ემილი დიკინსონი - პატრიარქატის წინააღმდეგ
22 01 2016

ემილი დიკინსონი 1830 წლის 19 დეკემბერს ამჰერსტში (მასაჩუსეტსის შტატში) დაიბადა. მისმა მდიდარმა ბაბუამ 1835 წელს ამჰერსტის კოლეჯი დააარსა. მამა კი 1835-დან 1870 წლამდე ამავე კოლეჯის ხაზინადარი იყო. ამჰერსტის დამთავრების შემდეგ დიკინსონმა სწავლა “მაუნთ ჰოლოუკის” ქალთა კოლეჯში განაგრძო. როგორც პირველში, ასევე მეორე სასწავლო დაწესებულებაში მეცადინეობების განრიგში რელიგიურ გაკვეთილებს ბევრი დრო ეთმობოდა. ასე რომ, ემილი რელიგიის ძლიერი სოციალური ზეწოლის ქვეშ იზრდებოდა. იგი ჩართული იყო ქრისტიანული აღორძინების საზოგადოების მოღვაწეობაშიც, მაგრამ მორწმუნედ მაინც ვერ ჩამოყალიბდა და არც კონგრეგაციული ეკლესიის ერთობაში შესულა (რომელიც ერთადერთი რელიგიური ერთობა იყო მათ ქალაქში). 1850 წელს ორთოდოქსული რელიგიის პირობითობებთან მის დაპირისპირებას მოულოდნელი მხარდაჭერა ხვდა წილად: აღდგომაზე ადვოკატის ასისტენტი ბენჯამენ ნიუტონი, რომელიც მამამისთან მუშაობდა, მას რალფ ვალდო ემერსონის – კონკორდელი თავისუფლად მოაზროვნე ტრანსცენდენტალისტის – პოემის ასლს ჩუქნის. დიკინსონისთვის ემერსონი “ცხოვრებისეული ღირებულებების შემფასებლად” იქცა, როგორც ამას მოგვიანებით წერდა. წერაც სწორედ მისი პოემების ზეგავლენით დაიწყო.

1855 წელს ვაშინგტონისკენ მიმავალი ემილი დიკინსონი ფილადელფიაში გაჩერებისას ჩარლზ უოდსვორტს ხვდება, პასტორს, რომელიც მისი “ყველაზე ძვირფასი მიწიერი მეგობარი გახდა”. 1862 წელს, როდესაც ის კალიფორნიაში გაემგზავრა, ემილიმ ემოციური კრიზისი გადაიტანა, რაც 1858-1862 წლების ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ შემოქმედებითი დაღმასვლის მიზეზად იქცა. ამავე წელს კემბრიჯელ მღვდელს, ტომას უენვერტ ჰიგინსონს, რომელთანაც დიკინსონს მიმოწერა ჰქონდა, ოთხი თავისი პოემა აჩვენა და მისი აზრით დაინტერესდა. ჰიგინსონმა დაარწმუნა, რომ მისი შემოქმედება ძალიან ცოცხალია, მაგრამ ურჩია პოემები არ გამოექვეყნებინა. სტილის სრულყოფაში მან ემილის დახმარებაც შესთავაზა, საბედნიეროდ, ამ შეთავაზებით დიკინსონს არ უსარგებლია.

1862 წლის შემდეგ ის უკვე უფრო ცოტას წერდა. თუმცა, მისი საუკეთესო პოემები სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. მისი ლექსები უკიდურესობამდე გაშიშვლებული ენითაა დაწერილი, ნაცნობი სიტყვები აქ მათთვის უჩვეულო კონტექსტში ისმის, სინტაქსისი და რიტმი ახლებურად გაჟღერებულ მუსიკას გკარნახობენ, ხშირია ეჭვებით აგონიზირება და ექსტატიური აფეთქებები. თავის პოემებს პატარა ჟურნალებში აგროვებდა, შემდეგ მათ ხელით აკერებდა ერთმანეთს და თავის საწერ მაგიდაში ინახავდა. ემილი წინააღმდეგობას უწევდა მეგობრებს, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ლექსების თუნდაც ნაწილი გამოექვეყნებინა. საბოლოოდ, მისი ცხოვრების მანძილზე სულ შვიდმა პოემამ ნახა დღის სინათლე.

თვალების სერიოზულმა დაავადებამ ემილი დიკინსონი აიძულა, მუშაობა მთელი ორი წლით შეეწყვიტა. იგი 1864-1865 წლებში მკურნალობის ხანგძლივ კურსს გადიოდა კემბრიჯში. ამის შემდეგ კი აღარასდროს დაუტოვებია ამჰერსტის ოჯახური მამული. მშობლიურ ქალაქში მას “ამჰერსტელი მონაზონი” შეარქვეს. ემილი დიკინსონი თავის ოთახში სახლის მეორე სართულზე განმარტოებით ცხოვრობდა, მისი გაუთხოვარი უმცროსი და ლავინია ემილის მყუდროებას შესაშურად იცავდა. დამ საკუთარ თავზე ყველა საყოფაცხოვრებო საქმე იტვირთა, რათა ემილისთვის წერაში ხელი არაფერს შეეშალა. ძმა ოსტინი და მისი ცოლი – ემილის ძალიან ახლო მეგობარი სიუზან ჟილბერი – იმავე სახლში ცხოვრობდნენ. დიკინსონი ბევრს კითხულობდა და ბაღს უვლიდა (კარგი მებაღე იყო და თავიანთი სახლის ორანჟერეაში ბროწეულის ხეებსა და ლილიებს ახარებდა). ბევრ მეგობართან ჰქონდა გაცხოველებული მიმოწერა. ესენი იყვნენ: უოდსვორტი, ჰიგინსონი, ოტის ლორდი, კეიტ ენტონი, ჰელენ ჰანტ ჯექსონი, მის ჰოლანდი. ეს უკანასკნელი Springfield republican”-ის რედაქტორის ცოლი იყო.

ემილი დიკინსონი 1886 წლის 15 მაისს გარდაიცვალა. მის საწერ მაგიდაში მანამდე უცნობი ათასზე მეტი ლექსი იპოვეს. ერთობლიობაში მან 1800-ზე მეტი ლექსი შეთხზა. ჰიგინსონმა, რომელიც დიკინსონს ყოველთვის “ცოტათი გიჟად” მიიჩნევდა, რჩეულ ლექსებს რედაქტირება გაუკეთა, “ჩაასწორა” და 1890 წელს გამოსცა. დიკინსონის პოემები პირველადი სახით მხოლოდ 1955 წელს დაიბეჭდა.

იმდენად დიდი ენერგია დაიხარჯა იმისთვის, რომ დიკინსონი უცნაურ და უსქესო შინაბერად შეერაცხათ და მის პოემებში ამა თუ იმ ფორმით დაშიფრული ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური მისწრაფებები გამოევლინათ, რომ დიკინსონის პიროვნების გარშემო შემქნილმა გაბუქებულმა სენტიმენტალურმა მითებმა ახლა უკვე თავიანთი თავი ამოწურეს. ამასთანავე, დიკინსონის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი – ქალებთან ურთიერთობა – ძალიან დიდხანს მიჩუმათებული იყო.

დიკინსონის თანამედროვე აღქმა უფრო მდიდარ და ცოცხალ სურათს გვიჩვენებს. ამასთან დაკავშირებით ლიტერატურათმცოდნე ტონი მაკ-ნერონი წერდა: “მე არ ველი იმას, რომ უცებ გაირკვეს: ემილი დიკინსონი ნამდვილი ლესბოსელი იყო… სინამდვილეში მისი პოეზიის და მისი ცხოვრების ლესბიურ-ფემინისტურ წაკითხვაზეღა შეიძლება საუბარი, როგორც მის გარშემო არსებული მრავალი ფაქტისა და გამონაგონის აღქმის ყველაზე კორექტულ საშუალებაზე”.

თავის ყველაზე ცნობილ, 1975 წელს დაწერილ ესეში “ვეზუვი სახლში: ემილი დიკინსონის ძალა” პოეტი ადრიან რიჩი ემილი დიკინსონის სახის ზოგიერთი კლიშეს დამსხვრევას ცდილობს. ის განიხილავს დიკინსონის ბიძაშვილის, მარტას მოგონებებში აღწერილ ეპიზოდს, სადაც მარტა “ყვება, რომ ერთხელ მეორე სართულზე ემილის საძინებელში იყო. ემილიმ ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს კარს წარმოსახვითი გასაღებით კეტავსო და უთხრა: “მარტა, აი თავისუფლება”.

იმ წლებში ემილი დიკინსონისნაირი აზროვნების მქონე ქალისთვის საკუთარი თავის რეალიზება არც ისე ადვილი იყო. როგორც ადრიანა რიჩი შენიშნავს, “საზოგადოებრივ გარემოცვას (რომელშიც იგულისხმება კალვინისტური პროტესტანტიზმი, რომანტიზმი, XIX საუკუნეში მიღებული ქალის სხეულის კორსეტში მოქცევის ტრადიცია, ქალების ცხოვრებისეული ალტერნატივები და ბოლოს მიმართება სექსუალობასთან) შეეძლო გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ქალების ჭკუიდან შეშლის მიზეზი გამხდარიყო. ემილი დიკინსონს არ ქონდა სხვა გზა გარდა იმისა, რომ არაორთოდოქსული, თვითდესტრუქციული, ზოგჯერ ვულკანივით ცეცხლისმფრქვეველი ლტოლვების ტრანსფორმირება მოეხდინა შიფრში “პოეტური მეტაფორის” სახელწოდებით, რომელიც მის მშობლიურ ენად იქცა. “თქვი სიმართლე, ოღონდ ნუ იტყვი მას პირდაპირ – სწორედ ეს არის იმის არსი, რასაც საკუთარ თავში ვთრგუნავთ და რაც ჩვენში გროვდება, შემდეგ კი პოეზიაში ფეთქდება”.

“დიკინსონი განდეგილის უდაბნოში როდი ცხოვრობდა. განმარტოებაში მას ადამიანების ფარ

თო წრესთან ჰქონდა ურთიერთობა და მიმოწერა”, – აღნიშნავს ადრიანა რიჩი. “დიკინსონი უთუოდ იყო დაინტერესებული იმ მამაკაცებით, ვისგანაც ინტელექტუალური საზრდოს მიღება შეეძლო. როგორც ახლა უკვე აშკარაა, ამავე მიზეზით ქალებითაც ინტერესდებოდა. დიკინსონს ქალების შესახებ ბევრი ლექსი აქვს შეთხზული, ისევე როგორც მათთვის მიძღვნილი ლექსები. ზოგიერთი მათგანი ორ ვერსიად არსებობს, თანაც განსხვავებული აზრობრივი დატვირთვით”. ემილი დიკინსონის ემოციების სამყარო გაცილებით მდიდარი იყო, ვიდრე ამას მითები მიაწერენ. ამის დამადასტურებელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტი, რომელსაც ისტორიკოსი ლილიან ფეიდერმანი ახსენებს: დიკინსონის მეგობარ სიუზან ჟილბერტისთვის მიწერილი ვნებებით აღსავსე წერილებს მისმა ძმისშვილმა გამოქვეყნებამდე მკაცრი რედაქტირება გაუკეთა; ამასთან, მან ყველა ვნებიანი სასიყვარულო განცდა შერბილებულად წარმოადგინა.

როგორც რიჩი წერს: “მის მოწოდებას თუ გავითვალისწინებთ, დიკინსონი არ ყოფილა არც შეშლილი და არც ექსცენტრიული; ის ცდილობდა, ისე მოეწყო თავისი ცხოვრება, რომ საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის ძალები დაეზოგა”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ემილი დიკინსონმა ისეთი რთული შემოქმედებითი ცხოვრება განვლო, როგორზეც ვირჯინია ვულფი დაახლოებით 50 წლის შემდეგ წერდა ესეში “საკუთარი ოთახი”.

დიკინსონის საიდუმლოებებს ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ ის იყო ქალი, რომელსაც სხვა ქალებთან ძალიან დატვირთული და ახლო ურთიერთობები ჰქონდა. რელიგიური დოგმატების გავლენით მათ მკაცრად ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია ჰქონდათ, მაგრამ ამასთანავე ყველაზე კლასიკური გაგებით ქორწინების ინსტიტუტის მოწინააღმდეგეები იყვნენ. დიკინსონი ცდილობდა თავისთვის შეექმნა სივრცე, რომელშიც საკუთარი “მეს” კულტივირებას შეძლებდა. მან გაბედულად და ყოველგვარი სინანულის გარეშე უარყო პატრიარქალური კანონები.

მოამზადა ნინო ძანძავამ  

Biography of Emily Dickinson, an outstanding American poet, prevalent myths about her personality and her works, feminist analysis of her poems.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"