ფოტო: ბარტი
მკვდრად შერაცხული შვილები
20 11 2018

2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის აქტი. ამ კანონს მეორენაირად შეპარდის აქტსაც ეძახიან. კანონის მიღებას საფუძვლად დაედო წლების წინ ჩადენილი ორი სასტიკი მკვლელობა: მეთიუ შეპარდი, რომელიც მოკლეს იმიტომ, რომ გეი იყო და და ჯეიმს ბერდი, რომლის მკვლელობის მიზეზი მისი კანის ფერი გახდა. ორივე შემთხვევაში მკვლელობის მოტივს სიძულვილი წარმოადგენდა.

ის, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება და აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს, თეორიულად, ალბათ, ყველამ იცის. გაუგია მაინც. თუმცა როგორც წესი, ეს თავისუფლება და მისით ტკბობა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც იმ ჩარჩოებს მიღმა აღმოჩნდებიან, რომელსაც საზოგადოება აწესებს. საზოგადოება ასეთი ადამიანების მიმართ გაუგონარ სისასტიკეს იჩენს.

იმ უმცირესობებს შორის, ვისაც მუდმივად უწევს ბრძოლა საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად და დასაცავად, ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება ყველაზე რთული და ტრაგიკულია. არასდროს დამავიწყდება ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალის სიტყვები: სახლიდან რომ გავდივარ, ჩემს კატას რამდენიმე დღის სამყოფ საჭმელს ვუტოვებ, კაცმა არ იცის, დავბრუნდები თუ არა და შიმშილით რომ არ მოკვდესო. ეს ადამიანები სიკვდილს მუდმივად თვალებში უყურებენ.

20 ნოემბერი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეა.

საბი ბერიანი პირველი იყო, ვინც ტრანსფობიურ ნიადაგზე მოკლეს საქართველოში. მეორე ამ ჩამონათვალში ბიანკაა, რომელიც საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. შემდეგი სასიკვდილო განაჩენი ზიზის გამოუტანეს. ამ ზაფხულს კი ლიკა გარდაიცვალა.

ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს. ყოველი მათგანი იმ სისტემის მსხვერპლია, რომელსაც სახელმწიფო ქმნის, იმ ნორმების, რომელსაც უმრავლესობა აწესებს და თუ ამ ნორმებს გადაუხვევ, განწირული ხარ მარტოობისთვის, ტანჯვისთვის და, ბოლოს, სიკვდილისთვის.

როგორც საბის მეგობარი ყვება, ოჯახის წევრები მას მაშინ დასტიროდნენ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. "მკვდრად შერაცხული შვილები" - ესაა ტრანსგენდერი ადამიანების ხვედრი საქართველოში. მათი გარიყვა ოჯახებიდან იწყება. მათთვის იკეტება ყველა კარი. სახლიდან გამოგდებულები გადარჩენისთვის ბრძოლას ადრეულ ასაკში იწყებენ. ოჯახის შემარცხვენლები, თავის მომჭრელები, უზნეოები, გაუგებრობები - ის ეპითეტებია, რასაც გამუდმებით ისმენენ. ზიზღი, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან.

ტრანსგენდერი ადამიანების დიდი უმრავლესობა თავს სექს მუშაკობით ირჩენს. ბევრი მათგანი სამუშაოდ წასვლამდე სვამს, რომ ნაკლებად მტკივნეულად აღიქვას თავისი ყოფა, ნაკლებად გააანალიზოს რეალობა, ნაკლებად იფიქროს მომავალზე, რომელიც ბუნდოვანია, რომელიც, არც იცის, ექნებათ თუ არა. მათი ბედი იმ კლიენტების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომლებსაც ღამით ემსახურებიან, უნდათ სცემენ, უნდათ - არა. უფრო ხშირად კი, სცემენ, გამეტებით, ისე, რომ არ ანაღვლებთ შემოაკვდებათ თუ არა. მათი ცხოვრება მუდმივად ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს და ვინ როდის ჩამოვარდება არავინ იცის.

ამ პოსტის წერა რომ დავიწყე, გარდაცვლილი ქალების მეგობრებს ვესაუბრე. უმრავლესობა თავადაც ტრანსგენდერია. ყვებოდნენ საბიზე, ქალზე, რომელმაც ტრანს თემი უფრო ხილვადი გახადა, მის მარტოსულობაზე, მის ტრაგიკულ აღსასრულზე. სახელმწიფო შეეცადა საბის მკვლელობაში სიძულვილი არ გამოჩენილიყო დანაშაულის ჩადენის მოტივად, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებდნენ - საბი სასტიკი მეთოდებით მოკლეს, ჯერ დანით დაჩეხეს და მერე დაწვეს. მკვლელი ბოლომდე ცდილობდა დანაშაული საბისთვის გადაებრალებინა და იქით გამოსულიყო მსხვერპლი, რომელიც თავს იცავდა.

როცა ზიზიზე ლაპარაკობენ, მეგობრები ხშირად ახსენებენ მის ფიცხ ხასიათს. ყვებიან, ციხეში ყოფნისას როგორ გადაყლაპა დანა და ჩანგალი, რომ მისი პროტესტისთვის ყურადღება მიექციათ და კაცების საკნიდან ცალკე საკანში გადაეყვანათ. ამ საქციელით ჯანმრთელობა ძალიან დაიზიანა და უკვე გარეთ გამოსული დიდხანს მკურნალობდა. ასეთი თვითდესტრუქცია ხშირია ტრანს ადამიანებში. ვინ იცის, რატომ იქცევიან ასე, იქნებ იმიტომ, რომ ყველამ ხელი კრა, თავის რიგებში არ მიიღო, არ დაეხმარა და არ მოუსმინა;

იქნებ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დღე წაართვა და მხოლოდ ღამე დაუტოვა ცხოვრებისთვის.

ტრანს ადამიანებთა უმრავლესობა დღისით სახლიდან არ ან ვერ გამოდის, მათთვის მხოლოდ ღამე ცხოვრებაა ნებადართული. ზიზი გულუხვი იყო და ყველას ეხმარებოდაო, ამბობენ, თუმცა ერთი პერიოდი ისე გაუჭირდა, მოწყალებას ითხოვდა, მაგრამ არავინ შეუწუხებია, მეგობრებმა არც იცოდნენ, შემთხვევით, ნაცნობს რომ არ დაენახა.

ბიანკაზე ცრემლების გარეშე ვერავინ ლაპარაკობს. ყველა აღნიშნავს რა გაბედული, როგორი მზრუნველი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ქალი იყო. უშიშარი, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელებსა და კაბაში გამოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, არ უშინდებოდა არც აგრესიულ კომენტარებს, არ გამვლელების დამამცირებელ შეძახილებს ქუჩაში მისი მისამართით. ცხოვრობდა როგორც უნდოდა და არასდროს ნებდებოდა.

როცა თვითდესტრუქციაზე ვლაპარაკობ, ერთ-ერთი პირველი ლიკა მახსენდება, რომელიც ამ ზაფხულს შიდსით გარდაიცვალა. საკმაოდ პატარა ასაკში დაინფიცირდა და ის, რომ წამალს არ სვამდა, ალბათ, ამ მიზეზითაც იყო განპირობებული; არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა არც მაშინ ყოფილა საკმარისი, სასოწარკვეთის განცდა ძლიერი იყო - შიდსი მაქვს და მაინც აღარაფერი მეშველება...

იქნებ, სამედიცინო დაწესებულებებში კარგად რომ აეხსნათ, როგორი მნიშვნელოვანი იყო წამლის მიღება, აღარც დამდგარიყო ეს ფატალური შედეგი. საბოლოოდ, ისევ იქ მივდივართ, საიდანაც დავიწყე - ეს ადამიანები არავის ადარდებს, არც ოჯახს, არც ახლობლებს, არც ქვეყანას. გარდაცვლილი ლიკა ოჯახის წევრებმა პირდაპირ საავადმყოფოდან დაკრძალეს. მიზეზად მისი დაავადება მოიტანეს, თითქოსდა, საშიში იყო მისი სახლში გაჩერება, რომ ვინმეს რამე არ გადასდებოდა. კაცის ტანსაცმელი ჩააცვეს. საფლავის ქვაზე კი ის სახელი დააწერეს, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო.

თავისუფლება არაა მხოლოდ გადარჩენა, თავისუფლება არაა მხოლოდ სუნთქვა, თუმცა ტრანს ადამიანებში ეს ხშირად სწორედ სუნთქვამდეა დაყვანილი. როგორც ერთმა მათგანმა დაწერა: "ხანდახან სიკვდილს, სიკვდილის სურნელს ვგრძნობ. არა, არ გავგიჟებულვარ. სახეზე მეხება და შიში მიპყრობს. ისეთი მძაფრია, ისეთი ცივი, რომ კანკალი მეწყება".

ორნაირი ჰომოფობები არსებობენ ამ ქვეყანაში. ერთნი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან მათ და მეორენი, რომლებიც ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ არ სურთ ეს ადამიანები დღის სინათლეზე იხილონ - იყვნენ თავისთვის, სახლში, მე ნუ დამენახებიან, ჩემ შვილებს ცუდ მაგალითს ნუ მისცემენ. სწორედ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, სიცოცხლე არაა მხოლოდ ფიზიკური არსებობა, სიცოცხლე არაა მხოლოდ საკვების მოპოვება. სიცოცხლე თავისუფლებაა, სოციალიზაცია, ადამიანად ჩაგდება, სიყვარული, ზრუნვა და პატივისცემა.

დასაწყისში ტყუილად არ ვახსენე შეპარდის აქტი. ტრანსგენდერ ადამიანებს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვთ დალხენილი ცხოვრება. ყველგან მეტ-ნაკლებად მარგინალიზებულები არიან, თუმცა იქ, სადაც კანონი მუშაობს, ყველა მოქალაქის უფლება თანაბრადაა დაცული, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანებისაც, რომლებსაც ყოველი დღე უკანასკნელი არ ჰგონიათ, რომლებიც თავისუფლად დადიან ქუჩაში, მუშაობენ და ვინმეს თუ არ მოსწონს, ეს მათი პრობლემაა და არა ტრანსი ადამიანების.

ამ ქვეყანაში, სადაც ხშირად გველაპარაკებიან დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, სინამდვილეში ადამიანებს კლავენ, ანადგურებენ ფიზიკურად და მორალურად, ადამიანებს არ აღიქვამენ თანასწორად ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. როცა ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც უმცირესობას დაიცავს, ჰომოფობი უმრავლესობა ყოველთვის იძალადებს მათზე.

სახელმწიფოდ ალბათ მხოლოდ მაშინ შევდგებით, როცა ტრანსგენდერი ადამიანები სახლიდან გასვლის წინ აღარ იფიქრებენ, დაბრუნდებიან კი ისინი უკან ცოცხლები?

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"