საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა
17 03 2016

2014 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე დღეს, 16 მარტს სახელმწიფო ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვა თქვა. დაცვის მხარის საბოლოო სიტყვის მოსასმენად კი პროცესი 20 აპრილს, 14 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე 2015 წლის 7 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაადეკვატურ და უსამართლო გადაწყვეტილებად შეაფასა.

პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ:

საბი ბერიანის მკვლელობაში გამართლებულმა ლევან კოჭლაშვილმა 10 ნოემბერს, მკვლელობის წინა დღეს, შეყვარებულ ვიქტორია ყურავას მიწერა, რომ აუცილებლად დაუბრუნებდა მას ვალს. რადგან კოჭლაშვილს თანხა არ გააჩნდა, განიზრახა, საბი ბერიანის ანგარიშზე არსებული თანხა გამოეყნებინა. ის ყიდულობს დანას ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, შემდეგ კი მიდის საბი ბერიანის ბინაში. მათ შორის ხდება შელაპარაკება, რის შემდეგაც კოჭლაშვილმა საბი ბერიანს მიაყენა ცხრა ჭრილობა. ჭრილობებიდან ორი განსაკუთრებით მძიმეა. მათგან ერთი საბი ბერიანს მიყენებული აქვს ყელის არეში, მეორე კი - მუცლის არეშე, სადაც არხი ორად არის გაყოფილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, არხის ორად გაყოფა გამოიწვია იმან, რომ ერთხელ დარტყმულ დანას კოჭლაშვილი ამოუღებლად ატრიალებს ჭრილობაში. დანარჩენი ჭრილობები ბერიანს მიყენებული აქვს სხეულის მარცხენა მხარეს, მათგან ერთი - ზურგის არეში. სამხარაულის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ როდესაც ბერიანს ჭრილობები ადგებოდა, მას დანა ვერ ეჭირებოდა ხელში. შესაბამისად, კოჭლაშვილის სხეულზე აღმოჩენილი სამი ჭრილობა, სამივე სიცოცხლისთვის უსაფრთხო ადგილას, დუნდულის არეში, თავისი სხეულისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, გაურკვეველ ვითარებაში მიადგა მას.

ამ გარემოებას ადასტურებს ისიც, რომ შარვალზე, რომელიც კოჭლაშვილს ეცვა საბი ბერიანის სახლში მისვლისას, არ აღინიშნებოდა ჭრილობების კვალი. თუკი ჭრილობა ფეხის არეშე მას საბი ბერიანმა მიაყენა, შარვალიც უნდა დაჭრილიყო.

პროკურორების თქმით, დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება არ არის დამაჯერებელი. საქალაქო სასამართლომ კი გვერდი აუარა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ჩვენებებს ჭრილობების შესახებ და გაითვალისწინა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. ალტერნატიულ ექსპერტს, იმის გამო რომ ის სუბიექტური იყო კოჭლაშვილის მიმართ, კოჭლაშვილის სასარგებლო დასკვნა გამოაქვს ისე, რომ არც კი ითვალისწინებს თუ რამდენი ჭრილობა აქვს მიყენებული საბი ბერიანს და სად.

ამ გარემობების გათვალისწინებით, პროკურორებმა საბოლოო სიტყვაში სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვეს, რომ შევიდეს ცვლილება ლევან კოჭლაშვილის მიმართ 2015 წელს 7 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის