დაიბადა 1956 წლის 18 დეკემბერს პრაღაში. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მარტინა სამი წლის იყო. იგი დედასთან დარჩა, რომელიც სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორი იყო. 1961 წელს მარტინას დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალი ჩოგბურთის მწვრთნელი იყო და მარტინა სპორტის ამ სახეობამ გაიტაცა, თუმცა ჩოგბურთის გარდა, მეზობელ ბიჭებთან ერთად ჰოკეის და ფეხბურთსაც თამაშობდა.
60-იანი წლების შუა ხანიდან მამინაცვალს გოგონა საზაფხულო ტურნირებზე გაჰყავდა, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ტარდებოდა. მარტინა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშის, გეორგ პარმას გაკვეთილებს იღებდა. 1968 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ჩეხეთის ოკუპაცია მოახდინა, მისი მეცადინეობა მოულოდნელად შეწყდა. პარმამ, რომელიც ამ დროს ავსტრიაში იმყოფებოდა, გადაწყვიტა ქვეყანაში აღარ დაბრუნებულიყო.
1969 წელს მარტინა ჩოგბურთის კლუბების გაცვლითი პროგრამით დასავლეთ გერმანიაში მიემგზავრება. გერმანია მისთვის აღმოჩენა იყო. “ჩემმა პირველმა გამგზავრებამ ჩემი ეჭვების უტყუარობაში დამარწმუნა - დასავლეთს ის სტილი და თავისუფლება აქვს, რომელიც უცხოა კომუნიზმისთვის”, - წერდა იგი 1985 წელს ავტობიოგრაფიაში სახელწოდებით “მარტინა”. გერმანიაში მოპოვებული გამარჯვებების სერიის შემდეგ, სამშობლოში გაზრდილი სპორტული ავტორიტეტითა და საწერი კალმების დიდი კოლექციით დაბრუნდა, რომლებიც იმ დროინდელ ჩეხოსლოვაკიაში არ იშოვებოდა. 16 წლის ასაკში მარტინა სათამაშოდ პრაღის კლუბ “სპარტაში” მიიწვიეს. “სპარტა” ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბს წარმოადგენდა. 70-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლური ბლოკის სხვა ქვეყნებში - ბულგარეთი, უნგრეთი, საბჭოთა კავშირი – თამაში გამო მას უფრო უცხოეთში იცნობდნენ, ვიდრე სამშობლოში.
1973 წელს ნავრატილოვას უფლება მისცეს, ზამთრის სეზონი შეერთებულ შტატებში გაეტარებინა. 1974 წელს მისი განმეორებითი ტურნე შედგა ამერიკაში, რომლის დროსაც ფრედ ბარმენი გაიცნო, მენეჯერი ბევერლი-ჰილზიდან. ბარმენი უცხოეთში მარტინას წარმომადგენლი გახდა. ამ ნაბიჯმა უსიამოვნება გამოიწვია ჩეხეთში, სადაც ადამიანებმა “მარტინას ამერიკანიზაციაზე” დაიწყეს ლაპარაკი. თავის მხრივ ნავრატილოვა ძალიან დათრგუნული იყო იმ ფაქტით, რომ ყველა პრიზი ამერიკულ ვალუტაში ჩეხეთის ჩოგბურთის ფედერაციისთვის უნდა გადაეცა.
მან უცხოეთში დარჩენის შესაძლებლობებზე დაიწყო ფიქრი და 1975 წლის აგვისტოში ფრედ ბარმენის მეშვეობით ნიუ-იორკის ემიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურზე გავიდა. ნავრატილოვა ხაზგასმით ამტკიცებდა, რომ რჩება არა პოლიტიკური მოტივების საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ “მინდა ტენისი ვითამაშო იქ, სადაც მინდა და როცა მინდაო”.
საპასუხოდ ჩეხეთის ფედერაციამ მიიღო დადგენილება: ”მარტინა ნავრატილოვამ უარყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხოსლოვაკიაში საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის მას ყოველგვარი საშუალება ჰქონდა, მაგრამ მან პროფესიული კარიერა და სქელი ჩეკის წიგნაკი აირჩია”.
ერთ-ერთი აღმოჩენათაგანი, რომელიც მარტინამ ახალ ამერიკულ ცხოვრებაში გააკეთა, ქალების მიმართ მისი მიზიდულობა იყო. “ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა,- წერს იგი, - თანაც ჩემზე უფროს ქალთან, რომელიც შტატებში გავიცანი, და ეს ძალიან ბუნებრივად მეჩვენებოდა. მსგავსი ურთიერთობებისა არაფერი გამეგებოდა, ძალიან მერიდებოდა, მაგრამ ყველა მინიშნებას ვიჭერდი, რომელიც მისგან ჩემი მისამართით მოდიოდა. საბოლოოდ მის გვერდით მოვკალათდი. იცოდა, რასაც აკეთებდა. არ მახსოვს ყვავილები და სანთლები, მაგრამ მახსოვს სიმშვიდის და მასთან ყოფნის ბედნიერების გრძნობა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში. როდესაც ეს მოხდა, ვთქვი, რომ, უბრალოდ, შესანიშნავი იყო. მეორე დილით კი უკვე ვნებიანად, გონების დაბინდვამდე ვიყავი მასზე შეყვარებული”.
აქედან მოყოლებული მარტინა ნავრატილოვას პირადი ცხოვრების დეტალები ბულვარული პრესის ფურცლებიდან არ ჩამოსულა. მარტინა ნავრატილოვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლესბოსელი სპორტსმენია. რიტა მეი-ბრაუნთან მისი ურთიერთობა კი - თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი რომანი (მადონასა და სანდრა ბერნარდტის ფსევდორომანის გამოკლებით).
მოამზადა ნინო ძანძავამ
Author: Paul Russell
Prepared by Nino Dzandzava



