სიჩუმის დამრღვევნი #MeToo მოძრაობიდან ჟურნალ "თაიმის" 2017 წლის პერსონებად დასახელდნენ
14 12 2017

"ქალებს უჩნდებათ იმის რწმენა, რომ ცხოვრება ასე აღარ უნდა გავაგრძელოთ" - მეგინ კელი NBC’s-იდან.

ჟურნალმა "თაიმმა" 2017 წლის პერსონებად ის ადამიანები დაასახელა, რომლებიც სექსუალური ზეწოლისა და ძალადობის შესახებ ალაპარაკდნენ.

ქალებზე ძალადობისა და ზეწოლის ისტორიებმა, რაც სამსახურის ფასად დაუჯდათ ისეთ მსხვილ ფიგურებს, როგორიც, მაგალითად, კინომაგნატი ჰარვი ვაინშტაინია, ბიძგი მისცა #MeToo (#მეც) მოძრაობას, რამაც სხვადასხვა ინდუსტრიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამუშაო ადგილებზე ცვლილებები გამოიწვია.

"ეს არის ყველაზე სწრაფადგავრცელებადი სოციალური ცვლილება, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე გვინახავს," - განაცხადა "თაიმის" მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ფელსენთალმა.

ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილნი არიან მსახიობი ეშლი ჯადი, კომპანია "Uber"-ის ყოფილი ინჟინერი სუზან ფოულერი, ლობისტი ადამა ივუ, მომღერალი ტეილორ სვიფტი და მარწყვის მკრეფავი იზაბელ პასკალი - ყველა მათგანმა ხმა აღიმაღლა თავიანთ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების შესახებ.

"ქალებს უჩნდებათ იმის რწმენა, რომ ცხოვრება ასე აღარ უნდა გავაგრძელოთ" - ამბობს მეგინ კელი NBC’s -დან თაიმის ვიდეოში. კელიმ განაცხადა რომ, მას სექსუალურად ავიწროებდა ყოფილი უფროსი "ფოქს-ნიუსიდან", როჯერ აილსი.

აქტივისტმა ტარა ბერკმა, ვინც #MeToo მოძრაობა Twitter-ზე, სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, 2006 წელს წამოიწყო, თქვა, რომ თავდაპირველად შიშობდა, რომ დისკუსიები ძალადობის შესახებ ერთ-ერთი მორიგი ჰეშთეგის ფარგლებში მოექცეოდა, რომელსაც ხალხი მალე დაივიწყებდა, რაც სოციალურ მოძრაობათა უმრავლესობას ემართება ხოლმე.

ამ თვის დასაწყისში მან კალიფორნიაში აქციაზე განაცხადა, რომ იმედოვნებს, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საუბრები ჰოლივუდის წრეს გასცდება და სხვა ინდუსტრიებსაც შეეხება.

"#MeToo შეიძლება იყოს საუბრის გამხსნელი, ან სულაც, მთელი დისკუსიის თემა" - განუცხადა ბერკმა თაიმს.

მსახიობმა ალისია მილანომ, რომელმაც მიმდინარე წელს ხელი შეუწყო Twitter-ზე #MeToo მოძრაობის ვირუსივით გავრცელებას, თქვა: "ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს ყმაწვილებს ადრეული ასაკიდანვე, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ქალებზე ზრუნვა, არამედ მათდამი პატივისცემა, მათ უნდა იცოდნენ, რომ არის რაღაცები, რაც უბრალოდ მიუღებელია."¬¬

ჟურნალი ყოველწლიურად ირჩევს პერსონას, ჯგუფს ან კონცეფციას, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალ ამბებსა და მსოფლიოზე, დადებითი ან უარყოფითი ნიშნით.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "თაიმის" წლის ადამიანის ტიტული 2016-ში მიიღო, ხოლო წელს მეორე ადგილი დაიკავა. გასულ თვეს მან აღნიშნა, რომ ტიტულზე უარს აცხადებდა, დაწერა რა Twitter -ზე, რომ თაიმიდან დაურეკეს იმის სათქმელად, რომ "ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ მე დამასახელებდნენ წლის პერსონად," თუკი ინტერვიუსა და ფოტოს გადაღებაზე დათანხმდებოდა. "მე ვუპასუხე, რომ "სავარაუდოდ" არ იყო დამაკმაყოფილებელი და უარი ვთქვი."

გამარჯვებულებმა ისეთ კანდიდატებს გაუსწრეს, როგორიც არიან:

  • ამაზონის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი;
  • უსაბუთო იმიგრანტების ადვოკატები "მეოცნებენი";
  • "ქალი საოცრება"-ს რეჟისორი პატი ჯენკინსი;
  • ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჯონგ უნი;
  • "სან-ფრანცისკო 49"-ს ყოფილი მცველი კოლინ კაპერნიკი;
  • სპეციალური მრჩეველი რობერტ მიულერი;
  • საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი;
  • პრეზიდენტი ტრამპი;
  • ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ჯინპინგი.

წყარო: https://www.nbcwashington.com/news/national-international/Sexual-Misconduct-Time-Person-of-the-Year-2017-462270153.html?99



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია