ტრანს-ფორმაცია
11 01 2018

საქართველოში ფიზიკური ტრანზიციის დაწყებამდე, დიდი ლაბირინთის გავლაა საჭირო. პირველ რიგში, სექსოლოგთან მისვლა დამჭირდა, რომელსაც "ჭეშმარიტი ტრანსსექსუალის" დასკვნა უნდა მოეცა, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მომცემდა ტრანზიციის შემდგომ ეტაპზე - ჰორმონებზე გადავსულიყავი.

შემოწმება დაახლოებით 1 წელს გრძელდებოდა და მოიცავდა როგორც ქრომოსომულ ანალიზს, ასევე ფსიქიკურ შემოწმებას ორი დამოუკიდებელი ფსიქიატრის მიერ და ასევე ორი დამოუკიდებელი სექსოლოგის დასკვნას. სამწუხარო ის არის, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიმოწმებდა ქალბატონი, რომელიც ტრანს სპეციფიკური თემების გაგებაში არ იყო, თუმცაღა მაინც, ეს ყველაზე მცირედი იყო იმ პრობლემათაგან, რომელიც შემხვედრია. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს ტრანს სპეციფიკური მედიცინა და ტრანსგენდერ ადამიანებზე ზრუნვის დანერგილი სტანდარტები, რაც სარისკოს ხდის, როგორც კლინიცისტის საქმიანობას, ასევე საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

მე გირჩევდით, სანამ ჰორმონალურ ტრანზიციას დაიწყებდეთ (კაციდან ქალზე), კარგად დაფიქრდით საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებზე, ეცადეთ მხარდამჭერი ადამიანები შემოიკრიბოთ გარშემო, რათა თავი აარიდოთ სტრესს; ფსიქოლოგიურად მოემზადეთ იმისათვის, რომ პირველი რამოდენიმე თვე შეიძლება თქვენთვის ძალიან მტანჯველი იყოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ტესტოსტერონის ბლოკერებზე იქნებით - ამ დროს ხშირია გაღიზიანება, კონფლიქტურ ხასიათზე ყოფნა, რადგანაც ორგანიზმს კლიმაქტერული პერიოდი ეწყება და მწვავედ რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებელზე.

ეცადეთ, გარშემომყოფებს წინასწარ აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, რომ უნებლიედ არაფერი აწყენინოთ, ასევე ეცადეთ მხარდაჭერა მანამდე მოიპოვოთ ახლობელი ადამიანებისგან, ვიდრე ტრანზიციას დაიწყებთ, რადგანაც ჰორმონებზე ყოფნისას გაცილებით მტკივნეულად აღიქვამთ უარყოფით დამოკიდებულებებს. ასე რომ, ჯობს წინასწარ დაქამინგაუთდეთ, ხალხი მიაჩვიოთ თქვენს ახალ იდენტობას და შემდეგ დაიწყოთ ტრანზიცია. (ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და ნამდვილად არ არის სტანდარტი)

ასევე, ძალიან დაგეხმარებათ, თუ ქამინგაუთს ამ თემაში გარკვეულ სპეციალისტთან ერთად გააკეთებთ, რომელიც შეძლებს უკეთ აუხსნას ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თქვენი მდგომარეობა.

როდესაც ჰორმონალურ ტრანზიციას დაიწყებთ, აუცილებლად დაიცავით დოზირება, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები, სთხოვეთ კონკრეტულად ჩამოგითვალოთ ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჰორმონის ორგანიზმში ცირკულაციას, მოერიდეთ ჯანმრთელობისათვის მავნებელი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებას, ამის ყველაზე კარგი და ხშირი მაგალითია თამბაქო.

იმის გამო, რომ ჰორმონალური ჩანაცვლება ისედაც სტრესია ორგანიზმისათვის, სანამ კონკრეტულ დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებთ, დამატებითი სტრესორები არ გჭირდებათ. ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ ჰორმონალური თერაპია არ ცვლის ძვლოვან სტრუქტურას, არ აქრობს სახიდან თმიანობას, ამისათვის ეპილაცია დაგჭირდებათ, რაც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაეცანით ყველა რისკ-ფაქტორს, სანამ საბოლოო ნაბიჯს გადადგამდეთ და გაითავისეთ, რომ ჰორმონალური თერაპია სხვა ადამიანად ვერ გაქცევთ. ეს მხოლოდ თქვენს გარეგნობას შეცვლის, კანი გახდება უფრო ნაზი, სხეულზე თმა კი - უფრო თხელი, მაგრამ არ გაქრება. ჰორმონალური თერაპია უბრალოდ დამხმარე მეთოდია, რომ თქვენი შინაგანი აღქმა სომატურად გარეგანს გაუტოლდეს,

ჰორმონალური თერაპია არ მოქმედებს ხმის იოგებზე, ანუ ის არ შეგიცვლით ხმას და ამისათვის სპეციალურად მოგიწევთ ავარჯიშოთ ხმა, თუმცაღა ეს ყველაფერი თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული და არავითარ შემთხვევაში არ არის აუცილებლობა. ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ სოციალური მიმღებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰორმონალური თერაპია. ნუ შეცდებით და იფიქრებთ, რომ ჰორმონალური თერაპია, ან თუნდაც საბოლოო ოპერაცია, აუცილებლად ბედნიერად გაქცევთ, თქვენ ისევ მოგიწევთ ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ მოგიწევთ ზრუნვა საკუთარ ცხოვრებაზე, სოციალურ ინტეგრაციაზე, ამიტომ ეცადეთ რომ სტაბილურობა მოიპოვოთ და შემდეგ გადადგათ ეს ნაბიჯები.

თუ აუცილებლობას ხედავთ, ასევე კარგად დაფიქრდით, შეიცვლიდით თუ არა სხეულს, თუ საზოგადოება ისეთს მიგიღებთ, როგორიც ხართ ამ ცვლილებების გარეშე, გაიაზრეთ ყველა ასპექტი - რას აკეთებთ, რატომ, რას მოგიტანთ ეს და ეცადეთ, არ გადადგათ მკვეთრი ნაბიჯები. ასევე მზად იყავით მოულოდნელობებისთვისაც, რადგანაც, შეიძლება, თქვენი პირვანდელი წარმოდგენა არ დაემთხვას რეალობას.

გირჩევთ, მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფასო ფსიქოლოგთან გაიაროთ წინასწარი კონსულტაცია, ასევე მიმართოთ სექსოლოგს, რომ ყველა დეტალი კარგად გქონდეთ გააზრებული - რას რატომ აკეთებთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს ყველაფერი დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და ეცადეთ გარანტია გქონდეთ იმის, რომ ამ ყველაფერს გაწვდებით.

მართალია, ეს პროცესი ძალიან რთულია, მაგრამ უიმედოდ ნუ იქნებით! წლების წინ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ტრანზიციას დავიწყებდი - ეს ჩემი აუსრულებელი ნატვრა იყო. მეგონა, ვერასოდეს გამიგებდნენ, არ მიმიღებდნენ, გამრიყავდა ოჯახი, ისიც კი მეგონა, რომ შეშლილად ჩამთვლიდნენ. მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მიმიღეს. რთულად, მაგრამ ფაქტობრივად ერთად გავდივართ ტრანზიციას, ყველანაირად გვერდში მიდგანან. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით ბებია და დედა. ალბათ ვერასოდეს ამოვალ მათი ვალიდან. რთული პროცესი იყო მათთვისაც, ჩემთვისაც, გაუჭირდათ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის შეუძლებელი.

მგონია, რომ საზოგადოებას სჭირდება კარგი მაგალითები იმისა, რომ ჩვენ ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვართ. რთულია, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ დადგება დღე, როდესაც ტრანსფობია, ან ჰომო და ბიფობია ჩვენს საზოგადოებაში აღარ იარსებებს; ადამიანებს შეეძლებათ არა განსხვავებებზე ჩაციკვლა და ამაზე ქილიკი, არამედ, განსხვავებულობების მიუხედავად, საერთო მიზნებისთვის გაერთიანება - ამისათვის კი ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია