: ინტერსექსთა ცნობადობის დღე
ინტერსექსად ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ეს უბედურების მომტანად მიიჩნევა
26 10 2019

დედამიწაზე დაბადებულ სიცოცხლეთა დაახლოებით 1.7% ინტერსექსია.

(CNN) - ბაბალვა მტშავუს არასდროს გამოუცდია სქესობრივი მომწიფება. ზრდის პერიოდში მენსტრუაცია არ მოსვლია და არც დანარჩენი გოგოების მსგავსად გაზრდია მკერდი. სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კეიპის პროვინციის ქალაქ მტატჰაში დაბადებული მტშავუ ამბობს, რომ მისი ოჯახის კონსერვატიულობამ მისთვის რთული გახადა, ვინმესთან საკუთარი სხეულის შესახებ საუბარი.

"ადრეული ასაკიდანვე ვხვდებოდი, რომ სხეულში რაღაც რიგზე არ მქონდა, არსებული ნიშნების გამო. მაგრამ ვინაიდან ფერადკანიანთა ოჯახიდან ვარ, რომელიც ძალიან ტრადიციულია, ჩვენ არასდროს გვისაუბრია სექსუალურ თუ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე" - განუცხადა მტშავუმ CNN-ს.

ბაბალვა მტშავუ

25 წლის ასაკში, განსხვავებულობის მიზეზის გარკვევის მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, მან ბოლოს და ბოლოს ექიმთან ვიზიტი ჩანიშნა.

"ექიმებმა რამდენიმე შემოწმება ჩამიტარეს, და ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე, რომ ინტერსექსი ვარ", ამბობს მტშავუ.

რა არის ინტერსექსი?

ინტერსექსი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის დასახასიათებლად, როდესაც ადამიანი იბადება ისეთი სქესობრივი ან რეპროდუქციული ანატომიით, რომელიც არ ერგება მამრობითი ან მდედრობითი სქესის ჩვეულ განსაზღვრებას.

რთულია ზუსტი ციფრის დასახელება, თუმცა "ადამიანის ბიოლოგიის ამერიკული ჟურნალის" ანგარიშის მიხედვით, 1.7%-მდე ადამიანი ინტერსექსად იბადება.

მტშავუს მსგავსად, ინტერსექსი ადამიანი დაბადებისას გარეგნულად, შესაძლოა, მდედრობითი სქესის ჩანდეს, თუმცა მეტწილად კაცისთვის დამახასიათებელი შინაგანი ანატომია ჰქონდეს.

ექიმი დევიდ სიგალი, რომელიც იოჰანესბურგში ზრდისა და განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტია, ამბობს, რომ ინტერსექსად ყოფნის არაერთი შესაძლო ვარიაცია არსებობს, რასაც გენიტალიები, ქრომოსომის სტრუქტურები და ჰორმონების განსხვავებული კომბინაციები განსაზღვრავს.

მაგალითად, ადამიანი შესაძლოა დაიბადოს ერთდროულად სათესლე ჯირკვლისა და კვერცხუჯრედის ქსოვილებით, ან კომბინირებულად ატარებდეს მდედრობი და მამრობით ქრომოსომებს.

ინტერსექსის ზოგიერთი მახასიათებელი დაბადებისთანავე ხილულია, ზოგი კი, მხოლოდ მომწიფებისას ვლინდება. ხოლო ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება განვლოს ისე, რომ არ იცოდეს, რომ ინტერსექსია.

სიგალის თქმით, ბევრს არ ესმის ინტერსექსუალობა, რადგან არ ითვალისწინებენ, რომ არ არის აუცილებელი ანატომია და ჰორმონები ცალსახად მამრობითი ან მდედრობითი იყოს.

"ყველას უნდა გოგო ან ბიჭი შექმნას. ამ სპექტრს მიღმა დაბადებული ადამიანებისათვის კი ადგილი აღარ რჩება" - განუცხადა მან CNN-ს.

ჯადოქრობა და მაგია

მტშავუ, ამჟამად 32 წლის, აცხადებს რომ ზოგჯერ ინტერსექსად დაბადებულ ბავშვებს კლავენ იმ ტრადიციული რწმენის გამო, რომ მათ უიღბლობა მოაქვთ.

სამხრეთ აფრიკული გაზეთის Mail and Guardian-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ზოგიერთმა ტრადიციულმა მკურნალმა და ბებიაქალმა აღიარა განუსაზღვრელი გენიტალიის მქონე ბავშვების მკვლელობა.

ითვლება, რომ ეს ბავშვები ჯადოქრობისა და მაგიის გამოვლინებაა.

ამასთან, ბევრი ინტერსექსი ბავშვი უნებართვო სამედიცინო ჩარევასაც კი ექვემდებარება.

1960-იან წლებში, ექიმებმა იპოვეს გზები ისეთი ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებიც პაციენტებს დაეხმარებოდა ერთი სქესის უფრო ტრადიციული მახასიათებლების შენარჩუნებაში, მაგრამ ზოგი ასეთი ოპერაციის შედეგი არ დაემთხვა პაციენტთა საბოლოო გენდერულ იდენტობას.

ამ ოპერაციებმა ზოგიერთ პაციენტს შეერთებულ შტატებში სქესსა და გენდერს შორის შეუთავსებლობის შეგრძნება გაუჩინა, Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშის თანახმად.

ხოლო სამხრეთ აფრიკაში, გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარის ბიუროსათვის მიწოდებული ანგარიშის თანახმად, ბავშვებს გენიტალიებზე ოპერაცია კულტურული მიზეზების გამო უტარდებათ.

ზოგმა, ვისაც ასეთი ოპერაციები ჩატარებია, განაცხადა, რომ ეს სასტიკი და არასაჭირო პროცედურებია. ახსენეს დაზიანება, მათ შორის, უნაყოფობა, გენიტალიური მგრძნობელობის დაკარგვა და ოპერაციის შემდგომი დეპრესია, წერია მოხსენებაში.

ნტჰაბისენგ მოკოენა, ადამიანთა უფლებების აქტივისტი სამხრეთ აფრიკაში, აცხადებს რომ ინტერსექსი ადამიანის გენიტალიებზე არასაჭირო და იძულებითი ოპერაციების მასშტაბური ადვოკატირება ხდება, რათა ისინი ქალისა და კაცის განმსაზღვრელ სოციალურ ნორმებს მოარგონ.

ნტჰაბისენგ მოკოენა

მოკოენა, რომელსაც გენდერულად ნეიტრალური ნაცვლასახელით (They) მოხსენიება ურჩევნია, ამბობს რომ ზოგიერთმა ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნებოდა.

"საბედნიეროდ, ძალიან მხარდამჭერი დედა მყავდა და სწორედ მან დამიცვა არასაჭირო ოპერაციული ჩარევებისაგან, რომელსაც ექიმები უჭერდნენ მხარს. ამასთან, მან ადრეულ ასაკშივე მასწავლა განსხვავებულობის პატივისცემა და მიღება".

მცდარი შეხედულებები

ამჟამად უკვე კეიფტაუნის სტელენბოშის უნივერსიტეტის ლექტორი, მტშავუ, ამბობს რომ უამრავი მცდარი შეხედულება არსებობს ინტერსექსუალობის გარშემო.

YouTube-ზე თავისი ამბის საჯაროდ გაზიარების შემდეგ, მან ადამიანებისგან უცნაური შეტყობინებები მიიღო: "ხალხი ფიქრობს რომ ინტერსექსად ყოფნა მაგარია. ზოგჯერ ამბობენ "ნეტავ შენნაირი ვიყო, ორსულობაზე დარდი აღარ მომიწევდაო".

სქესისა და სექსუალური მრავალფეროვნების შესახებ განათლების მიცემა სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციით სავალდებულოა, თუმცა სკოლების მხოლოდ ძალიან მცირე რიცხვს აქვს სექსუალური მრავალფეროვნების შესახებ სწავლება პროგრამაში.

მტშავუს თქმით, ინტერსექსუალობის თვალსაზრისით მოსწავლეების განათლება შეამცირებს მის გარშემო არსებულ არასწორ შეხედულებებს.

"სასწავლო პროგრამა სამხრეთ აფრიკაში ნელნელა იცვლება, და ვფიქრობ მათთვის ინტერსექსის სწავლება გამარტივდება, რადგან ის უბრალოდ ბიოლოგიაა. ეს ბუნებრივი ფენომენია, როგორც ხელის გარეშე ან ზედმეტი თითით დაბადებული ადამიანი".

უსამართლო რეგულაციები

არასწორი წარმოდგენის გარდა, სქესის ვარიაციების მქონე ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან სკოლებში, ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სპორტულ შეჯიბრებებში.

გასულ წელს, ათლეტიკის ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) განსხვავებული სქესობრივი განვითარების მქონე ქალი ათლეტებისათვის (DSD) ახალი რეგულაცია წარადგინა.

DSD (Disorders of Sexual Development - სქესობრივი განვითარების აშლილობები) არის მდგომარეობა როცა ადამიანის სქესის განვითარება, მათ შორის გენები, რეპროდუქციული ორგანოები და ჰორმონები განსხვავდება სხვა ადამიანების განვითარებსგან.

რეგულაციის მიხედვით, მათ ვისაც ტესტოსტერონის დონე გარკვეულ ზღვარზე მაღალი აქვს სისხლში, ტესტოსტერონის დონის შესამცირებლად მოუწევთ მედიკამენტების მიღება, უწყვეტ რეჟიმში, სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე.

სამხრეთ-აფრიკელი საშუალო დისტანციაზე მორბენალი და ოლიმპიური მედალის მფლობელი, კასტერ სემენია, რომელსაც ბუნებრივად მაღალი ტესტოსტერონის დონე აქვს, სამართლებრივად ებრძვის ამ რეგულაციას და სპორტის მმართველ ორგანოს მის უსამართლოდ მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს.

კასტერ სემენია

თავიდან 28 წლის სემენიას დროებით მოეხსნა ტესტოსტერონის რეგულაციები, მაგრამ შვეიცარიის ფედერალურმა ტრიბუნამ შეცვალა რეგულაცია და სემენია ისეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოხსნა, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სექტემბერში დოჰაში ტარდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ რეგულაცია ზედმეტად დისკრიმინაციულად ცნო, მაინც აღინიშნა რომ ის "საჭირო, კეთილგონივრული და პროპორციულია".

სამართლებრივი აღიარება

დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, ვითარება მთლად წყვდიადით მოცული არ არის. სამხრეთ აფრიკამ არაერთი კანონი მიიღო ინტერსექსი ადამიანების უფლებების დასაცავად.

ქვეყნის 2003 წელს მიღებული "სქესის აღწერის აქტი" კანონიერად ცნობს ინტერსექს ადამიანებს და მათ უფლებას აძლევს შეცვალონ დაბადების მოწმობაში სახელი და სქესი მათთვის რჩეული გენდერული როლის შესაბამისად.

ანტი-დისკრიმინაციული კანონი ასევე ნათლად მოიცავს ინტერსექს ადამიანებს 'სქესის' განმარტებაში. კანონი მოითხოვს სამხრეთ აფრიკაში ინტერსექსი ადამიანების მიმართ თანასწორ მოპყრობას წინასწარგანწყობის გარეშე.

ასევე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად კენია, გზას უკაფავენ სქესობრივი ვარიაცების მქონე ადამიანების ინკლუზიას. აგვისტოში, პირველად ისტორიის მანძილზე, კენიამ ინტერსექსი ადამიანები მოსახლეობის აღწერაში შეიყვანა, რითიც ის პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ასე მოიქცა.

"ინტერსექსი ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციას აქვს ადგილი, რადგან საზოგადოებას არ აქვს საკმარისი საჯარო ინფორმაცია ინტერსექსუალობის შესახებ", - ამბობს ექიმი დევიდ სიგალი.

"ჩვენ კონტრასტს ვართ მიჩვეული. ან მაღალი ხარ ან დაბალი, ან გამხდარი ან მსუქანი, ან ქალი ან კაცი, არ არსებობს შუალედი და სხვა ვარიანტების გათვალისწინება. არ არსებობს იმის ბიოლოგიური გაგება, თუ რა ხდება. ხალხს რომ ეს ესმოდეს, დისკრიმინაციაც არ იქნებოდა" - განმარტავს სიგალი.

მტშავუ ამბობს, რომ ეტაპობრივად ითავისებს საკუთარ იდენტობას, თუმცა ზოგჯერ მაინც ნატრობს, რომ არ უწევდეს ინტერსექსად ყოფნის რეალობასთან გამკლავება.

"ამ ეტაპზე ვითავისებ საკუთარ ვინაობას, მაგრამ ეს არაა ის, რასაც ავირჩევდი, შესაძლებლობა რომ მქონოდა", თქვა მან.

თარგმნა: ანა ითონიშვილმა
წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი