ფემინისტური საკითხავი
03 04 2018

ისე გამოვიდა, რომ 2018 წლის პირველი მესამედი, თავიდან გაუცნობიერებლად, შემდეგ კი უკვე გამიზნულად, მთლიანად ქალი ავტორების კითხვას დავუთმე. ცოტა ხნის წინ მეგობარს ვეუბნებოდი, რომ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში ბოლოს წაკითხული წიგნების კომბინაცია ვარ, და, ჩამონათვალს რომ გადავხედე, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ქვემოთ მოცემული ავტორების უმეტესობას ხშირად ვუბრუნდები ხან განწყობისთვის, ხან შთაგონებისთვის, ხანაც უბრალოდ, ბრაზი რომ არ გამინელდეს. გთავაზობთ ბოლო პერიოდში წაკითხულ, ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ქალი ავტორების 6 ნაწარმოებს.

Sylvia Plath - Ariel / სილვია პლათი - არიელი

სილვია პლათის ბიოგრაფია მის ნაწარმოებებთან განუყოფლად არის გადაჯაჭვული. მის ლექსებში ხშირად გვხვდება თემები დეპრესიაზე, სიკვდილზე და თვითმკვლელობის მუდმივ, დაუოკებელ სურვილზე, რის გამოც მას ხშირად არასერიოზულ, "გარდატეხის ასაკის" პოეტადაც მოიხსენიებენ. თუმცა, სილვია პლათის მის დეპრესიასთან და თვითმკვლელობასთან გაიგივება ყურადღებას მიღმა ტოვებს მისი შემოქმედების პირველყოფილ, გაუფილტრავ, წინააღმდეგობრივ ქალურობას - ამბოხს და შეგუებას, პროტესტს და დამარცხებას, სინაზეს და ბრაზს, ქაოსს და წესრიგს, იუმორს და უფსკრულის პირას დგომის მუდმივ, დაუძლეველ სევდას. მახსოვს, პირველად რომ მოვუყარე თავი საკმარის ინგლისურს "Daddy (მამი)-ს" წასაკითხად, როგორ შემზარა და შემაზანზარა ლექსის სიბნელემ და სილამაზემ და როგორ მომანდომა ერთდროულად აღარასოდეს ამეღო ხელში კალამი და თან არასოდეს შემეწყვიტა წერა. სილვია პლათის შემოქმედება პირადად ჩემთვის ქალობის ყველაზე მიყრუებული, თუმცა ამავდროულად ყველაზე ლამაზი და ემოციური კუნჭულების ქრონიკაა.

Arundhati Roy - God of Small Things / არუნდატი როი - წვრილმანების ღმერთი

არუნდატი როი ინდოელი მწერალია, რომელსაც მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო ხშირად სამშობლოს მტრადაც მოიხსენიებენ. ერთი შეხედვით ინდოეთი ძალიან შორს უნდა იყოს ქართული რეალობისგან, როგორც გეოგრაფიულად, ისე მენტალურად, მაგრამ "წვრილმანების ღმერთის" კითხვისას ეს შეგრძნება ერთი წამითაც არ გაგიჩნდებათ. პირიქით, წიგნი სავსეა ჩვენთვის კარგად ნაცნობი თემებით - სოციალური ტაბუებით, "რას იტყვის ხალხით" და, ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული "ქალის ადგილით." წიგნი სიყვარულზეა, თუმცა ბედნიერი დასასრულის იმედი, გირჩევთ, პირველივე გვერდზე დატოვოთ. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ "წვრილმანების ღმერთი" მის თითოეულ მკითხველს ცოტა უკეთეს ადამიანად აქცევს და შეახსენებს, რომ ნაციონალური თუ რელიგიური კუთვნილების, რასის და წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ძარღვებში ერთნაირი სისხლი ჩქეფს.

Святлана Алексіевіч - У войны не женское лицо / სვეტლანა ალექსიევიჩი - ომს არ აქვს ქალის სახე

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი, ნობელიანტი დოკუმენტალისტი მწერალია, რომელთანაც ქართველებს ერთი დიდი საერთო გვაქვს - საბჭოთა კავშირის მოჩვენებებით გამოტენილი მენტალური სხვენი. "ომს არ აქვს ქალის სახე" მეორე მსოფლიო ომის აქამდე მოუყოლელ ამბებს გვიამბობს - ქალების განცდილ ამბებს, რომლებიც ისტორიამ მხოლოდ მშრალი ლოზუნგების, ან კაცების ჩამოტანილი ბრტყელი, მტვრიანი მედალების სახით შემოგვინახა. ქალების თვალით დანახული ომი სულ სხვანაირია - იმის მიუხედავად რომ მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა, ქალები ომიდან გამარჯვებულები არ დაბრუნებულან. წიგნი ნელა, სვენებ-სვენებით წავიკითხე, თხრობის მანერისაგან განსხვავებით, თემატიკა ძალიან მძიმეა. როგორც ავტორი თავად გვეუბნება, "მეცოდება ყველა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს და ყველა ისიც, ვინც მას არ წაიკითხავს."

Valerie Solanas - S.C.U.M Manifesto / ვალერი სოლანასი - ს.ქ.ა.მ მანიფესტი*

ვალერი სოლანასი ამერიკელი რადიკალი ფემინისტი იყო. 1968 წელს მან ენდი ვორჰოლის მოკვლა სცადა, რის გამოც ციხის გარდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა, პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით. ს.ქ.ა.მ (ინგლისურად იშიფრება როგორც "კაცების აკუწვის საზოგადოება") მანიფესტი სოლანასის ცხოვრების მთავარი ნამუშევარია. მანიფესტი სატირული ხასიათისაა და მასში საუბარია ქალების მიერ მამრობითი სქესის სისტემურ განადგურებაზე, როგორც მჩაგვრელი მექანიზმების დამხობის და სამყაროს გადარჩენის ერთადერთ გზაზე. ნამუშევრის რადიკალური ხასიათის მიუხედავად, ის ძალიან საინტერესო წასაკითხია და პირადად ჩემთვის ფემინისტური ბრაზის დისტილირებულ, კონცენტრირებულ ვერსიას წარმოადგენს.

Lindy West - Shrill: Notes from a Loud Woman / ლინდი ვესტი - წიკვინა: მოურიდებელი ქალის ჩანაწერები*

ლინდი ვესტი - აქტივისტი, მწერალი და კომიკოსი - ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფემინისტია. ლინდის ავტობიოგრაფია სავსეა ყველა იმ კოშმარით, რაც ციფრულ ეპოქაში მცხოვრებ, მსუქან, მოურიდებელ ქალს შეიძლება დაატყდეს თავს; იგი ბედავს, ბოდიში არ მოიხადოს საკუთარი სხეულის გამო და ბედნიერი იყოს მასში, რაც, როგორც მან საკუთარ ტყავზე ბევრჯერ გამოსცადა, ინტერნეტ ტროლების არმიას როგორც არაფერი, ისე აღაშფოთებს. ლინდის მოურიდებელი, ხმამაღალი არსებობა მას ონლაინ ჰარასმენტის წინა ხაზზე აიძულებს ბრძოლას და ისიც დაუჯერებელი ოსტატობით და უდარდელობით ახერხებს დაცინვის, დამცირების და მუქარის ცუნამისთან გამკლავებას. ლინდი ვესტი საუკეთესო მაგალითია იმისათვის, რომ შესაძლებელია ჩვენს სიძლიერედ ვაქციოთ ის, რასაც საზოგადოება ჩვენს ნაკლად მიიჩნევს და რომ საკუთარი თავის სიყვარული, სხვა ყველაფერთან ერთად, უალტერნატივო იარაღია ჰეითერებთან ბრძოლაში.

Samantha Hunt - The Dark Dark / სამანტა ჰანტი - უკუნეთი*

სამანტა ჰანტის არსებობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გავიგე და მისი ავტორობით რაც კი ხელში მომხვდა, ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით ვშთანთქე. მისი ბოლო წიგნი "უკუნეთი" მოთხრობების კრებულია, რომელშიც ავტორი რეალობისა და მისტიკის საზღვარზე მომხდარ თითქოს არარეალურ, თანაც კი სრულებით დაჯერებად ამბებს გვიყვება და საუკუნოვან, მძიმე კითხვებს დასტრიალებს. სამანტა ჰანტის შემოქმედების ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევა რთულია, თუმცა ასევე რთულია მისი კითხვისას გოთიკის ნოტების უგულებელყოფა. ჩემთვის სამანტა ჰანტის შემოქმედება ის საიდუმლოებით სავსე, ცოცხალი სიბნელეა, რომელში ხელის ფათურსაც ჩვენი გონების ყველაზე ამოუხსნელ, ყველაზე საინტერესო ადგილებამდე მივყავართ.


* სათაურების თარგმანი ჩემია



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის