ნიდერლანდები მსოფლიოს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად ცნო და დააკანონა ერთსქესიანი ქორწინებები. დედოფალმა ბეატრისმა შესაბამის კანონპროექტს 2000 წლის 21 დეკემბერს მოაწერა ხელი და იგი ძალაში 2001 წლის 1 აპრილიდან შევიდა.
ეროვნული და საერთაშორისო გამოხმაურება ზემოხსენებულ კანონთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი იყო და ეს საკითხი დღესაც საკამათო რჩება. მიუხედავად ამისა, ერთსქესიანი ქორწინებები უკვე 10 ქვეყანაშია ნებადართული. რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში, გეი ქორწინება მხოლოდ გარკვეულ იურისდიქციებშია დაშვებული.
2001 წლის პირველ აპრილს, ამსტერდამის იმჟამინდელმა მერმა იობ კოენმა, ქალაქის მერიაში ერთი სქესის ოთხი წყვილი დააქორწინა. ეს ისტორიული და იმედისმომცემი მოვლენა გახლდათ ლგბტ საზოგადოებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ერთსქესიანი წყვილებისთვის.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა პოლიტიკური ინიციატივა გამოიჩინა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაში, ლგბტ ადამიანებს ამ ქვეყანაში მაინც უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის. მაგალითად, ზოგიერთი ქორწინების რეგისტრატორი ჯერ კიდევ უარს აცხადებს ერთსქესიანი წყვილების შეუღლებაზე. გარდა ამისა, გეი წყვილებს მიგრაციისა და შვილად აყვანის საკითხებში ხშირად არ აქვთ იგივე უფლებები, როგორიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს.
მსოფლიოს პირველი ერთსქესიანი ქორწინების აღსანიშნად, ამსტერდამის მერი ებერჰარდ ვან დერ ლაანი ამსტერდამის მუზეუმში ორ გეი და ლესბოსელ წყვილს დააქორწინებს. ქალაქის მერიაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მიმდინარეობს გამოფენა სახელწოდებით "Yes, I do - 10 Years Gay Marriage".
წყარო:http://channel6newsonline.com/2011/04/lgbt-community-marks-10th-anniversary-of-first-gay-marriage/