ანა ფროიდი დაიბადა 1895 წლის 3 დეკემბერს ვენაში. ის ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი იყო და ერთხელ თქვა, რომ ფსიქოანალიზთან ერთად იშვა, რადგანაც ფროიდმა სწორედ 1895 წელს დაიწყო მუშაობა სიზმრების ინტერპრეტაციაზე – ნაშრომზე, რომელიც შემდეგ მის ქვეცნობიერის თეორიას დაედო საფუძვლად. ანა განათლებას სახლში იღებდა და ადრეული წლებიდან ესწრებოდა ვენის ფსიქოანალიტიკოსების საზოგადოების კრებებს, სადაც ხშირად სიტყვით მამამისი გამოდიოდა. ახალგაზრდობაში ხუთი წლის მანძილზე დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. ამ სამუშაომ მას ბავშვთა ფსიქოლოგიისადმი გაუღვივა ინტერესი. პარალელურად იგი მამამისთან ანალიზის კურსს გადიოდა (ეს იყო ფსიქოანალიზის პირველი ნაბიჯები, სანამ ეთიკური მოსაზრებების გამო მეგობრებსა და ნათესავებთან მუშაობა აიკრძალებოდა) და ჰოსპიტალში ფსიქიატრიული შემოვლების დროს თან დაყვებოდა.
ანა ფროიდის პირველი სტატია “შემტევი ფანტაზიები და დღის სიზმრები” განიხილავს ხერხებს, რომლებსაც ადამიანები მასტურბაციის შესაწყვეტად იყენებდნენ. ამ ნამუშევრის წყალობით იგი ვენის ფსიქოანალიტიკოსების საზოგადოებაში მიიღეს. ანა ფროიდმა კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი. მის პაციენტებს შორის აღმოჩნდნენ მდიდარი ამერიკელი ქალბატონის დოროთი ბერლინგჰემის ქალიშვილი და ვაჟიშვილი. ბერლინგჰემი თავის ფსიქიკურად დაავადებულ ქმარს ახალდაშორებული იყო. მალე ორ ქალს ერთმანეთი შეუყვარდა. მათი ურთიერთობა ისე გაღრმავდა, რომ ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა.
1927 წელს ფროიდმა გამოაქვეყნა სტატია “ბავშვის ანალიზის ტექნიკის შესავალი”, სადაც ნოვატორულად მიუდგა ბავშვთა ფსიქოლოგიას. მოსაზრებამ ბავშვის განვითარებაში გარემოცვის როლის შესახებ და “თამაშის თერაპიის” ეფექტურობამ ანა ფროიდი იმ დროის ბევრ წამყვან ფსიქოანალიტიკოსს დაუპირისპირა და ანალიზის ვენის და ბრიტანეთის სკოლებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაზარდა.
ნაშრომში “ეს თავდაცვის მექანიზმიცაა” (1936) ანა ფროიდი აანალიზებს წინააღმდეგობას, რომელსაც ის ადამიანის თავდაცვის მთავარ მექანიზმად მიიჩნევდა. ეს არის ქვეცნობიერი პროცესი, რომლის მეშვეობითაც ბავშვი ქცევის ძირითად ნორმებს ითავისებს. მაგრამ ანა ფროიდს მიაჩნდა, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ეს მექანიზმი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. მოცემული არაორდინარული ნაშრომი ეგოს ფსიქოლოგიის შესწავლასა და მოზარდის ფსიქოლოგიის განვითარებაში გამყოფ ხაზად ითვლება.
1938 წელს ნაცისტების მიერ ავსტრიის ოკუპაციისთანავე ანა ფროიდი დააპატიმრეს, მამამისის სახლი კონფისკაციაში მოჰყვა. ანა მალევე გაათავისუფლეს, ხოლო სამი თვის შემდეგ მამასთან ერთად, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და თითქმის ოცი წლის განმავლობაში ებრძოდა ამ მომაკვდინებელ სენს, იგი ტოვებს ავსტრიას და ლონდონში სახლდება. ზიგმუნდ ფროიდი მომდევნო წელს გარდაიცვალა. მამის სიკვდილმა ანაზე ძალიან იმოქმედა. ანა მამის მუდმივი ინტელექტუალური კომპანიონი იყო და ხანგძლივი ავადმყოფობის პერიოდში უვლიდა. მისი სიკვდილის შემდეგ ანა ფროიდის ნაშრომების მეტი წილი ფსიქოანალიტიკოსების ახალი თაობის მიერ ზიგმუნდ ფროიდის ანალიზის პრინციპების დამახინჯების აღკვეთისკენ იყო მიმართული.
1941 წელს ანა ფროიდი და დოროთი ბერლინგჰემი აარსებენ ჰემპსტედის სამხედრო თავშესაფარს ბავშვებისთვის, რომლებიც ომის დროს მშობლებს მოწყდნენ. თავიანთ მუშაობას ისინი ასახავდნენ სტატიებში: “პატარა ბავშვები ომის დროს” (1942), “ჩვილები ოჯახის გარეშე” (1943) და “ომი და ბავშვები” (1943).
ომის დასაწყისში ბერლინგჰემს ახალგაზრდა კაცთან ჰქონდა ხანმოკლე რომანი. ფროიდისთვის მიწერილ წერილში ბერლინგჰემი წერდა: “ჩემი წერილებიდან შენ მიხვდი, რომ მე მეშინოდა – მეშინოდა გართულებებისა, მეშინოდა იმისა, რომ ჩვენ დაგვაშორებდნენ – მაგრამ მხოლოდ ახლა გავიაზრე ბოლომდე, რომ შემეძლო მართლაც დამეკარგე და ამის შედეგებს ჩემი და ჩვენი, ორივეს ცხოვრების დანგრევა შეეძლო”. მოგვიანებით ბერლინგჰემი დაწერს, რომ ფროიდთან მისი ურთიერთობა ყველაზე მშვენიერი ურთიერთობა იყო, რომელიც კი ოდესმე ჰქონია.
1952 წელს ქალებმა ჰემპსტედის საბავშვო თერაპიული კურსები და კლინიკა გახსნეს. ეს იყო ბავშვებს ფსიქოანალიზის მეთოდით მკურნალობის პირველი დაწესებულება. მომდევნო ოცდაათი წელიწადი ანა ფროიდი ამ დაწესებულების დირექტორი იყო. 1968 წელს გამოქვეყნებული წიგნი “ნორმა და პათოლოგია ბავშვებთან” ანა ფროიდის კვლევითი სამუშაოსა და პრაქტიკული გამოცდილების დასკვნას წარმოადგენს. 1979 წელს მან ბოლო გზაზე გააცილა დოროთი ბერლინგჰემი. მისი გარდაცვალების შემდეგ ბერლინგჰემის შვილიშვილმა ანას უთხრა: “მისთვის თქვენ ამქვეყნად ყველაფერი იყავით, თქვენთან ერთად ის ბედნიერად ცხოვრობდა. როგორ გაუმართლა, რომ თქვენი პოვნა და დატოვება მოახერხა”.
ანა ფროიდი 1982 წლის 9 ოქტომბერს ლონდონში გარდაიცვალა. ელიზაბეტ იანგ-ბრეილი ფსიქოანალიტიკურ შრომაში, რომელიც ანა ფროიდის ბიოგრაფიას ეძღვნება, თავისი კვლევის ობიექტის ფსიქიკური სახე წარმოაჩინა. ის წერდა: “მისი მასტურბაციური კონფლიქტი ნაწილობრივ ფანტაზიებში სუბლიმირდა, რომლებიც თანდათანობით თავისუფლდებოდნენ – ჯერ შემტევი ფანტაზიები, შემდეგ დღის სიზმრები, მერე შემოქმედებითი სამუშაო; და ნაწილობრივ კონტროლდებოდა ზოგიერთი იძულებითი ფსიქიკური მოქმედების შემცვლელებით, როგორიც იყო ქსოვა. მან გამოიმუშავა მიუღებელი იმპულსებისა და სურვილებიდან მისაღები გამოსავლის პოვნის, აგრეთვე სხვების ინტერესებისადმი თავისი სურვილების იძულებით და მსხვერპლის სახით დაქვემდებარების ჩვევა…”
“მან მოახერხა სექსუალობაში მეცნიერული ინტერესი ენახა, მაგრამ ვერ შეძლო სექსუალურად აქტიური ყოფილიყო ვერც ჰეტეროსექსუალურ და ვერც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გადამწყვეტი ფაქტი და მისი მთავარი დაცვა სუბლიმაცია იყო, რაც ასევე ნიშნავს: არანაირი წინააღმდეგობა”. იანგ-ბრელი წერს ანა ფროიდის ქალებთან ურთიერთობაზე: “მოთხოვნილებები, რომლებსაც ის ბევრი ქალის ყოლის მეშვეობით იკმაყოფილებდა, უფრო რთული იყო, ვიდრე სიყვარულის და მამაკაცთან მსგავსების უბრალო მოთხოვნილება – რომც გავითვალისწინოთ, რომ მამასთან, როგორც მამაკაცთან გაიგივება შეიძლებოდა ქალიშვილის მამისადმი სიყვარულის ძალის უარყოფა ყოფილიყო, ისევე როგორც მისი ფალიკური სურვილების დაკმაყოფილება”.შესაძლოა ჩვენ ვერასდროს გავიგოთ არსებობდა თუ არა სექსუალური ურთიერთობა დოროთი ბერლინგჰემსა და ანა ფროიდს შორის. ჭორები ლესბოსელობის შესახებ მათ მთელი ცხოვრება თან სდევდათ. ბერლინგჰემის შვილიშვილი მიქაელი კი მათ “ინტელექტუალ ლესბოსელებს” უწოდებდა და ამით იმაზე მიანიშნებდა, რომ სქესობრივი კონტაქტები თითქმის უმთავრესი ელემენტია ლესბოსურ ურთიერთობაში. ბიოგრაფის, დელ რიჩარდსის თანახმად, ფროიდი და ბერლინგჰემი ერთმანეთს “ტყუპებად და “იდეალურ მეგობრობაში” სრულყოფილ პარტნიორებად მიიჩნევდნენ. ერთმანეთთან სექსუალური კავშირის არსებობის დამტკიცების (ან უარყოფის) აუცილებლობამ ეს ქალები გეების ისტორიაში მოახვედრა. ამ აუცილებლობას მხედველობიდან რჩება ლესბოსური ურთიერთობების ყველაზე აშკარა ასპექტი – მათი ინტელექტუალური მხარე”.
ჩანს ანა ფროიდი საკუთარ თავს ლესბოსელად არ თვლიდა და ამ სფეროში მომუშავე მისი თანამედროვეების უმრავლესობის მსგავსად ჰომოსექსუალობის არანორმალურობა და მისგან “განკურნების” აუცილებლობა სწამდა.
ნოვატორულობამ ბავშვთა ფსიქოლოგიაში და მამამისის თეორიის სიწმინდის დაცვამ ანა ფროიდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აქცია ფსიქოანალიზში – სფეროში, რომელმაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უდიდესი ზეგავლენა იქონია XX საუკუნეში საზოგადოების მიერ გეების შეფასების (და გეების თვითშეფასების) მეთოდზე. თავისი მაგალითით ანა ფროიდი წარმოაჩენს მოსახერხებელ გამოსავალს ქალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ჰეტეროსექსუალობის სტანდარტულ ფორმებს არ სჯერდებიან და სხვა ქალებში დიდ ემოციურ მხარდაჭერას პოულობენ, აგრეთვე “შემოქმედებით სამუშაოში სექსუალური მისწრაფებების “სუბლიმაციას”.
მოამზადა ნინო ძანძავამ
Biography of Anna Freud, one of the founders of children’s psychoanalysis, her relationships with Dorothy Burlingham, and her contribution to the development of adolescents’ s psychology.Author: Paul Russell
Prepared by Nino Dzandzava