ფრიდა კალო
29 09 2015
ფრიდა კალო დაიბადა 1907 წლის 6 ივნისს, კოიოაკანში. ის იყო გულერმო და მატილდა კალოების მესამე ქალიშვილი. მამა იყო ფოტოგრაფი გერმანელი, ებრაელი,ხოლო დედა წარმოშობით მექსიკელი ინდიელი. 6 წლის ასაკში ფრიდამ გადაიტანა პოლიომიელიტი,რის გამოც დაკოჭლდა. მიუხედავად იმისა,რომ ეზოში ბავშვები აჯავრებდნენ :”ფრიდა-ხის ფეხა”,ის მაინც თამაშობდა ფეხბურთს ბიჭებთან ერთად,ცურაობდა,ბოქსითაც კი დაკავდა. ფეხის ნაკლის დასაფარავად თავიდან იცვამდა 3-4 წინდასა და გრძელ შარვალს. გათხოვების შემდეგ კი მოიხდინა გრძელი ნაციონალური კაბები. საკუთარ ქორწილში მან მოახლის კაბა ჩაიცვა.
15 წლისამ ჩააბარა ”პრეპარატორიუმში”(ნაციონალური მოსამზადებელი სკოლა) მედიცინის შესწავლის მიზნით. ამ სკოლაშივე გაიცნო მომავალი მეუღლე დიეგო რივერა, რომელიც სასწავლებლის კედლებზე ასრულებდა ნამუშევარს სახელწოდებით ”აღმშენებლობა”.
18 წლის კალო მოხვდა უმძიმეს ავარიაში,რის გამოც საშინელი ტრავმები მიიღო, განსაკუთრებული დარტყმა მიიღო ხერხემალსა და საშვილოსნოზე. ეს უკანასკნელი გახდა მისი უშვილობის მიზეზი. ერთი წლის მანძილზე ლოგინიდან ვერ დგებოდა, სხეულის უმეტესი ნაწილი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული,ხოლო ხელები- თავისუფალი. სწორედ მაშინ მოხატა თაბაშირი დიდი პეპლებით და გაუჩნდა ხატვის სურვილი. მშობლებმა საჩუქრად მიუტანეს ფუნჯები და საღებავები, დაუყენეს სპეციალური პლანშეტი, დაუკიდეს სარკე ისე, რომ მუდმივად ეცქირა საკუთარი თავისთვის. პირველი ნახატები ავტოპორტრეტები გახდა. სწორედ ამ თემამ გაიტაცა შემდგომშიც:-”მე ვხატავ ჩემ თავს, რადგან ბევრ დროს ვატარებ მარტოობაში და ვარ ის თემა, რაც საუკეთესოდ ვიცი.”- ამბობდა ფრიდა.
1929 წელს კალო გახდა მხატვარ დიეგო რივერას მეუღლე. იმ დროისთვის დიეგო იყო ორმოცდასამი წლის, ხოლო ფრიდა- ოცდაორის. ისინი დასახლდნენ თავიანთ ცნობილ ”ცისფერ სახლში”, კაიოაკანში ლონდრეს ქუჩაზე. სახლის ეზოში იდგა უამრავი ძველი,წინა საუკუნეების ინდიელების სტატუეტები, ინტერიერს ამშვენებდა ნახატები და სხვადასხვა მორთულობები.
დიეგოსა და კალოს დიდი სიყვარულის გარდა, პოლიტიკაც (კომუნიზმი) აერთიანებდათ. ფრიდას არაერთხელ დაუხატავს სტალინისა და ლენინის პორტრეტები.
დიეგო დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა:1934 წელს უღალატა მეუღლეს მის უმცროს დასთან, კრისტინასთან , რომელიც მისთვის პოზიორობდა. კალოსთვის ეს იყო მძიმე დარტყმა, მაგრამ მხოლოდ ტილოზე გადაიტანა, სადაც გამოსახა შიშველი ქალის სხეული სისხლიანი ჭრილობებით. გვერდით იდგა ადამიანი გულგრილი გამომეტყველებით, დანით ხელში. ამ ტილოს ირონიულად დაარქვა:”სულ რაღაც რამოდენიმე ნაკაწრი”.
მეუღლის ჯიბრზე ფრიდამაც მრავალრიცხოვანი საყვარლების ყოლა გადაწყვიტა. ჰქონდა რომანები კაცებსა და ქალებთან. მათ შორის ცნობილია შავკანიანი მსახიობი ჯოზეფინ ბეიკერი და საბჭოთა რევოლუციონერი ლევ ტროცკი. 1937 წელს მხატვრების ”ცისფერ სახლში” დასახლდა ლევ ტროცკი და მისი მეუღლე ნატალია სედოვა. მწერალს პირველნახვისთანავე შეუყვარდა ფრიდა და დაუფარავად გააჩააღა რომანი. ერთ-ერთი ვერსიით, დროთა განმავლობაში მხატვარმა თავად დაანება თავი ლევს, იმ მიზეზით, რომ ”ბებერი საყვარელი” მობეზრდა.თუმცა,მეორე ვერსიით, ტროცკის მეუღლემ ვერ აიტანა ასეთი საქციელი და სასწრაფოდ დაატოვებინა მეღლეს მეხიკო.
ფრიდა ოცნებობდა ბავშვზე, მაგრამ რამოდენიმე მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა. ამის შემდეგ იგი ხშირად ხატავდა საკუთარ მკვდარ ემბრიონებს, რომელიც სპირტიან ქილებში ჰქონდა შენახული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე თემა ჰქონდა არჩეული, მაინც ხატავდა ნათელ ფერებში. ავტოპორტრეტებში სახე არასოდეს იღიმოდა,კაბები კი ხასხასა ტონალობაში ჰქონდა შესრულებული. შემოქმედებაში შეიმჩნევა ხალხური მექსიკური ხელოვნების, ხოლო ადრეულ ნახატებში – ევროპული ფერწერის ზეგავლენაც.
1939 წელს კალომ მოაწყო გამოფენა საფრანგეთში, სადაც სენსაციური მხატვრის წოდება მიიღო.ლუვრმაც კი შეიძინა ერთ-ერთი ნახატი.
1940 წელს მხატვარმა შემოქმედების პიკს მიაღწიეს და მონაწილეობა მიიღო უამრავ გამოფენებში.
ამავდროულად, კალოს შეერყა ჯანმრთელობა, მაგრამ მას სიცოცხლე იმდენად უყვარდა , რომ არასდროს იმჩნევდა ფიზიკურ დისკომფორტს, აწყობდა უამრავ საღამოებს, იქცეოდა გამომწვევად და თავისუფლად. მისი ყოველდღიური მეტყველება სავსე იყო ბილწსიტყვაობით. ადრეული ასაკიდან ის იყო ”თომბოი” (ქალბიჭა), ღია ბისექსუალი, თავმომწონედ ეწეოდა, სვამდა სპირტიან სასმელებს (განსაკუთრებით ტეკილას), მღეროდა უხამს სიმღერებს და წვეულებებზე სტუმრებს ურცხვად უყვებოდა უხამს ანეგდოტებსა და ამბებს აღვირახსნილ ცხოვრებაზე.
ფრიდას ტკივილებმა უმატა.თავის პატარა საძინებელში იწვა, უყურებდა ჭერზე მოხატულ ჭრელ პეპლებს და წუთით ივიწყებდა ტკივილებს, რომლებსაც ნარკოტიკით იყუჩებდა. 1950 წელს გაუკეთეს შვიდი ოპერაცია ხერხემალზე. ცხრა თვე იწვა საავადმყოფოში.ამის შემდეგ, მან მხოლოდ ეტლით შეძლო გადაადგილება. 1954 წელს ფრიდა კალო გარდაიცვალა.
სტატია მოამზადა ნინო ჩაბაშვილმა, საინიციატივო ჯგუფ LBTika-ს პროექტის ფარგლებში (2010).
პროექტი ხორციელდებოდა ორგანიზაცია “ქალთა ფონდი საქართველოში” (ფინანსური) და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მხარდაჭერით.
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა