ნატა ტრანსგენდერი ქალია. დეკემბერში გავიცანი, მას შემდეგ რაც WISG-ში დავიწყე მუშაობა. თავიდან ალმაცერად მიყურებდა, მერე დამიმეგობრდა. 6 თვის იყო დედის მშობლებმა და ძმებმა მამა რომ მოუკლეს. სასამართლო ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, თითქოს ბუნდოვნად მახსოვს კიდეც სასამართლო დარბაზიო, ამბობს. ალბათ უფრო სხვებისგან მოსმენილით ააგო წარმოსახვაში, რომ თვითონაც ესწრებოდა პროცესს. ამ ამბის მერე ძალიან მალე დედა გათხოვდა და წავიდა. ნატა მამის მშობლებმა გაზარდეს. ყველაზე ბედნიერი სწორედ ის დრო იყო, ბებიასთან და პაპასთან ერთად რომ ცხოვრობდა სოფელში.
სულ პატარა იყო, ალბათ პირველ-მეორე კლასში, როცა აღმოაჩინა, რომ ბიჭები მოწონდა, ეპრანჭებოდა და მათი ყურადღების მიქცევას ცდილობდა. თავიდან დაბნეული იყო, ვერ ხსნიდა თვითონაც ბიჭს სხვა ბიჭების მიმართ უფრო რომ ქონდა ინტერესი. საყვარელი ბავშვი ვიყავი და სკოლაში ყველა მეფერებოდაო, ყვება. უფროსკლასელები, გოგოებიც და ბიჭებიც შესვენებაზე ჩამოდიოდნენ და მკოცნიდნენო.
დროთა განმავლობაში გააცნობიერა და დარწმუნდა, რომ გოგო იყო, უბრალოდ არასწორ სხეულში მოხვედრილი. ბებიამ და პაპამ იცოდნენ, თუმცა არასდროს მისთვის არაფერი დაუშლიათ, არც უჩხუბიათ, ცემაზე და ფიზიკურ ძალადობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. პაპასთვის ცოტა ძნელი აღსაქმელი კი იყო ეს ამბავი, მაგრამ მაინც არასდროს უწყენინებია მისთვის, ერთი იმას კი იტყოდა ხოლმე, გაიზრდება და გაუვლისო. აი მამიდებმა კი ვერც გაიგეს და ვერც გადახარშეს ეს ფაქტი და ურთიერთობაც გაწყვიტეს მასთან. მეტიც, ბებიას ჩასჩიჩინებდნენ მის სახელზე არ გადაეფორმებინა სახლი, ბებია წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ამ საქმის მოგვარება.
12 წლის იყო პაპა რომ გარდაიცვალა, ცოტა ხანში ბებიაც. მარტო დარჩა, უსახლკაროდ და გულშემატკივრის გარეშე. თავის სარჩენად თბილისში უწევდა ჩამოსვლა და მუშაობა. ერთ ხანს ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ღამის თენება უწევდა, დილით სოფელში ბრუნდებოდა, სკოლაში მიდიოდა, საღამოს ისევ თბილისში. ცუდი დრო იყო, არ უყვარს ამ წლების გახსენება. მერე ბიცოლამ შეიფარა. მიუხედავად ბიძის წინააღმდეგობისა, დღემდე მისი გულშემატკივარი და მეგობარია, დედობილს ეძახის.
18 წლისამ დედას პირველად დაურეკა და მერე ნახა კიდეც. გაიცნო და-ძმა. თითქოს აეწყო ურთიერთობა. დედაც ხშირად ურეკავდა, ნახულობდა, დაც. ნატა ისეთი გულღია და კეთილია, ცუდი ადვილად ავიწყდება. როგორც შეეძლო დედასაც ეხმარებოდა და დასაც. უხაროდა, რომ მათი ნახვის, მათთან ხშირად ყოფნის საშუალება მიეცა. მერე და გათხოვდა. გავამზითვეო, ამბობს სიცილით. აღმოჩნდა, რომ სიძისთვის მიუღებელი იყო ნატას გენდერული იდენტობა და დამაც უცერემონიოდ გაწყვიტა ურთიერთობა. ფეისბუქიდანაც კი წამშალაო. გულდაწყვეტილია. დედა პერიოდულად ეკონტაქტება, მაგრამ მაინც გული ტკივა, წყინს, რომ ასე მოექცნენ.
ტრანსგენდერი ქალების უმეტესობა სექს მუშაკობით ირჩენს თავს. სხვა არჩევანი მათ არც ოჯახებმა და არც საზოგადოებამ დაუტოვა. 13-14 წლის ასაკში სახლიდან გამოგდებულები ვერც განათლებას იღებენ და ვერც სამსახურს შოულობენ. იძულებულები არიან სხეულით ივაჭრონ და საარსებო ფული ამ გზით იშოვონ. არავის უნდა ასეთი ცხოვრება - მძიმე და საშიში. ტრასნფობების და ჰომოფობების ორი კატეგორია არსებობს, ერთნი ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგენი არიან, მაგრამ მიაჩნიათ რომ „ამნაირი“ ხალხი გარეთ არ უნდა გამოდიოდეს, საზოგადოებაში არ უნდა ერეოდეს, იმიტომ, რომ თავისი ცხოვრებით ცუდ მაგალითს იძლევიან. მეორენი ფიზიკურად ძალადობენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავს ესხმიან, ცემენ, შეურაცხყოფენ, კლავენ.
მათი მოტივი სიძულვილია, დაუძლეველი სიძულვილი, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ნატაც ბევრჯერ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, თავზე იმდენი ნაიარევი აქვს, ვერ დათვლი, ცხვირიც ბევრჯერ გაუტეხავთ, მაგრამ ხანდახან ურჩევნია დაარტყან, ვიდრე გაუთავებლად ლანძღონ და აგინონ. დამამცირებელი ეპითეტების სმენა არანაკლებ მტკივნეულია. ტრანსგენდერ ადამიანებს ერთი საერთო მტერი ყავთ. მტერი, რომელიც ყოველ ღამე მიდის მათთან და ურტყამს, მტერი, რომელიც თვალს არ დაახამხამებს ისე ჩაუმტრევს ნეკნებს. თუ შემოაკვდა, არც მაგაზე იდარდებს. ნატა სულ წუხს, რომ ქალებში ერთობა არაა, ვერ გაუგიათ, რომ ერთად ყოფნით უფრო მეტი შანსი გვაქვს ამ მტერს გავუმკლავდეთო.
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცხოვრება ჰქონდა და აქვს ახლაც, ადამიანებს ენდობა. თავის თავზარდამცემ ისტორიებს ისე ყვება, არ არსებობს სიცილი შეიკავო, თვითონაც იცინის. მემგონი ზუსტად ეს იუმორი შველის, რომ გადარჩეს, რომ საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ცხოვრებაზე ხელი. ადამიანებს ენდობა თქო რომ ვთქვი - მართლა ყველა დამპალი და საზიზღარი კი არააო, მიხსნის; კარგი ადამიანებიც ხომ არსებობენო. უხარია, რომ მის ცხოვრებაში ეს კარგი ადამიანებიც არიან.
სოფელში ცხოვრებაზე ოცნებობს, სადაც ბოსტანიც ექნება, ძროხებიც ეყოლება, მშვიდად იცხოვრებს და არავინ ჩაყოფს მის საქმეში ცხვირს. ყვავილების მაღაზიის გახსნაც უნდა. მოჭრილი ვარდებით და გვირილებით ვაჭრობას კი არ აპირებს - ქოთნის ყვავილებს გავახარებ მე თვითონ და გავყიდიო. გამოუვა, დარწმუნებული ვარ. ერთ დღეს ოფისში მოგვიტანა უამრავი ყვავილი, ფანჯრის რაფებზე დაგვიწყო. გაგამწვანეთ, ცოტა გაგაფერადეთ თქვე უჯიშოებოო, გვეძახა. ჩვენ სულ გვავიწყდება მორწყვა. რომ მოვა და ჩამომჭკნარი დახვდება ყვავილები, სულ წყევლა-კრულვით დადის და რწყავს ხოლმე - თქვენ ხო ადამიანები არ ხართო, გვეუბნება. მიხარია ჩვენთან რომ მოდის, ვიცი, რომ ბევრი უნდა ვიცინო.
ჩვენი ქვეყანა გაჩერებულ კარუსელს გავს, რომელსაც მამოძრავებელი ღერძი გაუფუჭდა და ჩვენც ვდგავართ ამ ღერძის გარშემო, ველოდებით როდის დაიძვრება. ღერძი კი არ იძვრის. მემგონი ბევრი უნდა ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, ვინც გამუდმებით და უსამართლოდ იჩაგრება. ჩვენც უნდა ვილაპარაკოთ და ისინიც ვალაპარაკოთ, გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რამენაირად დავამსხვრიოთ ის შეხედულება, რომ ტრანსგენდერი ავტომატურად ცუდს ნიშნავს. აი, ნატა კარგად რომ გაიცნონ მოძალადე ტრანსფობებმა, ვინ იცის ისე მოეწონოთ, დაუმეგობრდნენ კიდეც.
ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.
ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;
ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.