ფოტო: Agniya Tolstokulakova
სექსუალური უფლებები - ვიზუალური ნამუშევრების კონკურსი
21 09 2018

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში (25 ნოემბერი - 10 დეკემბერი) "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვიზუალური ნამუშევრების კონკურსს სექსუალური უფლებების თემაზე.
არჩეული 16 ნამუშევარი გამოყენებული იქნება 16 დღიანი ონლაინ კამპანიისა და ფინალური გამოფენისათვის.

ქვემოთ მოცემული 16 უფლება წარმოადგენს "სექსუალური უფლებები: IPPF დეკლარაციის" ინტერპრეტაციას. თითოეულ უფლებაზე ონლაინ კამპანიისთვის WISG შეარჩევს თითო ვიზუალურ ნამუშევარს.

1. სექსუალური უფლებები არის ადამიანის თავისუფლების, თანასწორობის და ინდივიდუალობის განუყოფელი ნაწილი.
2. შენი უფლებაა თავად განკარგო საკუთარი სექსუალური ცხოვრება, ძალადობის და იძულების გარეშე.
3. შენი სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა გასამართლებას არ ექვემდებარება.
4. ქალი არ არის ვალდებული გახდეს დედა. შვილის ყოლა ადამიანის არჩევანია.
5. შენი უფლებაა დაცული იყოს ინფორმაცია შენი სექსუალური ცხოვრების შესახებ. იძულებითი ქამინგ-აუთი აკრძალულია.
6. შენი უფლებაა აირჩიო პარტნიორი, გამოავლინო სექსუალური პოტენციალი და მიიღო სიამოვნება.
7. შენი უფლებაა არ დათანხმდე იძულებით მკურნალობას და არასაჭირო სამედიცინო პროცედურებს.
8. შენი უფლებაა შენი დოკუმენტები ასახავდეს შენს პიროვნებას, მიუხედავად შენი გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვისა.
9. ყველა სექსუალური ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ურთიერთთანხმობას.
10. შენ გაქვს უფლება მიიღო, მოიძიო და გაავრცელო ინფორმაცია სექსუალობის შესახებ.
11. შენ გაქვს უსაფრთხო სექსის უფლება.
12. შენ გაქვს უფლება მიიღო სექსუალური განათლება.
13. შენ გაქვს უფლება იყო ძალადობისგან დაცული მიუხედავად შენი სექსუალური ქცევისა, ადგილსამყოფელის და სხვა გარემოებებისა, სულერთია სექს-მუშაკი ხარ თუ მსჯავრდებული.
14. შენ გაქვს უფლება არ დათანხმდე იძულებით და/ან ადრეულ ასაკში დაქორწინებას.
15. შენ გაქვს სექსუალური ოცნებების, ფანტაზიების, სურვილების და სექსუალური თვითრეალიზაციის უფლება სტიგმის, სტერეოტიპების, წნეხის, დარცხვენის, მარგინალიზაციის, შიშის და ცრურწმენების გარეშე.
16. პატივი ეცი სხვის სექსუალურ უფლებას.

კონკურსის პირობები:
* მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
* ერთ ავტორს შეუძლია რამდენიმე ნამუშევარის გამოგზავნა;
* ავტორს შეუძლია თავად აირჩიოს მოცემული 16 მუხლიდან რომელზე/რომლებზე შექმნას ნამუშევარი/ნამუშევრები;
* ნამუშევარი უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს;
* ნამუშევარი შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ტექნიკით: ნახატი, ფოტო, კომპიუტერული გრაფიკა, კომიქსი, შერეული მედია;

ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
* უნდა შეესაბამებოდეს არჩეული მუხლის შინაარსს;
* ჰორიზონტალური ნამუშევარი გამოგზავნილი უნდა იყოს 1024 x 512 პიქსელური რეზოლუციით, ხოლო ვერტიკალური ნამუშევარი - 476 x 714 პიქსელური რეზოლუციით.
* გამოგზავნილი ფაილის ფორმატი TIFF, მოცულობა არაუმეტეს 5MB.

ნამუშევრების არჩევისას მთავარი კრიტერიუმები იქნება: შესრულების ხარისხი, ფორმის ორიგინალურობა და რამდენად საინტერესოდ მოხდება ტექსტის ვიზუალური ინტერპრეტაცია.
კონკურსის ფარგლებში არ განიხილება ჰომო/ბი/ტრანსფობიური, ქსენოფობური და სექსისტური შინაარსის მქონე ნამუშევრები.
შერჩეული ნამუშევრები განთავსდება კამპანია 16 დღის გვერდზე და გამოიფინება.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

კონკურსის პირობებით გათვალისწინებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი - 500
II ადგილი - 375
III ადგილი - 250
ყველა ფულადი პრიზი ექვემდებარება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, რომელსაც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" განახორციელებს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 9 ნოემბერი
ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@women.ge

დამატებითი პირობები: "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" უფლებას იტოვებს გამოიყენოს კონკურსზე შემოსული ნამუშევრები როგორც კონკურსის ფარგლებში, ისე სხვა ბეჭდვითი პროდუქციის შექმნისას ავტორის ვინაობის (სახელი, გვარი ან ფსევდონიმი) მითითებით.

ილუსტრაციის ავტორი: Agniya Tolstokulakova



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია