გამარჯვება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ჰოლანდიაში - ახალი კანონი
19 12 2013
სამშაბათს ჰოლანდიის სენატის უმრავლესობამ ხმა მისცა ახალ კანონს, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების დაცვას უზრუნველჰყოფს ქვეყანაში. ტრანსგენდერთა ქსელი ჰოლანდიაში - Transgender Network Netherlands (TNN) და ლგბტ ორგანიზაციების ფედერაცია COC Netherlands “ჰოლანდიაში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გამარჯვებას“ აღნიშნავენ.
კანონი ძალაში 2014 წლის 1 ივლისს შედის.
ახალი კანონი 16 წლის და 16 წელს ზემოთ ასაკის ტრანსგენდერ ადამიანებს გამარტივებულ გზას სთავაზობს პასპორტსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში რეგისტრირებული გენდერის შესაცვლელად. ოფიციალური განცხადება ექსპერტისგან, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნებას სურს გენდერული მარკერის შეცვლა მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად, საკმარისი იქნება ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის შესაცვლელად.
ამჟამინდელი ჰოლანდიური კანონით გენდერის შეცვლა ოფიციალურ დოკუმენტებში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პიროვნებას სავალდებულო და ხშირად არასასურველი სტერილიზაციისა და გენდერული მოდიფიკაციის ოპერაციები აქვს გავლილი, რასაც სასამართლოს ნებართვა მოსდევს თან. ამის გამო, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი მის გენდერულ იდენტობასთან შეუსაბამო ოფიციალური დოკუმენტებით ცხოვრობს.
TNN და COC რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ახალი კანონის მისაღებად. გასულ აპრილს, როცა კანონპროექტი წარდგენილ იქნა სენატის წინაშე, მას მკაცრი წინააღმდეგობით შეხვდნენ სენატორები და დოკუმენტს გენდერის კვლავაღიარებისთვის აუცილებელი მინიმალური ასაკის 16 წლამდე დაწევის გამო აკრიტიკებდნენ.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანოებმა, როგორიცაა ევროსაბჭო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ჰოლანდიას ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებაში არსებული ამჟამინდელი კანონის შეცვლისკენ მოუწოდეს. Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა რეპორტი ადამიანის უფლებათა იმ დარღვევების შესახებ, რასაც არსებული კანონი მოიცავს. ამ ორგანიზაციების მიხედვით, კანონი ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, როგორიცაა სხეულებრივი მთლიანობის უფლება, პირადი ცხოვრების (ინფორმაციის) ხელშეუხებლობა და ოჯახის შექმნის უფლება. ევროპის ფარგლებში, გერმანიას, ავსტრიასა და პორტუგალიას უკვე აქვთ ჰოლანდიური კანონის მსგავსი კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებებს იცავს.
TNN-ისა და COC Netherlands-ის მიერ პარლამენტში წარმოებული ლობირების პროცესი, რომელიც სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმატებული აღმოჩნდა. ორგანიზაციები ზეწოლას არ შეწყვეტენ და იმუშავებენ კანონში ისეთი ცვლილებების შესატანად, რომლის შედეგადაც დოკუმენტი ჰოლანდიაში ტრანსგენდერ ადამიანთა ყველა საჭიროებას მოერგება. მაგალითად, TNN და COC აცხადებენ, რომ არგენტინის კანონის მსგავსად, კანონიდან ამოღებულ უნდა იქნას მინიმალური ასაკის მოთხოვნა და ‘ექსპერტის დასკვნის’ საჭიროება.
წყარო
ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია