აქცია „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“
01 08 2013
30 ივლისს, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამართა აქცია სახელწოდებით „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“. აქციის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, თავის ძირითად საქმიანობასთან შეთავსებით ე.წ. ქალიშვილობის დადგენის ექსპერტიზას ატარებს და შესაბამის საბუთს გასცემს განმცხადებლის ქალიშვილობასთან დაკავშირებით. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ქალები ამ პროცედურის ჩასატარებლად ბიუროს აკითხავენ არა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით, არამედ მომავალი მეუღლის ან მომავალი დედამთილის სურვილითაც. ქალიშვილობის დადგენა ამასთან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა, მაგალითად, დაჩქარებული წესით პასუხის მიღებას 350 ლარი სჭირდება. ამასთანავე, ექსპერტიზას იმის დადგენაც შეუძლია, ისარგებლა თუ არა განმცხადებელმა ივა კუზანოვის კლინიკაში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციით. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი, საქართველოში ცხვირის ოპერაციის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადია. აქცია 19:00 საათზე სწორედ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ოფისთან გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. პოსტერებითა და სასტვენებით აღჭურვილი მონაწილეები ზემოხსენებულ ბიუროსგან ითხოვდნენ მსგავსი მომსახურების შეწყვეტას და ასევე საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად დისკრიმინაციულია ქალის სექსუალური ქცევისადმი დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ხშირად ქალზე ძალადობის საფუძველიც ხდება. ამავე დღეს, სწორედ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გააკეთა განცხადება, სადაც კატეგორიულად უარჰყვეს სასამართლო ექსპერტიზის ფარგლებს გარეთ მსგავსი პროცედურების ჩატარება და რაიმე სახის მოწმობის გაცემა განმცხადებლის ქალიშვილობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი პოლიტიკოსების ყურამდეც მივიდა და მაშინ, როდესაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქალიშვილობის მოწმობის არსებობა ჩამორჩენილობის ნიშანია, ხოლო თინა ხიდაშელი ამ ამბავმა „შოკში ჩააგდო“, ზაქარია ქუცნაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მეუღლე არის მთავარი გამცემი პირი ცნობის, ამიტომაც, თუ მეუღლე, როგორც მთავარი ცნობის გამცემი, დაინტერესებულია იურისტების და ექსპერტების ჩარევაში, ვერ დავუშლით. ასე რომ, შევხედოთ ამ საკითხს უფრო მსუბუქად და დაველაპარაკოთ მეუღლეებს." აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა და საკმაოდ ფართო მედია დაფარვაც ჰპოვა.


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა