: ამანდა / დათო ქორიძის ფოტო
ამანდა
03 07 2020

ამანდას ისეთი შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, არ არსებობს, ერთხელ ნახო და დაგავიწყდეს. ღრმად ჩამჯდარი თვალებით და შავი, ხვეული თმით, გინდა თუ არ გინდა, გამახსოვრდება. ისეთი მოხდენილია, თმას რომ გაიშლის და თვალებზე შავ ფანქარს წაისვამს, მის ნახვას არაფერი სჯობს.

ბავშვობიდან ხვდებოდნენ მშობლები, რომ განსხვავებული იყო. თვითონაც ადრეულ ასაკში გააცნობიერა, რომ შემთხვევით სხვა სხეულში ჰქონდა თავი ამოყოფილი. დედას თოჯინების კოლექცია ჰქონია. ამანდა ყველაზე მეტად ამ თოჯინებით ინტერესდებოდა. მარტო კი არ თამაშობდა, იერსახესაც უცვლიდა. ერთხელ ფლომასტერს გული გამოვაცალე, წყალში გავხსენი და ქერათმიან თოჯინას იასამნისფრად შევუღებე თმაო. დედაჩემმა კინაღამ მომკლა, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი ნახელავითო.

როგორც კი მშობლები სახლის კარს გაიხურავდნენ, დედის ტრილიაჟისკენ გარბოდა, სადაც პარფიუმერია ეგულებოდა. გამოეწყობოდა დედის ქუსლიან ფეხსაცმლებში და როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერს სახეზე ისვამდა, ფერად-ფერადი პომადებით იღებავდა ტუჩებს. მოკლედ, დიდი ზეიმი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული დედა პოულობდა გაფუჭებულ, ამოჩიჩქნილ ნელსაცხებლებს და ტყდებოდა ამაზე ერთი აურზაური, თუმცა ყოველთვის ჰყავდა დამცველი ბებია, რომელიც მის ასეთ ქცევას ბავშვურობით ხსნიდა და მუდამ მის გამართლებაში იყო.

სკოლაში მისვლის მერე ცოტა ხნით ეს გასართობები დაივიწყა, სხვა ამბებმა მიიქცია მისი ყურადღება - იქაურ აქტივობებზე გადაერთო. მისი მეგობრები სულ გოგოები იყვნენ, მათთან მეტ საერთოს პოულობდა, მათთან ლაპარაკი და თამაში ერჩივნა. მესამე კლასში იყო, დედას რომ გამოუცხადა, გოგო ვარო. შინაგანად რასაც გრძნობდა, ის თქვა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ისეთი გულწრფელობით, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. დედა თავიდან პანიკაში ჩავარდა. მაგრამ მერე მივიწყებას მიეცა ამანდას ნათქვამი და ეს ამბავიც მის ბავშვურ გართობას მიეწერა.

თავისი გენდერული იდენტობა ბოლომდე 12 წლის ასაკში გააცნობიერა. თუმცა თავიდან არ იცოდა რა სახელი დაერქმია ამისთვის. სიტყვა ტრანსგენდერი გაგონილიც კი არ ჰქონდა. დამ ყველაზე ადრე გაიგო მის შესახებ სიმართლე. ჰკითხა, შენ ცისფერი ხარო? ამანდამ მარტივად აუხსნა - აი, რომ შემოგვხედავს ხალხი, ყველასთვის შენ გოგო ხარ და მე ბიჭი, თუმცა მეც ისეთივე გოგო ვარ, როგორც შენო. უბრალოდ ასე მოხდა და შეცდომით სხვა სხეულში დავიბადეო. ეს ახსნა დისთვის საკმარისი აღმოჩნდა. აღარასდროს დაუსვამს კითხვები, არასდროს გაუმხელია მისი საიდუმლო და დღემდე მისი დიდი მეგობარია. თუმცა ცოტა ხანში მშობლებს თვითონ უთხრა. კარგი რეაქცია არ ჰქონდათო, ყვება, თუმცა არც გადარეულან და კონცერტები მოუწყიათო. არც სახლიდან გაუგდიათ, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ. მამამ თავი დააქნია, ადგა და ოთახიდან გავიდაო. იმ ღამეს მშობლების ლაპარაკი ესმოდა, ერთმანეთში რომ მსჯელობდნენ, ექიმთან ხომ არ წავიყვანოთ, იქნებ რამე გვიშველონო. ამასობაში სკოლაშიც შეამჩნიეს ამანდას "უცნაურობა". მუდმივად გრძელი თმით დადიოდა და არასდროს ემორჩილებოდა სკოლის წესებს, ბიჭებს მოკლე და გოგოებს გრძელი თმა რომ უნდა ჰქონოდათ. არგუმენტად სულ ის ჰქონდა, გოგოებს თუ შეუძლიათ გრძელი თმით სიარული, მე რა უფლებით მზღუდავთო. სკოლის დირექტორი დედის მეგობარი იყო. სწორედ მან ურჩია ფსიქოლოგთან წაეყვანათ ბავშვი.

ფსიქოლოგის ძალიან მადლიერია, პირველივე ვიზიტზე მის მშობლებს რომ უთხრა, ეს არაა ავადმყოფობა და ნუ შეეცდებით მის "განკურნებასო". გაარკვია ორიენტაციასა და გენდერში, მშვიდად აუხსნა ყველაფერი და იმაშიც დაარწმუნა, რომ მათი შვილი არაფერს იგონებდა. თუმცა სახლში დღემდე კაცის ტანსაცმლით უწევს სიარული. იმიტომ არა, რომ ამას მშობლები სთხოვენ. იმდენად შემაწუხებელია მეზობლების უცნაური მზერები და კომენტარები, თვითონ უფრთხილდება დედ-მამას და არამკითხეების ქილიკისთვის არ სწირავს. თუმცა, ამასწინათ დედას უთხრა, რომ ტრანზიციის ყველა ეტაპის გავლის მერე კაბით ივლიდა. ისიც უთხრა, თუ გაქვს იმის ძალა, რომ მეზობლების აღარ გეშინოდეს, თუ გაქვს იმის რესურსი, რომ ფეხებზე დაიკიდო მათი რეპლიკები, კი ბატონო, თუ არადა, სახლში აღარ დავბრუნდებიო. ეს მათი გადასაწყვეტია, მე ვერაფერს ვაიძულებო, ამბობს, თუმცა ამ კომპლექსებს თუ ვერ გადალახავენ და ამანდას სახლიდან წასვლა მოუწევს, მისი ნახვა დედას და მამას ყოველთვის შეეძლებათ.

სკოლა ისე დაამთავრა, ერთი კონფლიქტიც არ ჰქონია არც კლასელებთან, არც სკოლის სხვა მოსწავლეებთან. დროთა განმავლობაში ყველამ ყველაფერი გაიგო და პირიქით, სხვა სკოლის რომელიმე ბავშვი მის დაცინვას ან დაჩაგვრას თუ შეეცდებოდა, პირველები სწორედ კლასელები იცავდნენ.

პირველად ცირკს შემთხვევით მიადგა. სააკაძის მოედნიდან მარჯანშვილზე ფეხით მიდიოდა. შებინდებული იყო, მანქანამ გამიჩერა და მუშაობო, ასაკოვანმა კაცმა ჰკითხა. დაიბნა. მერე თავად უცნობმა კაცმა განუმარტა, რომ სექს მომსახურებას გულისხმობდა გარკვეული თანხის საფასურად. მოკლედ, ცოტა ილაპარაკეს, ამანდამ 100 ლარიო, გამოუცხადა, იმან კარგიო. ძალიან კი გამიკვირდა ასე უცებ რომ დამთანხმდა, მაგრამ არ მინდოდა იმ კაცთან სექსი და გავუშვი ხელცარიელიო. მერე დაინტერესდა რა ხდებოდა იქ, იმ იდუმალი ტყის მიღმა. იმ დღეს არაფერი. რამდენიმე დღის მერე კიდევ მიაკითხა იმ ადგილს. თავიდან ინტერესის გამო, მერე უკვე ფულის გემო გაიგო და რეგულარულად დაიწყო სიარული. 12 წლის იყო მაშინ. 12 წლის ბავშვი. აღებული ფულით კამფეტებს და საღეჭ რეზინებს ყიდულობდა. ცოტა ხანში დედას ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ ქურდობ, საიდან გაქვს ფულიო. ამანდა ეუბნებოდა მეტროში კალენდრებს და ჰოროსკოპებს ვყიდი, ფულიც მაქედან მაქვსო. მთლად ბოლომდე ტყუილიც არ უთქვამს, მეტროში მართლა ყიდდა გაზეთებს. დედამ რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილა, რომ არასდროს გაებედა და მოეპარა რამე. ვერც კი წარმოიდგენდა სინამდვილეში საიდან შოულობდა მისი შვილი ფულს.

სიტყვა ტრანსის მნიშვნელობაც პირველად ცირკთან გაიგო. 2006 წლამდე ეს ადგილი სისგენდერ სექს მუშაკ ქალებს ჰქონდათ დაკავებული. 2006 წლიდან ცირკი ე.წ. "ტრანს პლეშკად" იქცა. ზიზიც იქ გაიცნო, რომელიც სულ ეჩხუბებოდა, ბავშვი ხარ და აქ ნუ მოდიხარო. კაი ხანს ჩხუბობდნენ, მერე დამეგობრდნენ და მათი გზებიც არაერთხელ გადაიკვეთა. მშობლებმა დღემდე არ იციან სექს მუშაკობით რომ ირჩენს თავს. იციან, რომ კლუბებში დრეგ ქვინ შოუებში მონაწილეობს და ხელფასსაც იქ უხდიან. რამდენჯერმე რამდენიმე ნაცნობმა და ნათესავმა დაინახა ცირკთან, მშობლებსაც უთხრეს. ამანდას ასეთებისთვის შემხვედრი კითხვა აქვს ყოველთვის - და შენ რა გინდოდა მანდ? ამ შეკითხვის შემდეგ ყველა ჩუმდება.

ერთ-ერთმა კლიენტმა, მისგან მომსახურება მიიღო და ფული არ გადაუხადა. ძალით წავართვიო, მიყვება. მერე იმ კლიენტმა უჩივლა, ძარცვაში დაადანაშაულეს და დაიჭირეს. ასე მოხვდა ციხეში, სადაც 7 წელი გაატარა. მისთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. მშობლებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს ეს ამბავი. 7 თვე ე.წ. კაი ბიჭებში იჯდა. იძულებული იყო მოერგო ბიჭის ნიღაბი, მოქცეულიყო, როგორც კაცი. დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ არავის შეემჩნია მისი იდენტობა. ყველაზე სტრესული სწორედ ეს 7 თვე გამოდგა. სასამართლოზე ზიზის გადაეყარა, რომელიც ცრუ ჩვენებაზე იყო დაკავებული. სასამართლოს შემდეგ ადგილსამყოფელი შეუცვალეს. ე.წ. "საქათმეში" გაამწესეს. ცოტა ხანს იქ დაჰყო და მერე ზიზისთან ერთად "ზონაზე" დაიდო ბინა. იქ დედოფლებივით ვიყავითო, ამბობს. ღიად განაცხადეს რომ ტრანსები იყვნენ. ზონის "მაყურებელის" სიმპათია დაიმსახურა. ცოტა ხანში მისი საყვარელი გავხდი და უბატონოდ ხმას ვერავინ მცემდაო. მხოლოდ ერთხელ, საპირფარეშოში ერთ-ერთმა პატიმარმა, მასთან სექსი რომ გადაწყვიტა და უარი მიიღო, წიხლი ჩაარტყა. თუმცა მისთვის ამ ამბავს ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვა - ციხის ე.წ. მაყურებელმა ბეისბოლის ხელკეტით სწორედ ის ფეხი მოსტეხა, რომელიც ამანდას ჩაარტყა. ერთი წელი თავისი მფარველის გარეშე მოუწია იქ ყოფნა, თუმცა ის გარედანაც აქცევდა ყურადღებას, ამანათებსაც უგზავნიდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ უნახავს. გერმანიაში წავიდა და კონტაქტიც გაწყდაო. ძალიან მიყვარდა და დღემდე მისი მადლობელი ვარო, ამბობს.

ციხიდან რომ გამოვიდა, ცოტა ხანს სახლში იჯდა, უსაქმოდ. მერე ნელ-ნელა დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას. დედა ეუბნებოდა, აჰა, ისევ დაიწყე პრანჭვაო. ერთხელაც ამანდამ უთხრა, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნებოდა და ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლებოდა. მეტიც, უთხრა, მკერდის გაკეთებას რომ აპირებს, რაზეც დედას თავიდან მისთვის არცთუ ისე სასურველი რეაქცია ჰქონდა, თუმცა ახლა თვითონ ეუბნება, რომ გააკეთოს ის, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ.

მისი და რომ გათხოვდა, ქმარმა ამანდასთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ქმარს და ამანდას შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუწიოს, ეს ამბავი ამანდას სასარგებლოდ გადაწყდება. ახლა სიძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. ძმაო - ასე მომმართავს ხოლმეო. მაინც ბოლომდე ვერ ეგუება ამანდა მისი ცოლის და რომაა, თუმცა აგრესია და მიუღებლობა აღარ აქვს.

ბოლო დროს მამა ავადმყოფობს, რამდენიმე ინსულტი გადაიტანა. ამასწინათ მითხრა, მიხედე და მიაწექი შენს ცხოვრებას, ბოდიში, რომ ამდენ ხანს ჩვენი კომპლექსების გამო შეგაყოვნეთ და არ მოგეცით ბოლომდე საშუალება, ისე გეცხოვრა, როგორც შენ გინდოდაო. როცა პირველად შვილის ამბავი გაიგო, მამა სულ ფიქრობდა, სად დაუშვა შეცდომა, ასეთი ამბავი რომ დაატყდა თავს. ახლა ამბობს, რომ არსადაც არ დაუშვია შეცდომა. ყველას თავისი გზა აქვს და ამ გზას, ვისაც როგორ უნდა, ისე დაგეგმავს და გაივლის.

ამანდა ბევრნაირი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ისეთი მთხრობელია, ამბებს ისე ყვება, რომ არ გინდა მალე დამთავრდეს. კარგად ხატავს, მაგრამ ძველი ნახატები აქეთ-იქით გაეფანტა. ბოლო დროს ისევ მიჰყო ხატვას ხელი და ჩემთან მოაქვს, რომ შევუნახო. იქნებ ერთ დღეს გამოფენაც მოვაწყოთ. ხატვაში მდიდარი წარმოსახვაც ეხმარება. ბებია მაგიით იყო გატაცებული და მეც მასწავლა რაღაცებიო, მითხრა. ტაროს უძველესი კარტი ჰქონდა, ულამაზესი ნახატებითო. ტაროს გაშლა თვითონაც იცის. ბებიისგან ნასწავლი რიტუალებიც ახსოვს. მაგალითად, როგორ უნდა უშველოს ადამიანს, ვისაც ვიღაცის "თვალი ეცა". რომ დავწერე შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს თქო, გარკვეულწილად ამ მაგიის დამსახურებაცაა - მისტიკურ ქალს ჰგავს, რომელსაც რაღაც უხილავი ძალა ეხმარება სულ, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს. ამასწინათ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ისეთი ლამაზია იმ ფოტოებში. ამ ბლოგსაც იმ სერიიდან ერთ-ერთ ფოტოს წავუმძღვარებ, ყველამ რომ ნახოს როგორია ამანდა - მაგიური ქალი თავისი ხშირი, ხვეული თმით, მოხდენილი მიხვრა-მოხვრით და გულში ჩამწვდომი შავი თვალებით.

ავტორი: ნინო კალანდია

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია