საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი გადაიდო
11 02 2016

დღეს, 10 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე მარინა ხოლოაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლეთა კოლეგიამ პროცესი გადადო.

საბი ბერიანის საქმეზე შემდეგი პროცესი, რომელზეც სახელმწიფო ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, 16 მარტს 15 საათზე გაიმართება.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში მოკლეს. 2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი ნაწილობრივ გაამართლა.

კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. ბერიანის განზრახ მკვლელობაში სასამართლომ კოჭლოშვილი უდანაშაულოდ ცნო.

2016 წლის 4 თებერვალს, საბი ბერიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაციით გარდაცვლილი იპოვეს.

ბიანკა შიგურვას საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია