25 ივნისის ღამეს თავდამსხმელმა ტრანსგენდერი ქალი ლურსმნიანი ჯოხით სცემა
30 06 2016

2016 წლის 25 ივნისის ღამეს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელმა მას მარჯვენა მკლავზე ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით მიაყენა.

დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს არც დამნაშავის დაკავება უცდიათ და არც სხვა სახის რეაგირება განუხორციელებათ. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად დანაშაულის ადგილას შეკრებილმა ტრანსგენდერმა ქალებმა ხელახლა გამოიძახეს ეკიპაჟი და მოითხოვდნენ მათგან რეაგირებას დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ ტრანსფობიურ ნიადაგზე იყო ჩადენილი. მეორე გამოძახებაზე გამოცხადებულმა ეკიპაჟმა კი ტრანსგენდერი ქალების პროტესტი სამართალდარღვევად ჩათვალა, ოთხი მათგანი დააკავა და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანა.

ორი დაკავებულის ინტერესებს სასამართლოში ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) იურისტი ქეთი ბახტაძე იცავდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, პოლიცია დაკავებულებს 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა და მოითხოვდა მათ დაჯარიმებას 250 ლარით.

პასუხისგებაში მიცემული ტრანსგენდერი ქალები არ აღიარებდნენ სამართალდარღვევას, მაგრამ ამბობდნენ, რომ პოლიციის მოქმედებების გაპროტესტების დროს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს. ასევე, მათი განმარტებით, პოლიციელის მოთხოვნას მყისიერად დაემორჩილნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ტრანსგენდერი ქალების მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციული სამართალდარღვევას. მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან.

იურისტის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა ხმამაღალი საუბრით გააპროტესტეს პოლიციის უმოქმედობა, ერთ-ერთი მათგანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მათი დაჯარიმება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნებს.

„მათი პროტესტი ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და პოლიცია ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა დანაშაულზე, რომელიც მიმართული იყო ტრანსგენდერთა დევნაზე, რაც სისტემატიურ ხასიათს ატარებს. უფრო მეტიც პოლიციის მთავარი ამოცანა დანაშაულის პრევენციაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ განახორციელეს და არამცთუ არ დაინტერესდნენ და რეაგირება არ მოახდინეს ტრანსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, უფრო მეტიც დააკავეს თავად დაზარალებული და მომხდარის მოწმეები,“ - ამბობს ქეთი ბახტაძე, რომელიც პოლიციის მიერ განხორციელებულ ამ ქმედებებს არა საზაგადოებრივი უსაფრთხოების დაცვად, არამედ ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების უგულებელყოფად, მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებად და დისკრიმინაციის წახალისებად აფასებს.

როგორც ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს’’ (WISG) შსს-ში განუცხადეს, 25 ივნისის ღამეს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც დაჯარიმებას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა