: ნაუსიკაა ქარების ველიდან (1984)
ქალები ქარების ქვეყნიდან
05 04 2019

WEF ორგანიზაციის მიერ ჩატარებული The Global Gender report-ის 2018 წლის ანგარიშით საქართველო 147 ქვეყნიდან 99-ე ადგილს, ხოლო იაპონია-110-ს იკავებს. დამეთანხმებით, რომ ორივე ქვეყნისთვის მსგავსი დასკვნა საკმაოდ არასახარბიელოა და ხაზს უსვამს ქვეყნებში გენდერულ უთანასწორობას, რაც საზოგადოების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იაპონურ კულტურაში თვით ედოს, იგივე ტოკუგავას, პერიოდშიც კი (იგულისხმება, რომ ედოს პერიოდი განსაკუთრებული ერაა იაპონიის ისტორიაში, ფაქტობრივად იაპონური რენესანსი), ვიდრე ამერიკულ ექსპანსიამდე, ქალები სრულიად უუფლებო, დეკორატიული ქმნილებები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ რეპროდუქციული და კაცებისთვის სიამოვნების მიმნიჭებელი ფუნქცია გააჩნდათ.

1971 წელს, იაპონიის ანიმაციურ ისტორიაში გარდატეხა ხდება. ჰაიაო მიაძაკი იწყებს სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების სერიის შექმნას, რომელიც ერთგვარად საძირკველი ხდება 1984 წელს გამოშვებული ანიმაციისა "ნაუსიკაა ქარების ველიდან". ამ პერიოდში ჰაიაო დასავლეთში მხოლოდ ანიმაციურ წრეებშია ცნობილი და განუმეორებელი სტუდია ჯიბლიც არ ჩანს ასპარეზზე.

იაპონურ კულტურაში, სადაც ქალის დაქვემდებარებული, პასიური როლი ჩვეული მოვლენა იყო, უეცრად, მისი სრულიად უნიკალური ანიმაციური ისტორიით, რეჟისორი მთავარ პროტაგონისტად ქალ პერსონაჟს გვთავაზობს, რაც იყო გარღვევა არამარტო იაპონურ, არამედ მსოფლიო კულტურაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კაცის მიერ დაწერილი და მოთხრობილი ისტორია, ამბავი გვიყვება ქალზე, როგორც არა საზოგადოების ჩაგრულ, დამცირებულ და ექსპლუატირებულ წევრზე, არამედ, როგორც მის სრულფასოვან წარმომადგენელზე.

"ნაუსიკაა ქარების ველიდან" საბ-პანკის ელემენტებით დატვირთული ნაწარმოებია, რომელიც მოგვითხრობს პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს შემდგომ პერიოდზე. ანიმაცია სტუდია ჯიბლის დაარსებიდან ერთი წლით ადრე გამოვიდა. ნაწარმოები ჰაიაო მიაძაკისა და კომპოზიტორ ჯო ჰისაიშის (Joe Hisaishi) კოლაბორაციული პროექტია, რომელიც მიაძაკის თითქმის ყველა ანიმაციის მუსიკის შემოქმედი გახლავთ.

ჩვენი სამყაროს შექმნიდან ათასი წლის შემდეგ დედამიწა ომებისა და დაბინძურების მორევში ჩაძირულა. ქარების ველზე ცხოვრობს ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის პრინცესა ნაუსიკაა. ეს ადგილი ესაზღვრება ტოქსიკურ ჯუნგლებს, რომელიც დედამიწაზე დიდი ატომური კატასტროფის შედეგია და აქ ცხოვრობენ მუტანტი, სახიფათო მწერები. ამასობაში ომში ქარების მიწის ორი მეზობელი სახელმწიფო ერთვება, ხოლო მათ შუა ქარების ველის მოსახლეობა იჭყლიტება.

ნაუსიკაა არის პირველი ქალი პროტაგონისტი იაპონიის ანიმაციურ ისტორიაში. მისი პერსონაჟი გამოირჩევა პაციფისტური ზრახვებით და მზად არის მშვიდობის დასამყარებლად და უაზრო მსხვერპლისგან თავის ასარიდებლად დათმოს ყველაზე მნიშვნელოვანი-საკუთარი სიცოცხლე. გარდა იმისა, რომ ანიმაცია საუბრობს ისეთ გლობალურ პრობლემებზე, როგორიცაა ტერორიზმი, ჰაერის დაბინძურება, ატომური საფრთხე თუ სხვა მრავალი, მთავარ გმირად ქალი გვევლინება, რომელიც ახერხებს სიტუაციის დაბალანსებას და სამყაროში ჰარმონიის შენარჩუნებას.

ნაუსიკაა უპირისპირდება ომის ღმერთის მიერ შექმნილ მტრის ხატს, ის ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას მუტაციის მსხვერპლ ქმნილებებთან, რომელნიც ადამიანების მიერ არიან შევიწროებულნი. მიაძაკი გვაფრთხილებს, რომ საფრთხეს ყოველთვის მტრისგან არ უნდა ველოდოთ.

როდესაც პრინცესა დახეტიალობს მოწამლულ ტერიტორიაზე, მას აფრთხილებენ ტოქსიკური მცენარეებით სავსე ჯუნგლებზე, რაზეც ნაუსიკაას პასუხობს, რომ მცენარეები სულაც არ არის მომწამლავი, იუპა (ნაუსიკაას მასწავლებელი) მას ეთანხმება და აცხადებს, რომ ჰაერია მოწამლული, რაზეც ნაუსიკაა პასუხობს რომ იქაური წყალი სუფთაა და შეიძლება მიწისქვეშა წყლები თავადვე გამოიყენონ ირიგაციისთვის. საქმე იმაშია, რომ მიწისქვეშა წყალი და ნიადაგი სუფთაა, ხოლო ყველა შხამი თავად მიწაზეა. მათი ხეობის ზედა ნაწილიც კი დაბინძურებულია, მაგრამ მას არ ესმის, ვის შეუძლია მთელი დედამიწის დაბინძურება.

ერთიანობისთვის მებრძოლი პროტაგონისტი ხდება გმირი, და თუ აქამდე კულტურაში ქალი აღიქმებოდა, როგორც ქაოტურობისა და ირაციონალიზმის სიმბოლო, ეს გოგონა საკუთარი გამჭრიახობითა და სამყაროსადმი უსაზღვრო სიყვარულის ძალით ახერხებს ჰარმონიის შეტანას იმ დისბალანში, რომელსაც ადამიანები თავადვე ქმნიან ერთმანეთის მტრად შერაცხვით. მიაძაკიმ მოახერხა და ქალის პერსონაჟს ჩამოაშორა ყოველგვარი სექსუალურობა, ერთადერთი რაც გააკეთა, ისაა, რომ ნაუსიკაას ასაკზე მიგვანიშნებს. თუმცა იაპონიაში, ისევე როგორც ადრე საქართველოში, ქალის ასაკს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ოჯახის უღელში თავის გასაყოფად.

ამ ანიმაციის შემდგომ მიაძაკი არ ჩერდება და გვჩუქნის ისეთ ნამუშევრებს როგორიცაა "კიკის მიტანის სამსახური" და "პორკო როსო". აქ მიაძაკი კვლავ აკეთებს აქცენტს ქალ პროტაგონისტებზე და გვეუბნება, რომ ქალის პერსონა არ არის განწირული ჰუმანიტარული მისიებისთვის. "პორკო როსოში" მთავარ პილოტთან ერთად, რომელიც ღორადქცეულ ადამიანს წარმოადგენს, მთავარ ინჟინერად ქალი პერსონაჟი გვევლინება, რომელიც ნიჭიერებასთან და გამჭრიახობასთან ერთად, ლამაზიცაა.

1997 წელს კი მიაძაკის ნამდვილი ტრიუმფის ხანა დგება - ეკრანებზე გამოდის მისი "პრინცესა მონონოკე". ისტორია მოგვითხრობს ადამიანების ჭიდილზე ბუნებასთან. დემონის მიერ დაწყევლილ უფლისწულს, აშიტაკას უსამართლოდ განდევნიან სოფლიდან, რის შემდეგაც ის გადაწყვეტს დემონად ქცეული ღმერთის მკვლელი იპოვოს. რთული და ხანგრძლივი მოგზაურობისას ის მიადგება ლედი ებოშის სამყოფელს, რომელიც დაპირისპირებულია ირმების ტყის ღმერთებთან (ამ შემთხვევაში ღმერთები მიაძაკის, ისევე როგორც ანტიკურ და ძველიაპონურ დროში სხვადასხვა ლოკაციისა(ამ შემთხვევაში ტყეების) და შესაძლებლობების მიხედვით აქვს დაყოფილი: მგელი მორო და მისი შვილები; ირმების ღმერთი - ამ უკანასკნელის მთავარი უნარი სიცოცხლის წართმევა და მისი შენარჩუნებაა, მაიმუნების ტყის ღმერთები, ტახების ტყის ღმერთები) და მგლის შვილ პრინცესა მონონოკესთან.

ლეგენდის მიხედვით პრინცესა მონონოკეს, რომელიც უწინ ადამიანი იყო, ღმერთებმა სული მოპარეს (ყოველ შემთხვევაში ამ უკანასკნელს თავად ლედი ებოში ირწმუნება). ფოლადისა და ბეტონის დაპირისპირება ბუნებასთან, ადამიანები როგორც მჩაგვრელები - სწორედ ამ ისტორიას ყვება ჰაიაო მიაძაკი ანიმაციაში. თუმცა, ამავდროულად ვხედავთ როგორ იყენებს საიმპერატორო ძალები ლედი ებოშის საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის.

"აცადეთ, თავად გააკეთოს შავი საქმე" ამბობს იმპერატორის მსახური, როდესაც ლედი ებოში ირმების ტყის მთავარი ღმერთის მოკვლას ცდილობს. ორ ანტაგონისტურ მხარეს შორის მოქცეული აშიტაკა ცდილობს გაანეიტრალოს სიტუაცია, თუმცა-უშედეგოდ. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ქალი, რომელიც ხალხს მართავს, თავადაა მართული პატრიარქალური ძალაუფლების მიერ. ისინი მას მოჩვენებით ძალაუფლებას აძლევენ, თუმცა, რეალურად, ლედი ებოში მხოლოდ იმპერატორის ძალაუფლების მსხვერპლია. სწორედ ამას უპირისპირდება ხალხის მიერ შეჩვენებული პრინცესა მონონოკე. საბოლოოდ, ძალაუფლება კვლავ პატრიარქატის ხელთაა, პრინცესა მონონოკეს კი მისგან თავის ასარიდებლად ისევ ტყეში უწევს დაბრუნება.

შემდგომ ანიმაციაში - Spirited Away, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა, მიაძაკი შლის თემას და პირდაპირ გვეუბნება, რომ ე.წ. "ქალურობა" და "მამაკაცურობა", მხოლოდ და მხოლოდ კულტურის მიერ დადგენილი ნორმატივია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალურ ცხოვრებასთან. სინამდვილეში, ადამიანებს სჭირდებათ თანაგანცდის უნარი. გარკვეული პრობლემების წინაშე ორივე სქესი ერთნაირად უძლური შეიძლება აღმოჩნდეს. ფაქტი ერთია და ჯიუტი, რომ სქესს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მომენტალურად, თითქოს ინისა და იანის პრინციპი ერთიანდება ჩვენს წინაშე.

მიაძაკის ანიმაციები ხასხასა ფერებით, ძლიერი ემოციური თუ გლობალური კონტექსტებითა და ნახატების სრულიად უნიკალური სტილიზაციით, აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. მისი უკეთილშობილესი ანიმაციები, რომლებიც ძალიან კარგადაა შერწყმული მუსიკასთან, იძლევა იმის გარანტიას, რომ წინ მორიგი, დაუვიწყარი თავგადასავალი გველის. თავად ქალების, როგორც პროტაგონისტების წარმოჩენა და მათ პრობლემებზე აქცენტის გაკეთება, მიუთითებს აზროვნების სიღრმესა და მის ემპათიურობაზე. მიაძაკი გვეუბნება, რომ დამოკიდებულება, რომელიც აპათიაზეა დაფუძნებული დასაწყისშივე განწირულია. ადამიანებმა უნდა შეძლონ აღიქვან ერთმანეთი თანასწორებად და ამავდროულად, სცადონ სამყაროს სიყვარულის ძალის განვითარება - სწორედ ეს არის ერთადერთი რამ, რასაც კაცობრიობის გადარჩენა შეუძლია.

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია