როგორ დავეხმაროთ მეგობარს, რომელიც აბორტის გაკეთებას აპირებს
26 11 2015
სიცოცხლის განმავლობაში სამი ქალიდან ერთს მაინც უწევს აბორტის გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, რაღაც მომენტში (თუ ასეთი მომენტი ჯერ არ გქონიათ) თქვენს რომელიმე მეგობარს აბორტის გაკეთება მოუწევს, ან ამის შესაძლებლობას მაინც განიხილავს. ასეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაშიც შეიძლება, დადგეს - ამ დროს ხვდებით, რომ მეგობრის გვერდით ყოფნა შეიძლება, ძალიან დაგეხმაროთ პროცესის სწორად წარმართვაში. როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და გავრცელებული სამედიცინო პროცედურა,   წესით, აბორტი ასე ძნელად აღსაქმელი არ უნდა იყოს.  სამწუხაროდ, ინტენსიური კულტურული სტიგმისა და დაბრკოლებების გამო, რაც აბორტს ფინანსურად, კანონითა და ფიზიკურად ძნელად მისაწვდომს ხდის, მისი აღქმა შესაძლოა, რთული ემოციური პროცესი იყოს. მაშ ასე, ეს ტექსტი კარგი მეგობრობის გაწევაზეა. აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ამოვუდგეთ მხარში ადამიანს იმ პროცესის განმავლობაში, რომელზეც ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ სამარცხვინოა და დუმილით უნდა ავუაროთ გვერდი. რადგან ეს ცოდნა, აბორტის ხელმისაწვდომობისთვის სტიგმასა და პოლიტიკურ დაბრკოლებებთან საჯარო კამპანიებით, გამოსვლებითა და დემონსტრაციებით აუცილებელ ბრძოლასთან ერთად, ჩვენს პირად ურთიერთობებშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ. ჩვენთვის არ უსწავლებიათ, როგორ ველაპარაკოთ ერთმანეთს აბორტზე ისე, რომ გავამხნევოთ და დავეხმაროთ. რაღაც მხრივ, მეგობარი, რომელიც აბორტის გაკეთებაზე ფიქრობს, შეიძლება, ისევე გავამხნევოთ, როგორც სხვა გადაწყვეტილების მიღებისას - გულისხმიერად მოვეპყროთ და არ განვსაჯოთ. მაგრამ მეორეს მხრივ, აბორტის გამოცდილება განსაკუთრებულია და მნიშვნელოვანია, კარგად მოვიფიქროთ, როგორ დავუდგეთ მხარში მეგობარს, რომელიც აბორტის გაკეთებაზე ფიქრობს ან უკვე გააკეთა ეს არჩევანი.
  1. დაეხმარე მეგობარს ზუსტი ინფორმაციის მოპოვებაში
აბორტის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის სიმწირის გამო, შეიძლება, სერიოზულ პრობლემად იქცეს ისეთი ცნობების მოპოვება, რომელიც აბორტის სტიგმატიზაციას არ უწყობს ხელს, არ არის დამთრგუნველი ან სამედიცინო თვალსაზრისით სრულიად მცდარი. გუგლში სიტყვა „აბორტის“ ჩაწერამ შეიძლება აბორტის საწინააღმდეგო ის უამრავი ვებგვერდი ამოგიგდოთ, რომლებიც „ნამდვილი ფაქტებით“ იწონებენ თავს, თუმცა, სრულიად ძალადობრივი, თვალსაჩინო ხერხებით აღწერენ, როგორი შეიძლება იყოს აბორტი. ეს ვებგვერდები აუცილებლად გიამბობენ აუტანელ ტკივილზე, თვალწინ სისხლიანი ნაყოფის სურათებს დაგიდებენ და „პოსტ-აბორტულ სინდრომს“ განიხილავენ (სხვათა შორის, ეს თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შექმნილი სინდრომია, რომელსაც ფსიქოლოგები არ აღიარებენ). ამ ვებგვერდებს ხშირად სრულიად უვნებელი სახელები ჰქვია, მაგალითად „აბორტის არჩევანი“ (abortionchoices.com), ან „ფაქტები აბორტებზე“ (abortionfacts.com), მაგრამ ისინი აბორტების საწინააღმდეგო ორგანიზაციებს ეკუთვნის და მნახველების ყურადღებას მიზანმიმართულად არიდებენ ნამდვილ ფაქტებს. ორსულობის კრიზისულ ცენტრებსაც დიდი წვლილი შეაქვთ აბორტების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. ამ ცენტრებს ნამდვილ კლინიკებად მოაქვთ თავი და ყველას, ვინც იქ აბორტზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ფეხი შეუცდება, დამფრთხალს, დაშინებულს და შერცხვენილს უშვებენ უკან. საუკეთესო შემთხვევაში ამ ვებგვერდებმა და ვითომ კლინიკებმა შეიძლება, უბრალოდ დააბნიოს ვინმე, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის მათთან პირისპირ წარდგომა შეიძლება, ძალიან მტკივნეული იყოს. და რადგანაც თქვენი მეგობარი ამ დროს შეიძლება, ემოციურად ძალიანაც მოწყვლადი იყოს,  გამორიცხული არაა, ამ ყველაფრის გაქარწყლება არც ისე ადვილი აღმოჩნდეს. დაეხმარეთ მეგობარს საჭირო რესურსების მოძებნაში ზუსტი, სრულფასოვანი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც მათ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
  1. ნუ ილაპარაკებთ „სირცხვილის“ ენაზე
ფეხმძიმობაზე ლაპარაკის სხვადასხვანაირი ხერხები არსებობს და ზოგი სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ, საკმაოდ მკვეთრია, ასე რომ რთულია გაერკვე, რომლის თქმა ღირს და რომლის - არა. მაგალითად, ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როცა აბორტების მოწინააღმდეგეები სიტყვა „ბავშვს“ დანაშაულის გრძნობის გასაღვივებლად იყენებენ იმ ადამიანებში, ვინც აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებს. „ნაყოფი“ უფრო სწორი სიტყვაა და საუკეთესოა იმ ადამიანთან საუბარში გამოსაყენებლად, ვინც აბორტზე ფიქრობს. თუმცა, ხანდახან ეს სიტყვა სხვა ადამიანის გრძნობებს არ შეესაბამება. გამოიყენეთ ის სიტყვები, რომლებსაც თქვენი მეგობარი თავისი ფეხმძიმობის აღწერისას ხმარობს; იმის ნაცვლად, რომ შეუსწოროთ,  ასე თქვენ მათივე ხედვას გაიზიარებთ. ვარიანტების განხილვისას, მათი სიტყვით გადმოცემა, შესაძლოა ძნელი აღმოჩნდეს. „აპირებ ორსულობის ვადამდე მიყვანას?“ შეიძლება, კითხვის საუკეთესო ფორმულირება იყოს, იმის ნაცვლად რომ ვკითხოთ: „ბავშვის გაჩენას აპირებ?“. კიდევ ბევრი საფრთხილო სიტყვა არსებობს, ასე რომ, როცა რამეს კონკრეტული ფორმით ამბობთ, იფიქრეთ, თუ რა მნიშვნელობით იქნება ნათქვამი აღქმული. ეჭვი თუ შეგეპარათ, თქვენივე მეგობრის სიტყვები გამოიყენეთ.
  1. დაეხმარე მეგობარს, მიიღოს მისთვის (და არა - შენთვის, მისი პარტნიორისთვის ან ოჯახისთვის) საუკეთესო გადაწყვეტილება
თუ თქვენი მეგობარი ცდილობს, გადაწყვიტოს, გაიკეთოს თუ არა აბორტი, სხვადასხვა დეტალების განხილვისას შეგიძლიათ, მისთვის საცდელი აუდიტორიის როლი შეასრულოთ. ბევრმა მაშინვე იცის, ორსულობის განგრძობა უნდა თუ აბორტი. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს შესაძლოა, გზაჯვარედინი იყო - მომენტი, როცა შეუძლიათ, გადაწყვიტონ, რომელ გზას დაადგნენ. პარტნიორების, ოჯახის, მეგობრების ან გარშემომყოფების მხრიდან წნეხის გამო, ზოგისთვის ეს შეიძლება, რთული პერიოდი  აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მისაღებად. ხანდახან პრობლემა შინაგანი კონფლიქტია, რომელიც იმას ეფუძნება, თუ რას ეუბნებიან სხვები და რა უნდა თვითონ.
  1. დაეხმარეთ გეგმის შედგენაში
თუ თქვენმა მეგობარმა აბორტის გაკეთება არჩია, შესაძლოა, ბევრი საქმე დაგროვდეს, რასაც მოგვარება დასჭირდება. პირველ რიგში კლინიკა უნდა იპოვნოს და ექიმთან ვიზიტი დაგეგმოს. შეიძლება, იმაზეც მოუხდეს ზრუნვა, როგორ გაეთავისუფლოს იმ დღეს სკოლიდან ან სამსახურიდან. ან ბავშვებთან ვინმეს დატოვება დასჭირდეს. შეიძლება, აბორტის ფული არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზღვევა უმეტესად აბორტის ხარჯებს არ ფარავს ხოლმე, ასე რომ, ფასი, შესაძლოა, საკმაოდ მაღალი იყოს. რადგან აბორტის კლინიკების უმეტესობა წინასწარ გადახდას ითხოვს, თქვენს მეგობარს შეიძლება, თანხის სასწრაფოდ შოვნაში დასჭირდეს დახმარება. კლინიკაში მისვლამ შესაძლოა, ასევე სტრესი გამოიწვიოს. ბევრი პაციენტისთვის ანესთეზია პროცედურის შემადგენელი ერთ-ერთი ვარიანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ შინ მარტო ვერ დაბრუნდებიან. თუ მოახერხებთ, სახლში წამოყვანა შესთავაზეთ, ან ისეთი ვინმეს პოვნაში დაეხმარეთ, ვინც წამოიყვანს. თუ მეგობარს უნდა და თქვენც მოახერხებთ ექიმთან ვიზიტზე გაყოლას, ეს ყველაზე დიდი დახმარება იქნება თქვენი მხრიდან. თუნდაც მოსაცდელში მოგიწიოთ ჯდომა, უბრალოდ, იმის ცოდნა, რომ იქ ხართ, თქვენი მეგობრისთვის დიდი ნუგეში იქნება. აბორტთან დაკავშირებულმა ყველა ამ საზრუნავმა შეიძლება დიდი სტრესი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც 18 წელი არ შესრულებია, ვინც სოციალურად და ეკონომიურად გაცილებით სუსტია ან ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც აბორტის კლინიკები არ არის. ამ საზრუნავებიდან ზოგიერთი წვრილმანია, ზოგი კი - საკმაოდ სერიოზული. საკუთარ თავზე მხოლოდ ის აიღეთ, რის გაკეთებასაც შეძლებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ სულ პატარა დახმარებაც კი ნუგეშია. და თქვენი მეგობარი ძალიან მადლიერი დაგრჩებათ, რომ მის გვერდით იყავით.
  1. დაიმახსოვრეთ: ეს თქვენი გადაწყვეტილება არ არის
გულშემატკივრის როლში ადვილია რაღაცების ისე აღქმა, თითქოს, თქვენ იყოთ თქვენი მეგობრის ადგილას. მაგრამ მათ ადგილას თავის დაყენებამ შეიძლება, თქვენს დახმარებას ფასი დაუკარგოს. გახსოვდეთ: ეს თქვენი გადაწყვეტილება არ არის. თქვენ არ დაგაწვებათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა მთელი თავისი სიმძიმით. ნუ შეხედავთ ამ გადაწყვეტილებას ისე, თითქოს თვითონ იღებდეთ; შეეცადეთ, ამ ყველაფერს თანამშრომლობის კუთხით მიუდგეთ. დაუჭირო მხარი ადამიანის არჩევანს, გაიკეთოს აბორტი ან ორსულობა გააგრძელოს, თუნდაც მას არ ეთანხმებოდე - ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ის ადამიანი თვითონ განაგებს საკუთარ ცხოვრებას. თქვენ შეგიძლიათ იმით დაეხმაროთ, რომ მის გადაწყვეტილებას კვერი დაუკრათ მაშინ, როცა იცით, რომ ხანდახან „სწორი“ არჩევანის გაკეთება უბრალოდ, შეუძლებელია, სამაგიეროდ იმ მომენტში ეს მათთვის საუკეთესო არჩევანია.
  1. ვარაუდებს და გაკიცხვას ერიდეთ
არ გაკიცხოთ მეგობარი იმისთვის, რომ, მაგალითად, პარტნიორს ან ოჯახის წევრებს ორსულობის ამბავს არ უმხელს. ამის ვინმესთვის გამხელა საკმაოდ რთულია და საბოლოოდ თქვენი მეგობრის გადასაწყვეტია, ვის ეტყვის და ვის - არა. თუ მეგობარს უნდა, ორსულობის ამბავი საიდუმლოდ შეინახეთ. დარჩით სანდო ადამიანად. გახსოვდეთ, რომ თუ მეგობარმა ეს ამბავი თქვენ გითხრათ, ესე იგი, დიდი საქმე მოგანდოთ. თანაგრძობის სწავლა შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ისაა, რაც ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია, შევთავაზოთ მეგობრებს. ყოველთვის ემპათიისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რაც თანაგანცდას ნიშნავს და არა სიმპათიისკენ, როცა რაღაცას იწონებ. როდესაც 18 წლის ასაკში აბორტი გავიკეთე, ეს მხოლოდ ჩემს პარტნიორს და უახლოეს მეგობარს ვუთხარი. თუმცა ეს ათი წლის წინ იყო, ერთ-ერთი, რაც ყველაზე კარგად მახსოვს იმ გამოცდილებიდან, ის არის, როგორ მომიჯდა მეგობარი გვერდით, როცა ორსულობის ამბავი გავიგე. ჩემ გვერდით იჯდა, სანამ ვტიროდი და დარჩა მაშინაც, როცა ამაზე ლაპარაკი დავიწყე. თვითონ ბევრი არაფერი უთქვამს, არ დავუდანაშაულებივარ და არ უთქვამს, რა უნდა მეღონა; არც ის, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. და ამისთვის მე მისი მადლობელი ვარ. იმ მომენტში ყველაზე მეტად, უბრალოდ, ვინმესთან ერთად ყოფნა მჭირდებოდა, ვინმე რომ მჯდარიყო გვერდით, ამ ემოციების მოთოკვაში და გეგმების დაწყობაში დამხმარებოდა. ეს მართლა დამეხმარა და ამ საჩუქრისთვის ვერანაირი მადლობა საკმარისი ვერ იქნება. აბორტის გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება ყველას სხვადასხვანაირი აქვს და ეს ტექსტი ყველას ვერ გამოადგება გზამკვლევად. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, ამ სახის დახმარება სჭირდება - ზოგი ადამიანი ძალიან იოლად და სწრაფად იღებს აბორტის გადაწყვეტილებას. სამწუხაროა,რომ კულტურული სტიგმის და აბორტების გამოცდილებაზე დუმილის, ისევე როგორც ფინანსური და პოლიტიკური ბარიერების გამო, აბორტები უფრო რთული ჩანს, ვიდრე არის. ამ ფონზე, აბორტი გაკეთებას სიმამაცე სჭირდება. გახსოვდეთ ეს. ჩვენთვის ხშირად უთქვამთ, რომ აბორტს თუ ვირჩევთ, ესე იგი სუსტები, ეგოისტები, სულელები ან მკვლელები ვართ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ პოლიტიკური ამინდის ფონზე, აბორტის გაკეთებას სიმტკიცე და ძალა სჭირდება. შენთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება სიმამაცეს მოითხოვს, განსაკუთრებით თუ სხვები შენგან სხვა რამეს მოითხოვენ. შეახსენეთ მეგობარს, რომ ის ძლიერი ადამიანია და შენ მზად ხარ, მხარში ამოუდგე. ხშირად ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა