ის ხან ლოს ანჯელესში, ხან მაიამიში, ტურინში, ბერლინისა და ლაიპციგიში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამის მიუხედავად და შესაძლოა სწორედ თავისი მოუხელთებლობის გამოც კი, Yves Tumor არასდროს უჩიოდა ყურადღების ნაკლებობას, რისი ნათელი მაგალითიცაა, რომ მისით სახელგანთქმული ბრიტანული ლეიბლი Warp Records დაინტერესდა და რიგით მესამე სტუდიური ალბომიც, სწორედ აქ ჩაიწერა.

არტისტი სკოლაში სწავლის პერიოდში გიტარაზე დაკვრით დაინტერესდა, თუმცა საშინელი აკადემიური მოსწრების გამო, მშობლებმა ინსტრუმენტი ჩამოართვეს. მალევე მან ფორტეპიანო აღმოაჩინა და თავადვე ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა, მოგვიანებით კი ბას გიტარას და დრამსაც დაეუფლა.

Yves Tumor იმ თანამედროვე პროდიუსერების რიცხვს განეკუთვნება, როგორებიც Arca და SOPHIE არიან, რომლებიც სულ უფრო ბუნდოვანს ხდიან ჟანრობრივ საზღვრებს, ერთდროულად პოპ კომპოზიციებსა და ავანგარდული ჟღერადობის პროდუქტს ქმნიან. აღსანიშნავია, რომ ამ არტისტების უმეტესობა ქვიარი და ფერადკანიანია, ისევე როგორც თავად Yves Tumor.

2010 წლიდან, სამი ალბომის ფარგლებში მან დაამტკიცა, რომ ერთდროულად ემბიენტის, RnB-ს, ტრიპ-ჰოპისა და ნოიზის ელემენტების სინთეზი შეუძლია მოახერხოს. ჟურნალ Pitchfork-ისათვის ჩაწერილ ინტერვიუში შონ ბოუი სიცილით აცხადებს, რომ მისი მიზანი ჰიტების შექმნაა, ისეთი მუსიკის, რომელსაც მსმენელი სწრაფად აიკვიატებს და ხშირად ჩართვის სურვილი გაუჩნდება.

Yves Tumor-ის სადებიუტო ალბომის სახელწოდება Serpent Music საკმაოდ ლოგიკური სათაურია ნამუშევრისთვის. ის თითქოს მართლაც ფლობს ჰიპნოზის ტექნიკას და გველების მონუსხვის ძალაც შესწევს, ოღონდ ფლეიტის ნაცვლად ამას სინთეზატორების, სემფლების, საველე ჩანაწერების საშუალებით აკეთებს და თავის მუსიკალურ სამყაროს იდუმალსა და ბურუსით მოცულს ხდის.

კრებულს ბიბლიური მოტივები გასდევს საფუძვლად, რაც კომპოზიციების სათაურებშივე მანიფესტირდება: "Devout" (ღვთისმოსავი), "Serpent"(ქვეწარმავალი) და "Role in Creation" (შექმნაში შესრულებული როლი). რელიგიის ტოქსიკურობის მიუხედავად, არტისტის აზრით მნიშვნელოვანია სულიერებასთან კავშირის შენარჩუნება, რასაც კარგად ასახავს ალბომის სულისკვეთება. Serpent Music-ში ნაზი და ტკბილი ჟღერადობის ტრეკებს თანდათან სიმწარე ერევა, რაც Yves Tumor-ის მუსიკას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

2018 წელს არტისტის დებიუტი ბრიტანულ ლეიბლზე Warp Records შედგა. Safe In The Hands Of Love ყველა ჟანრის მუსიკის მსმენელისათვის საინტერესო ნამუშევარი იქნება, რომელიც Yves Tumor-ისთვის დამახასიათებელი კლაუსტროფობიული განცდებით, ქაოსით, დისოციაციითაა გაჯერებული. მუსიკოსმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევდა კომპოზიციებში ვოკალის გამოყენებას, რადგანაც მსმენელი ამ გზით, მეტ სიახლოვეს იგრძნობდა მუსიკასთან.

ჩანაწერის სიმღერის ტექსტები ჭრილობების, ტკივილისა და წამების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა პარალელურად სიყვარულის გარშემო ტრიალებს - იქნება ეს დაკარგული სიყვარული, სიყვარული რომელიც ოდესღაც ძვირფასი იყო, ან სულაც სიყვარული, რომელიც მუქარად შეიძლება გარდაიქმნას.

კრებულის გამორჩეულ კომპოზიციაში, Licking an Orchid, არტისტი ტანჯვისგან განცდილ სიამოვნებაზე საუბრობს. ამავე თემას ეხმიანება Hope in Suffering (Escaping Oblivion & Overcoming Powerlessness), რომლისთვისაც ივ ტუმორმა არტისტებთან Oxhy და Puce Mary ითანამშრომლა. Recognizing the Enemy კი ტრავმისგან დეპერსონალიზებული ადამიანის მონათხრობს ჰგავს - "It means so much to me when I can't recognize myself," (ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა საკუთარი თავის ცნობა არ შემიძლია), სადაც ის თითქოს დაზიანების შემდეგ საკუთარი ნაწილების შეკოწიწებას ცდილობს, თუმცა წარუმატებლად.

ცოტა ხნის წინ მულტიინსტრუმენტალისტმა არტისტმა მორიგი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით - Heaven To A Tortured Mind.

Yves Tumor-ის მუსიკა ყველაფრის მოცვას ახერხებს. იმის მიუხედავად, რომ პოპ კომპოზიციების შემოთავაზება დაიწყო, მის შემოქმედებაში საკმაო სივრცე რჩება ეშმაკობისთვის, რაც შონ ბოუის ექსპერიმენტულ ჟანრში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, თანამედროვე არტისტად აქცევს.


ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან