რეპრესირებული სექსუალობა
07 12 2015
ავტორი: ლიკა ბარაბაძე გეშტალტ თერაპიის პროგრამის შესწავლა რომ გადავწვიტე, ერთ უცხოელ ფსიქოლოგს ვკითხე, რა აზრის იყო ამ მიმდინარეობაზე. მას გაახსენდა, 70-იანებში, დედამიწის ზურგზე ყველაფერი რომ დასაშვები იყო, გეშტალტ თერაპიის კურსის ფარგლებში სტუდენტები შიშვლები ძვრებოდნენ ჯაკუზიში, ერთმანეთის სხეულებს ათვალიერებდნენ და სხეულებრივ შეგრძნებებზე საუბრობდნენ. 2015 წელს დასავლური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, ალბათ, ასეთ გაბედულ სავარჯიშოს აღარავინ მოიფიქრებს (თორემ შემსრულებლები მოიძებნება), თუმცა სავარჯიშოს არსი დღესაც მნივნელოვანია - როგორ ვისაუბროთ სხეულზე, თან შიშველ სხეულზე, არამხოლოდ სექსუალურ კონტექტსტში, არამედ როგორც ჩვენს ბუნებრივ საწყისსა და ფსიქიკის განუყოფელ ნაწილზე? დიახ, სხეული ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია და დიახ, ის სექსულობის მატარებელია. მაგრამ, სექსუალობის გარდა სხეულს უამრავი ფუნქცია გააჩნია, ის გვეხმარება გადავრჩეთ, მყარად ვიდგეთ მიწაზე, დავამყაროთ კონტაქტი საკუთარ თავებსა და სხვებთან. სხეული ყველაზე ახლოსაა, რაც გვაქვს, სხეული პირდაპირ ზემოქმედებს ემოციებზე, ფიქრებზე, განცდებზე... სხეულს როგორც მხოლოდ სექსუალობის, შავ-ბნელი ინსტინქტებისა და ცოდვების მატარებელს, ისეთ საზოგადოებაში განიხილავენ, სადაც სექსუალობას ქვეცნობიერის ჯურღმულებში ტენიან და მერე უკვირთ, რომ გეიზერივით ხან სად ამოფეთქავს და ხან - სად. ჰოდა. დადის თავისთვის ეს „ცოდვილი სხეული“. გადაეყრება ტიტლიკანა ადამიანის სურათს ფბ-ზე. მთელი სისტემა ირევა, ქაოსი იმკვიდრებს სისხლში (ჰორმონები). მოედინება გაურკვევლი, სახელდაუდებელი ვნებები. ადამიანმა არ იცის, რა მოსდის. უნდა - არ იცის, რა, არ იცის, ვინ. შემდეგ სურათის დამთვალიერებელი ან დროებით გადაეშვება გაუცნობიერებულ სიბნელეში და მერე დასტანჯავს სინდისი, ან თავს მოერევა, ვნებებს ისევ უკან ჩატენის და მერე დასტანჯავს სინდისი. სინდისის დასაწყნარებლად კი ტიტლიკანა ადამიანის დამპოსტავს თავს უნდა დაესხა, გალანძღო, არაქართველი უწოდო და ყოველი შემთხვევისათვის სოროსის აგენტიც დაუძახო, ან მასონი. რა იცი, რა ხდება. ასეთი აფეთქებები მხოლოდ მათ ახასიათებთ, ვისაც მთელი ცხოვრება უჩიჩინებენ, რომ სექსი განსკუთრებული მოვლენაა: ან რაღაც უმაგრესი რამ, რასაც ხშირად უნდა ეზიარო მამაკაცობის დასამტკიცებლად, ან საშინელება, რომელიც აკრძალულია (დაშვებულია მხოლოდ ქმართან, ისიც - არამარხვაზე). შესაბამისად, მავანს გული უსკდება ფრაზებზე: „ბავშვთა სექსუალობა“, „მოზარდთა“ ან, რა ვიცი, თუნდაც „ხანდაზმულთა სექსულობა“. ძველგაზრდებს თუ გახსოვთ რადიო 105-ის არტი: არსებობენ თუ არა ტიტველი ქალები („თავიდანა მაჩვები მეგონა, მდელოზედა წრეებს და ნიშნებს ტოვებდნენ, შემდგა გავიგე, ტიტველი ქალები ყოფილან“...X File-ს ის მუსიკის ფონზე)? სასაცილო ის არის, რომ ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი დღესაც ისე იქცევა, ვითომ „ტიტველი ქალები“ არ არსებობენ, უფრო სწორად, შესაძლოა, არსებობენ, მაგრამ ეს დანამდვილებით არავინ იცის, ისევე, როგორც არავინ იცის, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. არადა, რა არის სექსუალობა? ზოგიერთი მიდგომით, სექსულობა მდგომარეობაა, ზოგიერთით - მოთხოვნილება, ზოგი ლიბიდოს უძახის, ზოგი -საერთოდ უარყოფს, ჩემთვის კი ეს ერთგავარი თანდაყოლილი თვისებაა, აი, როგორც ინტელექტია, შემეცნებითი ფუნქციების (ანალიზი, სინთეზი, განზოგადება, ა.შ.) განხორციელებისათვის აუცილებელი თანდაყოლილი უნარი, ასევე, სექსუალობაც მოთხოვნილებების - დაკმაყოფილების ენერგიაა. განმარტების მიუხედავად, ფსიქოლოგების უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ეს  თანდაყოლილი მოცემულობაა, რომელიც განვითარებისა და ცვლილებების გარკვეულ გზას გადის და რომელსაც უკავშირდება შემოქმედებითობა, აგრესიულობა, ენერგია, აგზნება/შეკავება და ა.შ. მთავრი კი ალბათ ეს არის - სექსუალობა სექსს არ ნიშნავს. სექსუალობა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარების საშუალებაა. აი მაგალითად, ვარ 15 წლის, მიყვარდება ის ერთადერთი და განუმეორებელი და მას რომ ვხდები, თვალს ვერ ვწყვეტ.  წარმოსახვაში წინასწარვე გავდივარ მასთან დიალოგების რეპეტიციას, მაგრამ რომ მეკითხება „როგორ ხარ?“, მე ვპასუხობ „ეეე...ბეეეე...ვარ...როგორ....“ ეს ყველაფერი ჩემი სექსუალობის ნაწილია და აუცილებლად არ გულისხმობს კოიტუსის არსებობას. მსგავსი გამოცდილებით ვსწავლობ უამრავ რამეს ჩემს თავზე და კიდევ უფრო მეტს - სხვებთან ურთიერთობაზე. სექსუალობა დინამიური, განვითარებადი პროცესია: პატარა სხეულს იკვლევს, შემდეგ ინფორმაციას აგროვებს, მოზარდი ჯერ საკუთარი სხეულის, შემდეგ კი პარტნიორის სხეულით სწავლობს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას... პლატონური სიყვარული, კოცნა, ეროტიკა, მასტურბაცია, პეტინგი, პირველი სექსუალური გამოცდილება, პირველი სრულყოფილი სექსუალური ციკლი, ინტერესების ჩამოყალიბება, პარტნიორის არჩევა, უამრავი რამ იწყება, ამ თანმიმდევრობით, არეული თანმიმდევრობით, ზოგი რაღაცას ახტება, ზოგი სადღაც იჭედება, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი ამ ენერგიის მართვას სწავლობს. ნებისმიერი ნორმები აღწერილ ჩვეულებრივ, ბუნებრივ, ინდივიდუალურ განვითარებას აფერხებს. ნორმების გამო ადამიანი სექსუალობის განვითარების რომელიმე ეტაპს ვერ გადის, ან გადის, მაგრამ დიდი წნეხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რეპრესიისა და აკრძალვების ნორმები ჭარბობს, მეორე უკიდურესობაც ასევე საშიშია, თუკი ის ნორმის სახეს იღებს. ჩემთვის სულერთია, რატომ ეშინია ადამიანს - რადგან ნორმაა, რომ სექსი არ ჰქონდეს და მას აქვს, თუ - პირიქით, ნორმაა, სექსი ჰქონდეს, მას კი არ უნდა. მთავარი ის არის, რომ მისი სხეულის ბუნებრივ მოთხოვნილებას გარედან შემოტანილი, მისთვის უცხო და მიუღებელი წესი არეგულირებს. მთავარი ისაა, რომ ამის შედეგად რცხვენია. მთავარი ისაა, რომ მის წინ ურთულესი ამოცანა ჩნდება - სირცხვილის ამოცნობა და თავიდან მოშორება. და ბოლოს, ხალხნო, რომელიც ბლაგვი საგნებით დაგვდევთ - ვიცი, რატომაც იქცევით ასე.  ვხდები, რომ მუდამ სხეულისა და სექსუალობის უარყოფაში არსებობთ, რომ თქვენთვის სიგარა ყოველთვის პენისია. გინდათ, ყოველ კოცნაში, ყოველ ხელჩაკიდებაში, ყოველ ფლირტსა და ურთიერთობაში (ბოლო-ბოლო ყოველ ჰელოუინში :) ) ორგიები დაინახოთ? გინდათ, სკოლის წინ ჩვეულებრივი ურთიერთობები ბავშვების წამბიწველ პერფორმანსად გამოაცხადოთ? ნება თქვენია. ჩვენ კი ვეცდებით, მიუხედავად ყველაფრისა, სექსუალობა სხეულის, თემის, პლანეტისა თუ კოსმოსის ერთ-ერთ შეამდგენელ ნაწილად აღვიქვათ. ჩვენ ვეცდებით, შიშველი ხალხის დანახვაზე გული არ წაგვივიდეს. ჩვენ ვეცდებით, გაცნობიერებულად დავარქვათ ჩვენს სურვილებს სახელები, სექსუალობა მოცემულობად აღვიქვათ, სექსი - დაახლოების, სიამოვნების წყაროდ, სინდისი სხვების დამცირების ხარჯზე არ დავიმშვიდოთ, ხოლო სიგარა სიგარად მივიჩნიოთ. ჩვენ აღარ მოგცემთ საშუალებას, სექსუალობა წაგვართვათ, გვტენოთ, გვკეტოთ და თქვენსავით გაგვრყვნათ - ჩვენ გარყვნილები არ ვართ.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან