: სილვია რივერა და მარშა პ. ჯონსონი მიუძღვიან სტოუნვოლის აჯანყებას.
სტოუნვოლი აჯანყება იყო
05 06 2020

ავტორი: ტატიანა კოცარელი

დღეს პრაიდის თვის პირველი დღეა [სტატია გამოქვეყნდა 2020 წლის 1 ივნისს] და ის 1969 წლის სტოუნვოლის აჯანყების აღნიშნავს. ამჟამად ამბოხება ფეთქავს მთელი ქვეყნის მასშტაბით; მდიდარი, თეთრკანიანი გეი მამაკაცები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდნენ "ძალადობას", თუმცა ლგბტქ+ მოძრაობის ისტორია გვიჩვენებს, რომ შევიწროებული ადამიანების აჯანყება თავისუფლების მოპოვებას ემსახურება.

"კოლექტიური შეგრძნება გვქონდა, რომ უკვე ყელში ამოგვივიდა ეს ნაგავი. ეს არ იყო რაღაც ხელშესახები, კონკრეტულად ვინმესთვის ნათქვამი რამ. ისე მოხდა, თითქოს წლების მანძილზე მომხდარი მოვლენები ერთად დაგროვდა ამ ერთ კონკრეტულ ღამეს, იმ ერთ კონკრეტულ ადგილას, და ეს არ იყო ორგანიზებული დემონსტრაცია...არ ვაპირებდით მორჩილად გვეარა ღამე და მათთის [პოლიციელებისთვის] ჩვენი აქეთ-იქით თრევის საშუალება მიგვეცა - ეს იყო მიწაზე ძალიან მყარად დადგომის პირველი შემთხვევა და სწორედ ამან განაცვიფრა პოლიცია. თითქოს ჰაერში ტრიალებდა რაღაც, დიდი ხნის გადავადებული თავისუფლება, და ჩვენ ამისათვის ბრძოლას ვაპირებდით. ამ ყველაფერს სხვადასხვანაირი ფორმისა და იერსახის შეძენა დასჭირდა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ დანებებას არ ვაპირებდით. და არ დავნებდით."

- მაიკლ ფეიდერი, სტოუნვოლის ვეტერანი.

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ აჟღერებენ, წერენ და შეიგრძნობენ ამ ფრაზებს მინეაპოლისში და ქვეყნის გარშემო ამბოხებული შავკანიანი ახალგაზრდები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდისათვის სამართლიანობის აღდგენასა და პოლიციის მხრიდან სისასტიკის დასრულებას მოითხოვენ. ამ ტექსტის წერისას, ადამიანები ქვეყნის გარშემო, ამ შავკანიანი ახალგაზრდების წინამძღოლობით, უგულებელყოფენ კომენდანტის საათს, ილაშქრებენ პოლიციისა და ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ, ლეწავენ ფანჯრებს და ცეცხს უკიდებენ შენობებს. ეს ყველაფერი კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ხდება, რომელიც არაპროპორციულად კლავს შავკანიან ადამიანებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხი წინ უდგება ცრემლსადენ გაზს, პოლიციის კეტებს, და მემარჯვენე დემონსტრანტებს. მთელი ქვეყნის გარშემო, ისმის ადამიანების ძახილი: "უკვე საკმარისად ვიწვნიეთ ეს ნაგავი!".

დღევანდელი დღე კი პრაიდის თვის დასაწყისს აღნიშნავს - თვეს რომელიც 1969 წლის სტოუნვოლის აჯანყებას მოიხსენიებს.

დიახ, ლგბტქ+ მოძრაობის დაარსება სწორედაც რომ აჯანყება იყო. ეს შეიძლება რთულად მოსასმენი იყოს ზოგიერთი მდიდარი, თეთრკანიანი გეისათვის, რომელიც ახლა "ძალადობრივი" პროტესტების წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ სწორედაც რომ სტოუნვოლის აჯანყებამ ჩაუყარა საფუძველი ლგბტქ+ მოძრაობის ჩამოყალიბებას.

თავად სიტყვა "აჯანყება" საკმაოდ პოლემიკურია. ის შესაძლოა ბრბოთა მიერ უმიზეზო, ყოველნაირ აზრს მოკლებულ დესტრუქციის პროვოცირებასაც გულისხმობდეს. სხვა თუ არაფერი, ზოგი თეთრკანიანი ადამიანი სპორტული თამაშების შემდეგაც აჯანყებას აწყობს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამ ქმედებებისათვის პოლიციის მხრიდან რეპრესიის ქვეშ არ ექცევიან.

ხოლო ჩვენ - ქვიარ და ფერადკანიანმა ადამიანებმა, რომელსაც კაპიტალისტური ექსპლუატაცია და შევიწროება ჩაგრავს - ვიცით, რომ ჩვენს ხელთ არსებული აჯანყება სრულიად განსხვავებული რამაა. ეს წლების მანძილზე ნაყლაპი სირცხვილის, ბრაზისა და შიშის წინააღმდეგ გამოძახილია. ეს არის იმ მძვინვარების ამოხეთქვა, რომელიც ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე არსებულმა შევიწროებამ გამოიწვია. როგორც ტონი მორისონმა თქვა, "რაზეც პირველ რიგში ვფიქრობდი დემონსტრანტების შესახებ, იყო ის, თუ რამდენს ხანს იცადეს. ის თავშეკავება, რომელიც გამოიჩინეს. არა სპონტანურობა - არამედ თავშეკავება. ისინი ელოდნენ და ელოდნენ სამართალს. თუმცა ის არ მოვიდა. ამაზე არავინ საუბრობს."

ან როგორც CLR ჯეიმსმა თქვა: "როდესაც ისტორია იწერება ისე, როგორც ის უნდა იწერებოდეს, ადამიანებს ხალხთა თავშეკავება და ხანგრძილივი მოთმინება გააოცებს, და არა მათი სისასტიკე".

შავკანიანი ტრანსი ქალის, მარშა პ. ჯონსონის მსგავს ადამიანებს თავშეკავებაც ყელში ამოუვიდათ, ისევე როგორც სილვია რივერას. სტოუნვოლი ხომ სწორედ ჯონსონისა და რივერას მსგავსმა ქალებმა წამოიწყეს - ფერადკანიანმა ტრანს ქალებმა და სექს მუშაკებმა, რომლებსაც გამუდმებით პოლიცია ავიწროებდა. მათ საკმარისად მოუწიათ თავის შეკავება. 1969 წლის ერთერთმა სტატიამ სტოუნვოლი აღწერა, როგორც "რეპრესიის წყაროს წინააღმდეგ ამოხეთქილი შურისძიება - გეი ბარები, რეიდები, ბავშვები, რომლებიც მაფიისა და პოლიციელების მხრიდან ექსპლუატაციას ემსხვერპლნენ." ისინი ქვებს უშენდნენ პოლიციას, ცეცხლს უკიდებდნენ სანაგვე ურნებს გარეთ, და პოლიციას დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად ებრძოდნენ.

სტოუნვოლის ვეტერანი, მარკ სიგალი, იხსენებს:

"იმ ღამით ისეთი ბედნიერები ვიყავით იმით, რომ საპასუხოდ შევებრძოლეთ! მანამდე ასე არასდროს მოვქცეულვართ... ყველამ ერთსულოვნად გადავწყვიტეთ ჩაგვრის ჯაჭვების შერხევა... იმ ღამით პოლიცია წარმოადგენდა რელიგიის, ოჯახის, ეკლესიის და ყველა სხვა მექანიზმით ოპრესიას იმ საზოგადოებაში, რომელსაც ვძულდით."

მანჰეტენის ქუჩებში 6 დღიანი შეჯახებები გაიმართა პოლიციასა და ქვიარებს შორის, რომლებსაც ისეთი მემარცხენე ორგანიზაციები შეურთნენ, როგორიცაა Black Panther Party, The Young Lords და სხვა.

სტოუნვოლის აჯანყებებმა მონიშნა გეი განმანთავისუფლებელი ფრონტის (GLF) დაარსება და ღორების, სახელმწიფო რეპრესიის, ეკლესიისა და პატრიარქალური წყობის ოჯახის წინააღმდეგ მებრძოლი მოძრაობის დაბადება. პოეტ ალენ გინსბერგის თქმით, პოსტ-სტოუნვოლელი ქვიარები უკვე თითქოს სხვა ადამიანები იყვნენ. მან ისინი ასე დაახასიათა: "იცით, ისინი მშვენიერები იყვნენ! მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ 10 წლის წინანდელი ნაიარევი გარეგნობა."

მაგრამ, გეი განმანთავისუფლებელი ფრონტი მხოლოდ გეი უფლებებისათვის არ იბრძოდა. GLF-ის გაზეთი, The Rat, მოძრაობის სულისკვეთებას ატარებდა: "ჩვენ ვართ რევოლუციონერი ჰომოსექსუალი კაცებისა და ქალების ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა იმის გააზრებით, რომ სრული სექსუალური თავისუფლება ყველა ადამიანისათვის არ იარსებებს მანამ, სანამ არსებული სოციალური ინსტიტუციები არ გაუქმდება". GLF აცხადებდა: "ჩვენ თავს ვაიგივებთ ყველა ჩაგრულთან: ვიეტნამელთა ბრძოლასთან, მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან, შავკანიანებთან, მუშებთან... ყველასთან, ვინც ამ დამპალი, ჭუჭყიანი, ბილწი და გაფუჭებული კაპიტალისტური კონსპირაციის გამოა ჩაგრული". და შესაძლოა ეს ყველაზე ძლევამოსილი რამ იყო, რაც სტოუნვოლის აჯანყებამ მოგვიტანა - სრულიად საზოგადოების კრიტიკა, და სურვილი ჩაგრული ხალხის გაერთიანებისა, პოლიციისა და იმ კაპიტალისტური მონსტრის წინააღმდეგ, რომელსაც შეერთებული შტატები წარმოადგენს.

51 წელი გავიდა სტოუნვოლის შემდეგ. და მაშინ, როცა გეი მამაკაცი პრეზიდენტობის ერთერთი შესაძლო კანდიდატად მოგვევლინა, პოლიციელები აგრძელებენ ქვიარ ადამიანების ცემას და კვლას. გასულ თვეშიც კი, მათ ტონი მაკდეიდი, შავკანიანი ტრანსი მამაკაცი მოკლეს. მეორე მხარეს, არსებობს კორპორაციების დაფინანსებული პრაიდის აღლუმები და ადამიანის უფლებათა კამპანია ათასობით დოლარის ღირებულების გალა მიღებებს მასპინძლობს. გეი, თეთრკანიანი, მდიდარი მამაკაცები ძალაუფლების უმაღლეს პოზიციებზე ექცევიან და ფარისევლურად აღნიშნავენ პრაიდს, თვალთმაქცურად "ათეთრებენ" რა მისი მებრძოლი ხასიათის მემკვიდრეობას და ამავდროულად ჩვენს თვალწინ მიმდინარე ამჟამინდელ ამბოხებას აკრიტიკებენ.

ხოლო ქვიარ ადამიანების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ფერადკანიანი ქვიარები, კორონავირუსის ჟამსაც კი, ყოვლად არათანაბარ პირობებში იბრძვის. ჩვენ ვართ დისპროპორციულად უსახლკარონი, პრეკარიულ შრომაში ჩართულნი, ჯანმრთელობის დაზღვევის უქონელნი: ასეთია სირთულეთა სამება კოვიდ-19 ის პერიოდში. შეერთებული შტატების საკონცენტრაციო ბანაკებში საბუთების არმქონე ტრანს ადამიანები დისპროპორციული მასშტაბით იხოცებიან, ხოლო ფერადკანიან ქვიარებს პოლიცია დაუნდობელი ხერხებით უსწორდება. დღეს, ქუჩებში ამბოხებული ადამიანები ჩვენს ამხანაგებად უნდა დავინახოთ, იმავე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტოუნვოლის აჯანყებიდან 51 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ამბოხების შუაგულში მოვექეცით - კიდევ ერთი აჯანყება ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი გაგებით. ეს არის პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მოძრაობა, შავკანიანი ახალგაზარდობის მეთაურობით, რომლებმაც ასევე დაისახეს მიზნად ჩაგვრის "ჯაჭვების გაწყვეტა". სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის იქცა გამაერთიანებელ გამოძახილად ამ სრულიად უსამართლო და რასისტული სისტემის წინააღმდეგ.

მთელი თაობა აღზევებულია - თაობა, რომელიც, სტუდენტური ვალების პარალელურად, უმუშევარი ან არასრულად დასაქმებულია, მაშინ როდესაც ჯეფ ბეზოსი ტრილიონერობის გზას ადგას. ამ თაობას მიზანში Wells Fargo, Target და პოლიცია ჰყავს ამოღებული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სიცოცხლე მეტად ღირებულია, ვიდრე მათი მოგება და რომ რეალური ძალადობა ამ რასისტული კაპიტალისტური ხელისუფლების მხრიდან ძალადობაა. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი მძარცველი შეერთებული შტატებია, რომელიც მონურ შრომაზე და გენოციდის მეშევეობით ადგილობრივი მოსახლეობისაგან გამოძალულ მიწებზე აშენდა. რეალური მძარცველები არიან იმპერიალისტები, რომლებიც თავიანთი მოგებისთვის გადატრიალებებს აწყობენ, ბოსები, რომლებიც შეუბრალებელ ექსპლუატაციას უწევენ ჩვენი და გლობალური მუშათა კლასის შრომას. მაგრამ ეს თაობა ნელნელა სწავლობს რა გრძნობაა ქუჩების დაკავება, პოლიციელებისთვის საკადრისი პასუხის გაცემა და ბარიკადების აგება.

პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ აჯანყება სავსებით გამართლებულია. პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ აჯანყებას შეუძლია ისტორია შეცვალოს - როგორც სტოუნვოლმა შეცვალა, და როგორც, ჩემი აზრით, ეს ამბოხება შეცვლის. თუმცა, აჯანყება რევოლუცია არ არის, აჯანყება საკმარისი არ არის. მუშათა კლასისა და დაჩაგრული ხალხის გაერთიანებული ქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ გამოიწვიოს არსებული სისტემა და დაასრულოს მისი ოპერირება. ეს სისტემა - რომელმაც ვირუსი, ეკონომიკური კრისიზი და ყველაზე დაუნდობელი ფორმის რასიზმი გვითავაზა - სიკვდილს იმსახურებს, ჩვენ კი - გათავისუფლებისა და სოციალიზმის მომავალს.

თარგმნა: ანა ითონიშვილმა
წყარო



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის