სასამართლომ უარყო ერთსქესიანი ქორწინება
28 05 2009

სამშაბათს, 26 მაისს, კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ უარყო ლგბტ უფლებების დამცველთა მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად ეცნოთ და გაეუქმებინათ “მე-8-ე განაცხადი”,- იტყობინება www.cnn.com.

გადაწყვეტილება, რომელმაც ქორწინების უფლება ჰეტეროსექსუალთა პრივილეგიად “სამართლებრივად” კიდევ ერთხელ გაამყარა, 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.

მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ დადგენილებას უკუგების ძალა არ აქვს და იმ 18 000 წყვილს, რომლებმაც 2008 წლის მაისიდან ნოემბრამდე (ერთსქესიანი ქორწინების ამკრძალავი “მე-8-ე განაცხადის” მიღებამდე) მოაწერეს ხელი, ლეგალურად შეუნარჩუნდებათ ქორწინების სტატუსი.

სიახლეს “რესპუბლიკელები” და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი აღფრთოვანებით მიესალმა, ხოლო სან-ფრანცისკოში მდებარე სასამართლოს შენობის გარშემო შეკრებილი 1 000-მდე ლგბტ აქტივისტი გადაწყვეტილების გამოცხადებას “გრცხვენოდეთ”-ის სკანდირებით შეხვდა.

ამის შემდეგ ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს. აქციების განმავლობაში სან-ფრანცისკოს პოლიციამ “გაუფრთხილებელი მიმოსვლის” ბრალდებით 159 ზრდასრული და 3 მოზარდი დააკავა.

იმავე საღამოს მსგავსი გამოსვლები მოეწყო ლოს-ანჯელესში, სადაც 3 500-დან 5 000-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტოდ. მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა სან-დიეგოსა და როგორც კალიფორნიის შტატის, ასევე მთელი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში

“შეუძლებელია იმ აღფრთოვანების შეთავსება, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ განვიცდიდით, იმ მწუხარებასთან, რომელსაც ახლა განვიცდით. . . და, შეუძლებელია სასამართლოს ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილების მორიგება მის მიერ დღეს “მე-8-ე განაცხადის” მხარდაჭერასთან”,- განაცხადა “ლესბოსელთა უფლებების ნაციონალური ცენტრის” ხელმძღვანელმა, ქეით კენდელმა.

საგულისხმოა, რომ 2008 წლის მაისში კალიფორნიელი გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭება სწორედ იმავე, ძირითადად “რესპუბლიკელებით” დაკომპლექტებული სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებას უკავშირდება, რაც მოგვიანებით, ნოემბერის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 52%-ის ხმით - 48%-ის წინააღმდეგ, “მე-8-ე განაცხადის” მხარდაჭერით გაბათილდა, და, შედეგად, ერთსქესიანი ქორწინება აიკრძალა.

ამ აკრძალვის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ნოემბერში კალიფორნიის კონსტიტუცია შტატის ქარტიით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვით სრულიად შეუსაბამოდ შეიცვალა. “მე-8-ე განაცხადის” მხარდამჭერები კი აცხადებდნენ, რომ კალიფორნიელებს დიდი ხანია, რაც ხმის მიცემის გზით კონსტიტუციის შეცვლის უფლება აქვთ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას მისმა თავმჯდომარემ, რონალდ ჯორჯმა აღნიშნა: “სამშაბათის დადგენილებამ გამოავლინა, რომ “განაცხადმა” ერთსქესიანი წყვილების - ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების სხვა მხრივ ხელშეუხებლად - მხოლოდ ქორწინების განსაზღვრა შეზღუდა.”

აღნიშნული ტიპის ახსნა-განმარტებების საპირისპიროდ, სასამართლოს ერთადერთმა “დემოკრატმა” წევრმა, მოსამართლე კარლოს მორენომ განაცხადა, რომ დადგენილება “არამხოლოდ ერთსქესიანი წყვილებისათვისაა მარცხი, არამედ, ნებისმიერი უმცირესობათა ჯგუფისთვის, რომელიც კალიფორნიის კონსტიტუციის თანაბარუფლებიანი დაცვის მუხლზე დაყრდნობით ცდილობს თავდაცვას.”

თემის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.cnn.com –ზე.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან