გაერო მოუწოდებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის აღმოფხვრისკენ
23 03 2011

2011 წლის 22 მარტს, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ წარმოადგინა ერთობლივი განცხადება, რომელიც მოუწოდებს მთავრობებს წერტილი დაუსვან ძალადობას, კრიმინალურ სანქციებსა და შესაბამის ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რომელთა საფუძველიც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობაა. გარდა ამისა, განცხადება მოუწოდებს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ამ მნიშვნელოვან საკითხებს. განცხადების წარდგენა მსოფლიოს 85 ქვეყნისაგან შემდგარი ჯგუფის ინიციატივით მოხდა.

დღეისათვის, ზემოხსენებულმა განცხადებამ ყველაზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, ვიდრე რომელიმე სხვა განცხადებამ, რომელიც სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას ეხება. ამ განცხადებას საფუძვლად უდევს 2006 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ნორვეგიის მიერ წარმოდგენილი განცხადება (54 ქვეყნისაგან შემდგარი ჯგუფის ინიციატივით) და ასევე 2008 წელს არგენტინის მიერ (66 ქვეყნისაგან შემდგარი ჯგუფის ინიციატივით) წარმოდგენილი განცხადება. აშკარაა, რომ ყოველ ჯერზე ეს საკითხი უფრო მეტ მხარდაჭერას იხვეჭს.

60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი 119 ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების სახელით მიესალმა გაეროს ერთობლივ განცხადებას. სამოქალაქო საზოგადოებამ ასევე მოუწოდა საბჭოს შემდგომი დიალოგისთვის იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც ჯერ ვერ შეძლეს განცხადებას შეერთებოდნენ, მაგრამ, რომლებიც იზიარებენ საერთაშორისო საზოგადოების წუხილს ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევების თაობაზე.

ზემოხსენებული ერთობლივი განცხადება მხარს უჭერს იმას, რასაც გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოები მუდმივად გამოხატავენ: ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. 1994 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, იმის მტკიცებით, რომ სექსუალური ორიენტაცია დისკრიმინაციისაგან დაცვის მოთხოვნის სრულ საფუძველს იძლევა, გაეროს ექსპერტებს არაერთხელ მიუმართავთ ზომებისთვის ლგბტ ადამიანების მიმართ მომხდარი ძალადობის აქტების - მკვლელობების, წამების, გაუპატიურების, გატაცებისა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ. გაერომ მოუწოდა წარმოდგენილი ქვეყნების მთავრობებს, აღმოფხვრან დისკრიმინაცია კანონსა და პოლიტიკაში. ადამიანის უფლებათა კომიტეტი აწარმოებს იმის მონიტორინგს, თუ რამდენად ეთანხმებიან მმართველი პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციას.

საქართველო იმ ქვეყანათა შორის არის, რომლებმაც ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. ხელის მოწერაზე უარი განაცხადა აზერბაიჯანმა, ბელორუსიამ, მოლდავეთმა, რუსეთის ფედერაციამ, თურქეთმა და ვატიკანმა.

წყარო: http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/un_sogi_2011



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა