გააჩინე და მოიგე
06 02 2018

დიქტორი: ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებით კი მაინც ქალბატონებო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ხართ ამ არაჩვეულებრივ საღამოს! ჩვენი ეთერის სპონსორია ქალთა ესთეტიკური ცენტრი "სიზიფე"; სიზიფე - გახდი და გახდი უკეთესი! ვიცი, რომ ამ საღამოს ძალიან დიდი ხანია ელოდებით, რადგან დღეს ერთმანეთს ორი ბუმბერაზი შეერკინება! ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ, ვინც არა დარბაზიდან, არამედ სახლიდან გვიყურებთ, ნუ გადართავთ, დარჩით ჩვენთან, ჩვენ დაუვიწყარ სანახაობას გპირდებით! მაშ ასე, დავიწყოთ ჩვენი ძლევამოსილი ფალავნების წარდგენით! შეეგებეთ, რინგის ლურჯ კუთხეში, მრავალგზის ჩემპიონი, სამი შვილის დედა, დიასახლისი ნანა!

დარბაზი: აააააა!

დიქტორი: წითელ კუთხეში კი, ახალბედა და ახალგაზრდა, თუმცა ენერგიით და პოტენციალით აღსავსე, კარიერაში წარმატებული, მაგრამ უშვილო მანანა!

დარბაზი: უუუუუუუ!

დიქტორი: აპლოდისმენტებს ნუ დავიშურებთ, მივესალმოთ ჩვენს ჩემპიონებს, ქალბატონებო და ბატონებო! აი ჩვენ უკვე ვხედავთ როგორ იკავებენ ადგილებს ჩვენი ფალავნები და შერკინებისათვის ემზადებიან. არ ვიცი რამდენად იგრძნობა ეკრანიდან, მაგრამ დარბაზში დაძაბულობა შეიძლება ითქვას, რომ პიკს აღწევს! დარბაზი ზუზუნებს და სულმოუთქმელად ელოდება, თუ ვინ მოიპოვებს გამარჯვებას!

პუბლკა: ეეეეეეეეე!

დიქტორი: და აი, შერკინება უკვე იწყება! ნანა, დიასახლისი, სამი შვილის დედა, კლასიკური, ნაცადი ილეთით იწყებს!

ნანა: ბავშვი ქალის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

დარბაზი: ააააა!

დიქტორი: ყოჩაღ ნანა, მშვენიერი დასაწყისი იყო! ამასობაში, მანანა ოსტატურად იცილებს პირველ დარტყმას და კონტრ-შეტევაზე გადადის!

მანანა: შვილს გააჩენ თუ არა, ეგრევე, პირად სივრცეს დაემშვიდობე! შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის!

დარბაზი: უუუუ!

დიქტორი: ჰოოო! აი ჩვენ ვხედავთ, როგორ შეტორტმანდა ნანა, როგორც ნახეთ ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო! როგორც ჩანს, მანანა თავიდანვე არ აპირებს ძალების დაზოგვას! ეტყობა უშვილობას მართლაც ჰქონია რაღაც პლიუსები, ჰა ჰა! აბა ვნახოთ, ნანა რით უპასუხებს!

ნანა: თუ შვილი არ გააჩინე, ისე ნამდვილ ქალობას ვერ გამოცდი!

დიქტორი: ნანა კიდევ ერთი კლასიკური ილეთით წარდგება ჩვენს წინაშე. როგორც ვხედავთ, მანანაც შეტორტმანდა, ეს ილეთი კლასიკა უმიზეზოდ სულაც არ არის. რაა?! ამას რას ვხედავთ, ნანა დღეს ნამდვილად კარგ ფორმაშია! სანამ მანანა გონს მოდის, ნანა კიდევ ერთი დარტყმისთვის ემზადება!

ნანა: სიბერეში წყლის მომწოდებელი მაინც არ გინდა?!

დიქტორი: და აი, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი უძლიერესი ილეთი ნანასგან, როგორც ხედავთ, ორმა მძლავრმა დარტყმამ მანანა საკუთარ კუთხეში მიიმწყვდია, და, როგორც ჩანს, მას მართლაც არ ჰყავს წყლის მიმწოდებელი, ჰა ჰა! ოჰ, ნანა, ნანა! თუმცა, მანანა ჯერ დანებებას არ აპირებს, როგორც აღვნიშნეთ, ის სავსეა ენერგიით და პოტენციალით, რომელიც შვილებმა ჯერ კიდევ ვერ გამოსწოვეს, და აი, საპასუხო დარტყმისათვისაც ემზადება, აბა ვნახოთ, რით უპასუხებს ნანას ორ ასეთ ძლიერ ილეთს!

მანანა: ან სექსუალური ცხოვრება, ან შვილები! ყველას მშვენივრად მოგვეხსენება ქალის სხეულს - განსაკუთრებით კი იმ ორგანოს - ბავშვის გაჩენა რასაც უშვება!

დიქტორი: ოოო, მანანა, ეს ნამდვილად წელს ქვემოთ მიმართული დარტყმა იყო! როგორც მოგახსენეთ, ნანა სამი შვილის დედაა, ამიტომაც ეს დარტყმა მას სამმაგად უნდა მოხვდეს! ჰა ჰა ჰა! აი, ვხედავთ როგორ წაბორძიკდა ნანა, თუმცა, დაცემით ჯერ არ დაცემულა, ვნახოთ მოიკრებს თუ არა ძალებს და როგორ უპასუხებს მოწინააღმდეგეს!

ნანა: შვილი ცხოვრების მთავარი მიზანი და მთავარი პასუხისმგებლობაა! რას… რას გააკეთებ უკეთესს?

დიქტორი: ჰმმ, როგორც ვხედავთ, წინა დარტყმამ ნანა საკმაოდ დააძაბუნა, მისი ილეთები ნელ-ნელა კარგავენ ძალას, მითუმეტეს მანანას წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ვხედავთ, არ აპირებს ადვილად დანებებას, ნანას დარტყმას ის ოდნავადაც კი არ შეუშინებია!

მანანა: როგორ გგონია, უნდა კიდევ ერთი მჭამელი სამყაროს?! ისედაც ამდენი ვართ, მალე საერთოდ ვეღარც კი დავეტევით! მსოფლიოში შიმშილი მძვინვარებს, მალე რესურსებიც ამოგვეწურება!

დიქტორი: და აი, კიდევ ერთი მოულოდნელად ძლიერი დარტყმა მანანასაგან! ხომ გეუბნებოდით, ძვირფასო მაყურებლებო, წინ საინტერესო საღამო გველოდება მეთქი! ნანას ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი, მაგრამ მოიცადეთ, წამოდგომას ცდილობს!

ნანა: [ბორძიკით] შენი და… შენი საყვარელი ადამიანის… გენეტიკური…

დიქტორი: ააააარა! ნანას მოქნეულ მუშტს მანანა კიდევ ერთხელ იცილებს და ნანა იატაკზეა! ნუთუ ეს დღევანდელი საღამოს დასასრულია?! ადგება თუ არა ნანა?! აი, ვხედავთ მსაჯს, რომელიც სამამდე დაითვლის, ერთი, ორი… და მანანა გამარჯვებულია! დაუჯერებელია, ქალბატონებო და მაყურებლებო, დაუჯერებელია! მანანამ გაიმარჯვა ამ ნამდვილად საინტერესო ბრძოლაში! დღეის მაგალითით თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარ არასოდეს იცი რა მოხდება, და რომ მრავალწლიანი გამოცდილება, ან მრავალი წყლის მიმწოდებელი, სულაც არ ნიშნავს გარანტირებულ გამარჯვებას, ჰა ჰა! ერთად მივულოცოთ მანანას, დღეს იგი მართალია უშვილო, ცარიელ სახლში, მაგრამ გამარჯვებული დაბრუნდება! აპლოდისმენტები! ყოჩაღ, მანანა, ყოჩაღ! დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი შოუს სპონსორია ქალთა ესთეტიკური ცენტრი "სიზიფე." მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი შოუ გრძელდება, გვიყურეთ ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც, იმიტომ რომ ეს არასოდეს, არასოდეს დასრულდება! ჩვენი გადაცემა ყოველდღე იქნება, ყველა სახლში, ყველა ეკრანზე, სამუდამოდ! და ვერც. ერთი. მხარე. ვერასოდეს. გაიმარჯვებს! ვერასოდეს! ღამე მშვიდობის!



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია