ქალი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობამ ეგვიპტეში კვლავაც იჩინა თავი, როდესაც გასულ სამშაბათს, 200 კაცისაგან შემდგარი გაშმაგებულმა დაჯგიფებამ ტაჰრირის მოედანზე საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ–ერთ ქალზე სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ, პარასკევს გამართულ აქციაზე, რომელიც ზემოაღნიშნულ ინციდენტს ეხმიანებოდა, დაახლოებით 50 მონაწილე ქალი და მათი მამრობითი სქესის მოკავშირეები სხვა დაჯგუფების თავდასხმის მსვერპლნი გახდნენ.
სამწუხაროდ, მსგავსი ძალადობის შემთხვევა კიდევ ბევრია. მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს ეგვიპტეში სამხედრო რეჟიმი დამყარდა, ტაჰრირის მოედანზე უამრავი ქალი აღმოჩნდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ჟურნალისტები: სარა ლოგანი, მონა ეტაჰავი და კაროლინა სინცი, ეგვიპტელი მსახიობი შერიჰანი და „ქალი ცისფერ ლიფში“. ასობით და ათასობით ქალს განუცდია ვერბალური სექსუალური შევიწროვება, იმ მოედანზე, რომელიც წესით თავისუფლების სიმბოლო უნდა ყოფილიყო.
2011 წელს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები ამავე მოედანზე დაარბიეს. დარბევას მოყვა ქალ აქტივისტებზე პერიოდული თავდასხმების თვეები. ზოგიერთ მოძალადეს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, დანარჩენებს სამხედრო პოლიციის უნიფორმა. გასულ შემოდგომაზე პრო–დემოკრატიული პროტესტების წინააღმდეგ მთავრობის რადიკალური ქმედებების შემდეგ – რამაც 80 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – სამხედრო პირებმა 100 ქალზე მეტი დაუქვემდებარეს იძულებით „ქალიშვილობის ტესტს“.
ქალებზე თავდასხმები პროტესტს ჩვეულებრივ მოქალაქეებშიც იწვევს. „ქალი ცისფერ ლიფში“ ერთგვარი ეროვნული წამებულიც გახდა, რომელსაც დეკემბერში ათასობით ადამიანმა სოლიდარობის მსვლელობა მიუძღვნეს.
აქტივისტმა ლეილ ზაჰრა მორტადამ სოციალურ ქსელ Facebook–ზე გამოქვეყნებულ პარასკევის მსვლელობის ამსახველ ფოტო–ალბომს შემდეგი განცხადება დაურთო:
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ღრმა არის ჩვენი ჭრილობები, რამდენჯერ დაგვესხნენ ან დაგვესხმებიან თავს, ეს ჩვენ არ შეგვაჩერებს და არ გაგვაჩუმებს. უფრო მეტი აქცია არის დაგეგმილი, უფრო მეტი ხმაურიც იქნება, და უფრო პროაქტიული ნაბიჯებიც გადაიდგმება. ჩვენ დავინახავთ სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების – როგორც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულის, ისე ინდივიდუალურის – დასასრულს! ჩვენ დავამხობთ პატრიარქატს, სექსიზმსა და გენდერსა და სექსუალობაზე დამყარებულ ნებისმიერი სახის ძალადობას!“
წყარო: http://www.awid.org/News-Analysis/Announcements2/Egypt-Women-Refuse-to-be-Silenced-by-Assaults