გერმანელები FEMEN-ით აღფრთოვანდნენ
23 08 2011

დასავლეთმა დააფასა იმ უკრაინელი ფემინისტების მიღწევები, რომლებიც საკუთარი ”შიშველი პროტესტების” წყალობით ახერხებენ წინ წამოწიონ ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემები და ისეთ ყურადღებას იხვეჭენ, როგორისთვისაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები წლების განმავლობაში იბრძვიან, ხოლმე. გერმანული Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ ავტორიტარული მთავრობა ამ ფემინისტური მოძრაობის შეჩერებას აქტივისტების სისტემატიური დაპატიმრებითა და მუქარებითაც კი ვერ ახერხებს.

სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ FEMEN-ის აქტივისტები არა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან, არამედ ”ორი კლანის” იმ პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობასთან ერთად ნარინჯისფერი რევოლუციის ყოფილი მომხრეებიც შეადგენენ.

რამდენიმე ხნის წინ, უკრაინის დედაქალაქში მოწყობილი მორიგი აქციისას აქტივისტები გაშიშვლდნენ ლოზუნგით ”თავისუფალი სალარო”. პროტესტი მიმართული იყო უკრაინელი პოლიტიკოსების თავხედობის წინააღმდეგ, რომლებმაც ხაზინის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ჩვევად აქციეს.

InoPressa აცხადებს, რომ FEMEN-ის აქცეიბი, როგორც წესი, ერთი და იმავე სცენარით ვითარდება: რამდენიმე ახალგაზრდა ქალი იკრიბება გარკვეულ ადგილზე, შიშვლდება და დროშებით ან პოსტერებით ხელში, გარკვეულ ლოზუნგებს სკანდირებს. რამდენიმე ხანში ჩნდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, აკავებენ გოგონებს, თუმცა მალევე უშვებენ.

მოძრაობა 2008 წელს ჩამოყალიბდა უკრაინაში სექს ტურიზმთან საბრძოლველად, თუმცა, დროთა განმავლობაში პროტესტების თემატიკა სხვა სოციალური პრობლემებითაც შეივსო. ჯგუფის მიერ ჩატარებულ აქციებს შორის არის უმაღლესი განათლების სისტემაში კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ჩატარებული მანიფესტაცია, რომლის განმავლობაშიც აქტივისტებმა განათლების სამინისტროს წინ პროფესორებსა და სტუდენტებს შორის სქესობრივი აქტის იმიტაცია გააკეთეს.

ისინი, ასევე, გამოვიდნენ რეგიონალურ არჩევნებში ამომრჩევლების მოსყიდვის წინააღმდეგ და აქციაზე შიშველ ბარძაყებს შორის მოთავსებული მინიატურული დროშებით გამოცხადდნენ. კიევში საზოგადოებრივი საპირფარეშოების უკმარისობას FEMEN-ის აქტივისტები აპროტესტებდნენ აქციაზე ისეთი პოზების მიღებით, რომლებიც ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეესაბამება.

ნახევრად შიშველი აქტივისტები გზის სავალ ნაწილზე შპაგატში სხდებოდნენ და ფარავდნენ ორმოებსა და ამოთხრილ მონაკვეთებს, რითაც ადგილობრივ მმართველობას ქალაქის პრობლემურ ნაწილებზე მიუთითებდნენ. ზაფხულში კიევში წყლის მიწოდების შეზღუდვის წინააღმდეგ ახალგაზრდა კიეველები თეთრ ტოპებში გამოვიდნენ. ისინი შადრევანში ბანაობდნენ და სკანდირებდნენ: ”არ არის წყალი ონკანში - ვბანაობ მოედანზე”.

გენიალური სვლა: ”დავამარცხოთ სექსიზმი სექსიზმით”

FAZ-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი კიეველი აქტივისტების სტრატეგიას მარკეტინგული თვალსაზრისით გენიალურს უწოდებს, მათ აქციებს ხომ ადგილობრივი და საერთაშორისო მასმედიის საშუალებების უმეტესობა აშუქებს, ხოლო FEMEN-ს უკრაინის მთელი მოსახლეობა იცნობს.

ავტორის თქმით აქტივისტებთან საუბრისას, ცხადი ხდება, რომ ისინი არ არიან უბრალოდ თავზეხელაღებული ქერა ქალები, რომლებმაც მედიაში გამოჩენის ცდუნებას ვერ გაუძლეს. მოძრაობის ლიდერის, 26 წლის ანა გუცოლის ლოზუნგი ასე ჟღერს: ”დავამარცხოთ სექსიზმი სექსიზმის მეშვეობით.” მისი აზრით ქალს შეუძლია საკუთარი სხეული გამოიყენოს არა მხოლოდ მამაკაცის მოსაზიდად. საკუთარი აზრები, რომლებიც ბევრი გერმანელი ფემინისტის აზრს ეთანხმება, მას საზოგადოებამდე სასტიკი და კონკრეტული მეთოდებით მიაქვს.

გასულ წელს, რეჟიმის შეცვლის შემდეგ ახალ პრემიერ მინისტრს, ნიკოლაი აზაროვს კითხეს, თუ რატომ არ არის არცერთი ქალი მინისტრთა კაბინეტში, მან უპასუხა, რომ რეფორმები ქალის საქმე არაა. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. პოლიტიკოსთა მხრიდან ასეთი განცხადებების შემდეგ FEMEN-ის აქტივისტებმა უკრაინელი პოლიტიკოსების ცოლებსა და მეგობრებს სექსუალური ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

FAZ-ი თვლის, რომ აქტივისტების ბევრი მოთხოვნა, საჯაროობისადმი მიდრეკილების გამო ცუდად არის გააზრებული, თუმცა ერთი რამ ცხადია: FEMEN-მა გაიმაგრა თავისი პოზიცია, როგორც ავტორიტარული რეჟიმის პირობებში არსებულმა პოლიტიკურმა საპროტესტო მოძრაობამ. ამის დასამტკიცებლად სტატიის ავტორს მოჰყავს ის მრავალრიცხოვანი მუქარა, რომლებსაც აქტივისტები მთავრობისგან იღებენ.

წყარო: http://www.newsru.com/world/23aug2011/femen.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან