თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროების ფაქტზე შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს
09 04 2016

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) სექსუალური შევიწროების ფაქტზე მის ყოფილ უფროსს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს. აღნიშნულის შესახებ თათია სამხარაძემ და ქალთა მოძრაობის წევრებმა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში" პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც თათია სამხარაძემ განაცხადა, ტელეწამყვან შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროვების  გამო იგი იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო. სამხარაძემ დახმარების თხოვნით ტელეკომპანია "იმედის" დირექციას მიმართა. შალვა რამიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა "იმედს" გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

სამხარაძის მიერ პირადი მობილური ტელეფონით გაკეთებული აუდიო ჩანაწერი სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზას გადის. ავთენტურობის დადასტურების შემდეგ თათია სამხარაძე სარჩელს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს. როგორც თათია სამხარაძე ამბობს, აუდიო ჩანაწერი მას შემდეგ არის გაკეთებული, როცა სამსახურიდან 31 მარტს წამოსული მსახიობი "იმედში" ისევ დაბრუნდა. ჩანაწერში შალვა რამიშვილი აღიარებს მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტს და ამბობს, რომ სამხარაძემ "უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, როცა უარი თქვა მასთან თანაცხოვრებაზე".

"აუდიო ჩანაწერი შეიცავს აღიარებს, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არამხოლოდ "იმედში", არამედ ყველა ტელევიზიაში, თუკი მასთან თანაცხოვრებას არ დავთანხმდებოდი", - ამბობს თათია სამხარაძე, რომელმაც ტელეკომპანია 3 მარტს დატოვა.

თათია სამხარაძემ ჩანაწერის უკანონოდ გასაჯაროების შესახებ შალვა რამიშვილის ბრალდებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ აუდიო ჩანაწერი იურისტების გარდა არავის მოუსმენია.

ქალთა მოძრაობის წევრების თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რადგან მიუხედავად სექსუალური შევიწროების ფაქტების სიხშირისა, ქალები ვერ უპირისპირდებიან იერარქიულად მათზე მაღლა მდგომ, ძალაუფლების მქონე კაცებს და მსგავსი ფაქტების შესახებ დუმან.

"არ შეიძლება გოგოები მიდიოდნენ სამსახურებში, სადაც მათ ეუბნებიან, რომ მათი კარიერული გზა ვიღაცის საწოლზე გადის", - განაცხადა აწ უკვე გათავისუფლებული ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქალთა მოძრაობა სახელმწიფოსგან სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღებას - სექსუალური შევიწროების კრიმინალიზაციას მოითხოვს. მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სამუშაო და საჯარო სივრცეებში.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"