ფოტო: Your Friends and Rapists
შენი მეგობრები და მოძალადეები (თარგმანი)
20 12 2018

როგორ უხსნის ყლის კულტურა გზას მოძალადეს

ესეის ორიგინალი ვერსია: MEDIUM-ზე.
ავტორი: სარა ნიკოლ პრიკეტი
თარგმანი ქართულად: თორნიკე ჭუმბურიძე

იმ ზაფხულს მხოლოდ "ცერემონიას" ვუსმენდი და მახსოვს, რომ არ უწვიმია. 19 წლის ვიყავი. დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩემი მეორე წლის - რომელიც დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩემი უკანასკნელი წელი იქნება - შემდგომი ზაფხული იყო და სტუდენტებისთვის შემოთავაზებულ სამუშაოზე დავთანხმდი. სამუშაო იმას გულისხმობდა, რომ ფურგონში ჩავმსხდარიყავით და თან წაგვეღო ყვითელი ბლოკნოტი შესავსები ფორმებით და ჩაგვეცვა კომფორტული ფეხსაცმელი (არავითარი რეზინის ჩუსტები) და მიგვეყიდა ბუნებრივი აირი მყარი ფასით მათთვის, ვისი დარწმუნებაც შეიძლებოდა, რომ მეტისმეტად ბევრს იხდიდა მერყევფასიან ბუნებრივ აირში.

უღიმღამო ზაფხული იყო. თითქოს ყველა დღეს ერთი და იგივე ხარისხი ჰქონდა. თუმცა, სამუშაოზე, ზოგიერთი დღე კარგად გვიხდიდა, ზოგიერთი, კი, საერთოდ არა. საკომისიოზე მუშაობა თავს მოტყუებულად და დემორალიზებულად გვაგრძნობინებდა და ნელ-ნელა ყველა გოგო წავიდა. მე ბიჭებთან ერთად დავრჩი.

ერთი მათგანი განსაკუთრებით მიზიდავდა. ჯონად მოვიხსენიებ აქ. ის გავდა ჰოკეის მოთამაშეს, რომელიც ელაიშა ქათბერთის ბიჭი შეიძლებოდა ყოფილიყო, ან, იქნებ, ელაიშა ქათბერთის ძმა, და ისეთი, ქლიავის დასერილი კანივით პირი ჰქონდა, როგორიც მომწონს. ერთხელაც, სამსახურის მერე, ჯონის სახლში არაყი იისფერ Kool-Aid-ში გავურიე - მხოლოდ ფხვნილი, წყლის გარეშე. მეტისმეტად დიდი ღვინის ჭიქიდან დავლიე. მერე ვიფიქრე, განა ყველაფერს ოდესმე პირველად არ ვაკეთებთ? მაგალითად ექვს ბიჭთან ერთად ბევრი მოსაწევის მოწევას? როცა გავიღვიძე, ჯონის რუმმეითის საწოლში ვიწექი და ჯონის რუმმეითი მთელი ზაფხულით წასულიყო, ამიტომაც ყველაფერი რიგზე იყო და ჯონის მაისური, რომელიც მან კაბაზე გადამაცვა, ბალახის ლაქებით და იისფერით იყო დაფარული.

სწავლა უჩემოდ დაიწყო. ჯონის რუმმეითი დაბრუნდა. მისი ნაცნობები წვეულებას აწყობდნენ და მან უთხრა ჯონს, ის გოგო წამოეყვანა, ზაფხულში რომ იყო. ასე რომ, ჯონს, აი იმ პირით, ჩემზე ელაპარაკა - ჩემზე, ვიღაცასთან, ვისაც არასდროს შევხვედრივარ.

ჩემს ბიჭს ვუთხარი, რომ მეგობრებთან ერთად მივდიოდი წვეულებაზე და მეგობრებს ვუთხარი, რომ ჩემს ბიჭთან ერთად მივდიოდი წვეულებაზე. ჯონს ვუთხარი - ვისკი, თუ შეიძლება. არყის სუნიც კი თუ მცემს, მაშინვე იისფერს ვხედავ. მახსოვს, მითხრა, რომ არაყს სუნი არ აქვს. მახსოვს, რომ ვისკის ლიმონათი გაურია, რათა სიმჟავე გაენეიტრალებინა და სასმელი ტკბილი იყო. ამის შემდეგ ცოტა ხანი აღარაფერი მახსოვს.

ძველი, ვიქტორიანული ეპოქის სახლი იყო, ხის იატაკები ჰქონდა, ყველგან, გარდა ბოლო სართულისა, სადაც სახურავი კედელს ნახევრად ჭრიდა და ხალიჩები სქელი და რუხი იყო. კედლებიც რუხი იყო. ოთახი იყო მტვრიანი, ვიდეომაგნიტოფონებით სავსე და არც მზის სინათლე, არც ჰაერის გამაჯანსაღებელი არასოდეს მიკარებია. შეიძლება მეტისმეტად დიდხანს შევიკავე სუნთქვა. ან, შეიძლება - კიბეები მეტისმეტად ციცაბო იყო, შემდგომ გავიფიქრე - უბრალოდ, თავისით შემეკრა. ასეა თუ ისე, თვალები მაშინ გავახილე, როცა კარი გაიღო. სახით ვიწექი ხალიჩაზე, სუნთქვა ცხელი და ამაზრზენი მქონდა, და ჩემს უკან ვიღაც ტყნაურობდა. ჯონი, გავიფიქრე მე. მისი ყლე აგრძელებდა მოძრაობას გოგოში, რომელიც არ იყო და ვიყავი მე. მერე დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ ჩემი თავი რაღაცნაირად შემოტრიალდა, რათა დაენახა ორი ან სამი ბიჭი კარებთან და ერთ-ერთს მობილური ეჭირა ხელში. ის არ გაჩერებულა. ძველი, ნოკიასავით ტელეფონი იყო. არ შემშინებია, უბრალოდ - არ მინდოდა ვინმეს ამ შუქზე ვენახე.

რამდენი რამის გაკეთება შემეძლო. გავაჩერე, თუ შეიძლებათი. ბიჭებმა არა მხოლოდ ოთახი, არამედ წვეულებაც დატოვეს და ალბათ შემეძლო რომელიმე მეგობრისთვის დამერეკა. ან ჩემი რუმმეითებისთვის. მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ კარგი პოლიციელებიც არსებობენ. მშობლებს ვერ დავურეკავდი, მაგრამ შემეძლო ჩემი ძმისთვის მეთქვა, მანქანით მოსულიყო. ამის ნაცვლად, წყალი დავლიე და სახეზი შევისხი და როცა აბაზანიდან გამოვედი, ვთქვი - წავედით. სად? შენთან. კარგი, თქვა ჯონმა. ჩვენ მასთან წავედით და მე მის მკერდზე ზურგმიყრდნობილს მეძინა.

არ მიტირია, როცა სახლში მივედი, არც იმ საღამოს, როცა ჩემს ბიჭს არ მოვუყევი, არც შემდეგ კვირას, როცა ვფიქრობდი, რა მინდოდა [იმ წვეულებისგან]. რას ვიტყოდი, ვინმეს რომ ეკითხა? ალბათ უარესი იქნებოდა ის შეგრძნება, რომ მოვიტყუე, ვიდრე ის, რომ მომატყუეს, და თავს, მეტ-ნაკლებად, მოტყუებულად ვგრძნობდი. ამის გამო ცხრა წლის მანძილზე არ მიტირია. და ერთხელაც არსად მითქვამს, რომ გამაუპატიურეს.

გაითვალისწინეთ, რომ არც ახლა ვამბობ ამას. გაითვალისწინეთ, რომ სხეულებს სხვადასხვა დოზით შეუძლიათ ტკივილის ატანა და ასევეა გონებების შემთხვევაშიც. გაითვალისწინეთ, რომ სინამდვილეში ჯონი ყლესავით შტერი იყო და რომ უცნაურად, ან თავის გადასარჩენად, ის მეცოდებოდა, რადგან არ შეეძლო საკმარისად დიდხანს დაფიქრებულიყო იმისთვის, რომ ეკითხა. გაითვალისწინეთ, რომ მას კიდევ ეძინა, როცა იმ დილით წავედი. გაითვალისწინეთ, რომ შანსი არაა, ჯონს თავი მოძალადედ ჩაეთვალა, ასე რომ, როცა საქმე ამაზე მიდგება, უმალ ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები, ვიდრე მსხვერპლად ვიგრძნობ თავს. ეს ხუმრობაა? დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა ითვალისწინებთ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არ არის ამბავი, რომელსაც ყოველდღე მოისმენთ. ესაა ხუმრობა.

წინა ნოემბერში ფილადელფიაში წავედი, რათა ჩამეწერა ინტერვიუ პროფესორ კამილ პალიასთან, სკანდალურად ცნობილ მკაცრ კრიტიკოსთან, რომელიც რამდენიმე წინააღმდეგობრივობი სტატუსით სარგებლობს, მათ შორის - "საჯარო ინტელექტუალით". მის ოფისში ორ საათს ვისაუბრეთ. ოდნავადაც არ მაინტერესებს, ის ჰეტერო თეთრი კაცები, ვინც პალიას ციტირებენ, რათა თავიანთი ანტიფემინიზმი გაამართლონ, მაგრამ თავად პალიას ვაღმერთებ - ხანდახან უფრო მეტად მაშინ, როცა არ ვეთანხმები. ქვევით არის ტრანსკრიპტი ჩვენი საუბრისა, რომელიც შეეხებოდა მის დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ და საკამათო ხედვებს პაემანზე გაუპატიურებების შესახებ.

მე: როდესმე გიფიქრიათ, უბრალოდ გადაგესინჯათ თქვენი პოზიცია?

პალია: არა! ჩემი ამბავი თქვენი თაობის ამბავი არ არის, ჩემი ამბავი იმ თაობის ამბავია, რომელიც თავსმოხვეული ქალწულობით იყო შეზღუდული 1950-იანებში, კარგი? მაგრამ შემდეგ ჩვენ კოლეჯებში ჩავედით და იქაც მშობლების წესები დაგვხვდა. ქალები სტუდენტურ საცხოვრებელში უნდა მოსულიყვნენ საღამოს 11 საათზე და მამაკაცებს შეეძლოთ, თავისუფლად ებორიალათ თავიანთ საცხოვრებლებში. რატომ? "იმიტომ, რომ შეიძლება გაგაუპატიურონ", გვეუბნებოდნენ ჩვენ. კარგი. "ჩვენ მშობლების ნაცვლად ვმოქმედებთ". ჩემი თაობა იყო ის, რომელმაც თქვა: არა! ნება მოგვეცით, გავრისკოთ გაუპატიურება! მოგვეცით თავისუფლება! ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაუპატიურების ნებისმიერი საფრთხე.

მე: მაშინ კაცებთან სექსი გქონდათ ხოლმე?

პალია: დიახ, ვხვდებოდი მამაკაცებს. რისი თქმაც მინდა ისაა, რომ მე პაემნებზე გაუპატიურებაზე ვსაუბრობ. მე არასდროს ვსაუბრობ უცნობის მიერ გაუპატიურებაზე. არასდროს იმ შემთხვევაზე, როცა ვინმე ქალს ქუჩიდან იტაცებს. მე ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როცა ქალები ინტერაქციაში შედიან სხვა ადამიანთან და აღარ იღებენ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, რას წარმოუდგენენ ამ ადამიანს.

მე: მგონი, ბევრი ქალისთვის ეს უარესი ღალატი იქნებოდა.

პალია: არა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მე იმას ვამბობ, რომ თანამედროვე, თავისუფალმა ქალმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის როლზე ნებისმიერ სოციალურ ინტერაქციაში.

მე: მე არ ვფიქრობ, რომ ქალის საქმეა, გაითვალისწინოს ყველა მომენტი, როცა მამაკაცმა შეიძლება, აი ასე, უბრალოდ, თავისი მხეცური ბუნება გამოამჟღავნოს. მამაკაცის საქმეა, თავი გააკონტროლოს.

პალია: მე იმას ვამბობ, რომ მამაკაცებს ეთიკა და ღირსება უნდა ქონდეთ. თუმცა, რეალიზმია ქალებისთვის იმის თქმა, რომ ვერ გექნება მოლოდინი, რომ ყველა კაცი, ვისაც ხვდები, ეთიკური, ღირსეული ადამიანი იქნება. კვლავაც ქალების საქმე იქნება, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელთა შედეგადაც არ მოკვდებიან. მხოლოდ გაუპატიურებას არ ვგულისხმობ, სიკვდილსაც. არ მინდა გვქონდეს ორმაგი სტანდარტი, როცა ქალები ამბობენ, მინდა შემეძლოს გასართობად წავიდე, უცხო კაცს სახლში წავყვე - და მე ვამბობ, არასდროს ჩაიგდო თავი მდგომარეობაში, [როცა] შეიძლება გადაგძალონ და გაგაუპატიურონ. იგივე ეხება ჩანთის მოპარვასაც და ღამით ფანჯრის ღიად დატოვებასაც.

მე: არ მგონია, ქალები ისევე აღიქვამდნენ გაუპატიურებას, როგორც ჩანთის მოპარვას ან მანქანის გატაცებას. გაუპატიურება ჩვენში იჭრება - ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად იჭრება. ამ ნაწილს ვერ უარყოფთ.

პალია: მართალია, ზუსტადაც. და მე არ მინდა სიტუაციები, როცა ქალები სულელურად იქცევან. არ მინდა ქალების სექსუალობის ფეტიშიზაცია. არ მინდა ქალებმა ვთქვათ, რომ ჩვენი სექსუალობა განსაკუთრებულია. არ მინდა, საშუალო კლასის ქალებმა თქვან, რომ ჩვენ გვსურს ბურჟუა მისაღების ოთახების უსაფრთხოობის დაუსრულებელი განვრცობა სამყაროში. მე ამას "ქუჩურ ფემინიზმს" ვუწოდებ. უნდა გესმოდეს, ქუჩაში როგორ მოიქცე და ნუ ჩაიგდებ თავს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც თავს ვეღარ დააღწევ, ხომ გესმის?

მე: დები გყავთ?

პალია: უმცროსი და მყავს - მისმინე, მე არ მინდა სიტუაციები, როცა ქალი სულელურად და გულუბრყვილოდ იქცევა. დამღალა ამან. არცერთი ქალი არ უნდა წავიდეს სახლში ბარიდან იმ კაცთან ერთად, რომელიც ბარში გაიცნო იმ ღამეს. ქალებს სურთ ამ თამაშის თამაში, რადგანაც ის ამაღელვებელია, მაგრამ ეს რისკია. მე ვეუბნები ქალებს, გაიზარდეთ და გახდით მამაკაცების თანასწორები. რასაც თქვენ ამბობთ, არის: "მე გავრისკე და წავაგე".

ექვსი თვით ადრე, მე თითქმის ერთი კვირა გავატარე სან ფრანცისკოში, და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვრჩებოდი მეგობრის ბინაში, სანამ ის სამუშაოდ იყო წასული. გადავწყვიტე შევხვედროდი კაცს, რომელსაც ვიცნობდი იმ ნიუსლეთერებით, იმეილით ყოველდღიურად რომ აგზავნის - ალბათ; აღარ ვიწერ ამ ნიუსლეთერს - თავისი ლიტერატურული ვებსაიტის ეგიდით.

ორჯერ გავედით გარეთ ერთად, და მან პოკერის თამაშზე დამპატიჟა თავის "ოფისში". ვუთხარი, რომ პოკერს არ ვთამაშობ. მან მითხრა, რომ არც იყო აუცილებელი. რადგანაც ბევრ ქალს და ქვიარს და ქვიარ ქალს, რომელსაც მე პატივს ვცემ, დაუწერია ამ ვებსაიტისთვის, აზრადაც არ გამივლია, რომ როცა მე იქ მივიდოდი, ძმაკაცებით სავსე ოთახი დამხვდება. ყველა ძმაკაცი ჩემზე უფროსი იყო; მათ უმეტესობას ბამბის პერანგი ეცვა. შფოთვით გამოწვეულ კოშმარს გავდა ეს ყველაფერი. ოცი წუთის შემდეგ, მე წამოვედი.

შემდეგ დღეს ამ კაცმა გამოაგზავნა ნიუსლეთერი, სადაც ძალიან ეთიკურად და ღირსეულად ჩამოთვალა თავისი ყველა მეგობრის სახელი. მე მოხსენიებული ვიყავი, როგორც "გოგო". აი ასე: ერთი გოგო მოვიდა ცოტახნით. ახალი ტატუ ჰქონდა და გემოვნებიანად ეცვა და უბრალოდ ყურება უნდოდა. მე მას ვკითხე, ხომ არ დათვლიდა ჩვენთვის ჩიპებს და ზოგიერთი ძალიან დაბნეული იყო მის კომპანიაში და ბევრი ვიჩხუბეთ მას შემდეგ, რაც ის წავიდა. რას გვმართებენ ლამაზი გოგოები?"

თუ გინდა, რომ კაცებმა იფიქრონ, რომ ლამაზი ხარ (და მე მინდა ეს), ისინი ხშირად ამის იქით ფიქრს აღარ გააგრელებენ. თუკი ერთადერთი გოგო ხარ კაცების კომპანიაში, ყოველთვის იქნები მხოლოდ "გოგო". ასეთია წესები. იმ ღამეს ერთი გამონაკლისი იყო. "ისააკმა დაიჟინა" - იტყობინებოდა იმეილი - "რომ ის ქალი იყო. და შემდგომ უარი თქვა ამაზე საუბარზე".

ისააკი მისი ნამდვილია სახელი და ის ნამდვილად ღირსეული კაცია. დანარჩენებს რაც შეეხება, 26 წლის ასაკში მათ მიმართ დაახლოებით იმას ვგრძნობდი, რაც, ოცი წლის დამდეგს, ჩემს თავს ვასწავლე, რომ ჯონის მიმართ მეგრძნო. ვინმე იმდენად ყურადღებიანი რომ აღმოჩენილიყო, რომ ჩემთვის ეკითხა, რა მინდოდა, არ ვიტყოდი: "იცით, სავსებით მაკმაყოფილების იმის ყურება, როგორც ამოძრავებთ მაგიდაზე პლასტმასის გორებს, სანამ არამკითხე მოსაზრებებს მთავაზობთ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შესახებ". საკმარისად მალე არ წამოვედი. მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ (და ამ ერთხელაც თითქმის ისევე მოსაწყენი იყო), მხოლოდ ერთხელ ვიყავი ერთადერთი გოგო ორზე მეტი ძმაკაცის კომპანიაში. ჩემი ცხოვრება ისე გადავაწყვე, რომ ის ადვილად არ გავფლანგო; რისკი ზედმეტად ხარჯად ვაქციე.

მე არ ვფიქრობ, რომ ქალები უნდა გაიზარდონ, რათა კაცების თანასწორები გახდნენ. მე მჯერა რომ ჩვენ მათ თანასწორებად ვიბადებით, და მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიზიარებ პალიას იმპერატივს რომ "უნდა გავიზარდოთ", ჩემი სწრაფვა სხვაგვარია. ჩემთვის მიზანი ისაა, რომ აღარ გვჭირდებოდეს კაცები (მრავლობითში) ვალიდაციისთვის, საკუთარი თავის დაცვისთვის, კომფორტისთვის. სექსისთვის? მაგრამ მე მთელი ათწლეული გავატარე კაცების, ხან ცალ-ცალის, ხანაც ორ-ორის სიყვარულში, და არ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა, კაცი არ გჭირდებოდეს სატყნაუროდ.

საკმარისად დიდი ხანი დამჭირდა - ჩემი ქალიშვილობის დასასრულიდან 21 წლის ასაკში მარტო გატარებულ პირველ ზაფხულამდე - რათა მესწავლა, როგორ დამეძინა ვინმესთან ერთად ისე, რომ მისით შეპყრობილს არ გამეღვიძა (და ამის შემდეგაც კი, ეს მთლად ჩემი სუპერძალაც არ გამხდარა). ადვილი იყო, აღარ დამეჯერა რომ "სექსი ქმარსა და ცოლს შორის ხდება", როგორც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს; ნაკლებად ადვილი იყო იმის გადაჯერება, რომ "სექსი ხდება იმ ორ ადამიანს შორის, რომელთაც ძალიან უყვართ ერთმანეთი", როგორც ჩემი მეგობრების მშობლებმა ასწავლეს მათ. ის ჩემი ნაცნობი გოგოებიც კი, რომელთაც არასდროს უვლიათ ეკლესიაში, წვებოდნენ ბიჭებთან, რომლებიც არ მოსწონდათ და მერე მოტყუებულად გრძნობდნენ თავს როცა ისინი მიწერილს არ პასუხობდნენ.

იმ ღამით ჯონს სახლში იმიტომ გავყევი, რომ მინდოდა დაემტკიცებინა, რომ მისი დანაშაული ძალადობრივი კი არა, ვნებიანი იყო. ან იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ მეც ისევე მეკუთვნოდა სიამოვნება მისი სხეულისგან, როგორც ის ფიქრობდა, რომ ჩემს სხეულზე გამარჯვება ეკუთვნოდა.მე სულელი და გულუბრყვილო იმიტომ არ ვყოფილვარ, რომ მეტისმეტად ბევრი დავლიე მეტისმეტად სწრაფად ან იმიტომ, რომ ჩემს მეგობარს ვანდე სასმლის შერევა ან იმიტომ, რომ დავუშვი, რომ ის შეამოწმებდა, გახელილი მქონდა თუ არა თვალები, სანამ ტანზე გამხდიდა. არა, სულელი და გულუბრყვილო იმიტომ ვიყავი, რომ ველოდი, რომ უზრუნველი თეთრი ბიჭი, რომელმაც არ იცოდა, რა ჩაიდინა, უეცრად ადგებოდა და გამოასწორებდა ამას.

დეიზი ქოლმანი თოთხმეტი წლის იყო, სკოლაში დადიოდა მერივილში, მისურიში, როცა - ამ ამბავზე xoJane-ისთვის ოქტომბერში დეიზის მიერ დაწერილი მონათხრობის თანახმად - მეთიუ ბარნეტმა, მაშინ ჩვიდმეტი წლისამ, ის სახლში დაპატიჟა, გონების დაკარგვამდე დაალევინა, გააუპატიურა, სახლში მანქანით წაიყვანა და გონდაკარგული დატოვა გარეთ იანვრის ყინვაში. "ხუთ საათში", უთხრა შერიფმა დარენ უაითმა გამოცემა Kansas City Star-ს, "ყველა ეჭვმიტანილი დაკავებული გვყავდა და აუდიო/ვიდეო აღიარებები ხელთ გვქონდა". ორი თვის შემდეგ, ბრალდებები გაუჩინარდა, და აქედან ცოტა ხანში, ქოლმანების სახლი, ახლა უკვე ცარიელი და გასაყიდად გამოტანილი, დაიწვა. წელიწადზე მეტი გავიდა, სანამ დეიზის ისტორია ეროვნულ ახალ ამბებში მოხვდებოდა.

მას შემდეგ, რაც ჩემმა დამ დალევა დაიწყო, და შემდეგ კოლეჯში წავიდა, მე მის ყველა "საგანგებო" ზარს ვპასუხობ - და ასეთი ბევრია; მისი განწყობები ჩემებს გავს - ბასრი კლანჭები აქვთ. ყოველ ჯერზე ვფიქრობ - "ფემძმიმობა", მაგრამ პირველი რაც თავში მომდის, არის "გაუპატიურება". ან იმაზე ვფიქრობ, რომ თუ ის ვერ მეტყვის, მე ვიტყვი მის მაგივრად. მაგრამ ისიც მართალია, რომ მეც და ჩემს დასაც, თუ გაგვაუპატიურებენ, ვინმეს შეგვიძლია ვუთხრათ, რადგანაც დიდი ალბათობით, ვინმე დაგვიჯერებს. ჩვენნაირი და დეიზისნაირი გოგოები ყველაზე იღბლიანები არიან. ჩვენ არაპირდაპირ ვსარგებლობთ იმ უსამართლოებით, რომლებიც ადგებათ მათ, ვინ თეთრები არ არიან, საშუალო კლასს არ მიეკუთვნებიან, ტრადიციულად ლამაზები ან კონვენციურად ჭკვიანები არ არიან. (ამასთან დაკავშირებული სიმართლე: მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატისტიკურად შესაძლებელია, არასდროს შემშინებია, რომ შავი მამაკაცი ქუჩაში გამაუპატიურებდა. მას და ჩემს შორის, პოლიციელები მე დამიჯერებდნენ, მე გამოვჩნდებოდი ტელევიზორში, და მე შემეძლებოდა მომეყოლა ამბავი, რომლის მოსმენაც უმრავლესობას უნდა. ნამდვილი საფრთხე არიან კარგად ჩაცმული თეთრი ბიჭები, რომლებთაც ისე შეუძლიათ მოგიახლოვდნენ ჩურჩულის დისტანციაზე, რომ ირგვლივ არავინ შეიმჩნიოს ეს.)

და მაინც, შანსები საკმარისი არ არის. დეიზის მხიარული, გულშემატკივრთა გუნდის წევრის უმანკოება მას ხდის მსხვერპლად, რომელსაც ეროვნული ახალი ამბები არა მხოლოდ ითმენენ, არამედ განადიდებენ კიდეც, და მაინც, ეს უმაკოება არაფრით უშლის ხელს რომ მისნაირი გოგოები გააუპატიურონ, ის არც იმ შერცხვენებს არბილებს, რომლებიც გაუპატიურებას მოსდევს თან, და ეს უმანკოება არ ნიშნავს, რომ მოძალადეები თავს დამნაშავედ გრძნობენ.

მოვლენათა ეს წყება მეტისმეტად საზარელია იმისთვის, რომ მე მათი აღქმა შევძლო, და მაინც, არის რაღაც ნაცნობი ამ საქმეში, სტობენვილის საქმეში [1] და რეთი ფარსონსის საქმეში[2] (წელს ყველაზე გახმაურებული სამი საქმე რომ ვახსენოთ მხოლოდ). სამივე შემთხვევაში, გაუპატიურების ადგილზე იყო მობილურები, იყვნენ ბიჭები, ვისაც ეს მობილურები ეჭირათ, და, ამრიგად, არსებობდა მტკიცებულება, და ერთზე მეტი ბიჭის დადანაშაულება შეიძლებოდა. და მაინც, მთელი ლანძღვა ისევ გოგონას ერგო წილად.

ორ შემთხვევაში, მსხვერპლი მარტო იყო პატარა ადგილას, სანამ მთელი ქვეყნის აუდიტორია არ მოვიდა და შურისძიება გადაწყვიტა. რეთის შემთხვევაში, ის უკვე მკვდარი იყო. ჩრდილოეთ ამერიკულ ოჯახს უფრო ადვილად შეუძლია ეროვნული აღშფოთების გადატანა, ვიდრე ადგილობრივის. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ: "ის ბიჭები". არ შეგვიძლია ვიფიქროთ: "ჩვენი ბიჭები".

სამივე შემთხვევაში, მტკიცებულება პირველად წარედგინათ, როგორც ხუმრობა, მოძალადეების მეგობრებს.

იმ ღამეს მე არ მინდოდა გამეგო, ან უკვე ვიცოდე, ვის აირჩევდნენ ისინი, რომ მეიძულებინა არჩევანის გაკეთება. ჩემი სიტყვა მისი სიტყვის პირისპირ. მათი ტელეფონები. შემიძლია წარმოვიდგინო, იმ დილით, მას შემდეგ რაც წავედი და ის აღარ იყო იძულებული, თავი მოეჩვენებინა რომ ეძინა, როგორ ურეკავს ის რობს ან ჯეიკს და ეუბნება, ყველაფერი კარგადაა, ძმაო. კაი ტიპია. არავის აჩვენო ის სურათები. ადრე მეგონა, რომ გამიმართლა, რომ ცხრამეტის ვიყავი, და არა თოთხმეტის, როცა ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა, რომ ჩემი სხეული უფრო ძლიერი იყო. ჩემი გონებაც. ახლა ვფიქრობ, რომ გამიმართლა იმიტომ, რომ საკმარისად დიდი ვიყავი იმისათვის, რომ მცოდნოდა, რა არ უნდა მექნა.

ბევრი ბურჟუა, მისაღები ოთახის ფემინისტი - სუზან ბრაუნმილერიდან ჯილ ფილიპოვიჩამდე - ფიქრობს, რომ გაუპატიურებაში ძალაუფლებაა ჩართული და არა სექსი. მოწინააღმდეგეები, მაგალითად პალია, ამტკიცებენ რომ ის პრიმიტიული სექსუალური აქტია. შესაძლოა გაუპატიურება მართლაც იყოს სექსუალური აქტი, მაგრამ კონსენსუალური სექსის დიდ წილშიც ძალაუფლებაა ჩართული, და, ასეა თუ ისე, მე არ მაინტერესებს, რა ამოძრავებს მოძალადეს. მე მაინტერესებს, რა აძლევს მას მოქმედების საშუალებას.

ამაზე ერთი პასუხია "გაუპატიურების კულტურა", ტერმინი, რომელიც, როგორც ჟურნალისტმა დენის ბალკისოონმა აღნიშნა, ისე ჩანს, რომ ყველაფერს მოიცავს უგრძნობელი კომენტარებიდან აშშ-ს არმიაში გაუპატიურებების ჩაფარცხვამდე და ავღანეთში ბავშვი პატარძლების გაყიდვამდე. თუმცა, რამდენი ამერიკელიც არ უნდა მოკლან ყოველ წელს, და რამდენჯერაც არ უნდა ვამბობდეთ შეგვიძლია "პირდაპირ მოვკლათ ეგ ტიპი", ჩვენ არ ვსაუბრობთ "მკვლელობის კულტურაზე". ჩვენ ვსაუბროთ "იარაღის კულტურაზე". ამგვარადვე, როცა ჩვენ გაუპატიურებაზე ვსაუბრობთ, უნდა განვრისხდეთ არა "გაუპატიურების კულტურაზე", არამედ "ყლის კულტურაზე".

როცა ვამბობ "ყლის კულტურა", ვგულისხმობ: უზომო სიამაყეს, რომელსაც მამაკაცები გრძნობენ იმის გამო, რომ აქვთ და ხელთ უპყრიათ ყლე. იდიოტური შეჯიბრებები, რომელსაც ისინი მართავენ, რათა გაიგონ, ვისი ყლეა უფრო ძლიერი, ვისი ყლე გამოისვრის უფრო მძლავრად, ვისი ყლე წავა უფრო შორს. იმას, თუ როგორ ამბობენ კაცები და ქალებიც, რომ "ის თავისი ყლით ფიქრობდა". სპაზმური რეაქცია, რომელიც აქვს ყლის მატარებელ კაცს შემოთავაზებაზე, რომ ერთ სულზე ყლესთან დაკავშირებული დაზიანებების წლიური მაჩვენებლის გათვალისწინებით, მისი ყლის გამოყენება უნდა შეიზღუდოს. ყველა ყლიანი კაცი დარწმუნებულია, რომ ყლის პასუხისმგებლობიანი მფლობელია. ყლეები არ კლავენ ადამიანებს, ამბობენ ისინი. ვერ წაგვართმევთ ჩვენს ყლეებს. და მაინც, ყოველთვის ამდენი "შემთხვევა" ხდება. ძიძა სახელმწიფოს მოახლედ ვერ გამოვგდები, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ: ყლეების აკრძალვა ყველაზე პრაგმატული გამოსავალი ჩანს.

დიახ, დამღალა გაუპატიურების ისტორიებმა. ჩემი აზრით, გაუპიურების ისტორიები მოსაწყენია. გულს მირევენ გაუპატიურების ისტორიები CNN-ზე და კიდევ უფრო მეტად მირევენ გულს გაუპატიურების ისტორიები Jezebel-ზე. ამის სანაცვლოდ მინდა ვნახო ეროვნული, სატელევეზიო დებატები და დილის რადიოგადაცემების მთელი ეპიზოდები და რამდენიმე გრძელ ფორმატიანი პოდკასტი და პრეზიდენტის კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის ნაწილი, რომლებიც დაეთმობა იმის განხილვას, უნდა დავრთოთ თუ არა კაცებს თავიანთი ყლეების შენარჩუნების უფლება.

თუმცა, იარაღები, გოგონებს ათი წლის ასაკში უნდა მივცეთ.

ეს ისტორია ცხრა წლის განმავლობაში არ დავწერე, რადგან ის მნიშვნელოვნად არ მიმაჩნდა. ამ წლებიდან ბევრის განმავლობაში ისეთ ტრივიალურ ამბებზე ვწერდი, რომ მისი ამოღება მართლა მიღწევა იყო. ერთხელ მივანიშნე მასზე. ლამის არც. მჯეროდა, რომ რადგანაც თვითშეფასების სათავე სადღაც გენიტალიებზე მაღლა მდებარეობს, გაუპატიურება ხშირად არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც გოგონას ან ქალს შეიძლება დაემართოს (ან ბიჭსა და კაცს, მაგრამ, ხომ გესმით). ის მხოლოდ ყველაზე ცხადია. ის არის ძალაუფლებისგან განძარცვა მინიმალური ძალისხმევით, ძალის მეშვეობით. და რადგანაც არ შემეძლო გამეხსენებინა მომენტი, როცა კონტროლი დავკარგე - რადგანაც, ჩემს მეხსიერებაში, და ალბათ, რეალურადაც, წინააღმდეგობის გაწევის ნიშნები არ ყოფილა - ადვილი იყო, არ მეგრძნო ეს დანაკარგი. ეს უფრო პრაქტიკულიც იყო და ამას არ შეუშლია ხელი, თანამეგრძნო სხვა გოგონებისთვის, ვისაც იგივე დაემართა, მაგრამ უფრო დაზარალდნენ, ან მაშინ, როცა ეს მოხდა, ან შემდგომ. ამასთან ვფიქრობდი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამაუპატიურეს, გამიმართლა, რომ უარესად არ გამაუპატიურეს.

ვირჟინი დეპანტი, ფრანგი პანკ-ფემინისტი მწერალი სამმა თეთრმა კაცმა გააუპატიურა ჩვიდმეტი წლის ასაკში, როცა ავტოსტოპით მოგზაურობდა მეგობართან ერთად პარიზის გარეთ. მას შემდეგ, რაც დეპანტმა თავისი შურისძიების ფანტაზიები გამოაქვეყნა რომანში Baise-moi (1994)[3], ის გამუდმებით ხვდებოდა ქალებს, ვინც მას ეუბნებოდა: "მე გამაუპატიურეს, ამა და ამ ასაკში, ამა და ამ გარემოებებში" და კინგ კონგის თეორიაში (2006) მან იკითხა: როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის ფაქტი, რომ იშვიათად თუ მოისმენ ამ ამბის მეორე მხარეს, "მე გავაუპატიურე ასე და ასე, ამა და ამ დღეს, ამა და ამ გარემოებებში?". სწორედ ისევე, როგორც ქალები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში, კაცები, როგორც წესი, ევფემიზმებს არჩევენ ამ მოვლენისათვის: მათ შეიძლება "ოდნავ დაეძალებინათ მისთვის" ან "ცოტა ზედმეტი მოსვლოდათ." გაუპატიურება მოძალადეებისთვის არის; კაცების შემთხვევაში კი, "რასაც ისინი აკეთებენ, ყოველთვის რაღაც სხვა არის".

ამ ესეის წერა ერთ ღამეს დავიწყე მას შემდეგ, რაც Gawker-ზე წავიკითხე რაღაც, რაც ჩემს ნაცნობ რამდენიმე მაგარ ტიპს სასაცილო მოეჩვენა. ასეთი ამბავი იყო: ქალს ჰამბურგერი თავის სანდალში აერია, როცა ცდილობდა გადმოსულიყო Dodge-ის პიკაპიდან, რომელშიც იქამდე სექსი ჰქონდა, Waffle House-ის გარეთ, ლოგანვილში, ჯორჯიას შტატში. რა პრობლემაა, ოღონდ - ქალმა დააბიჯა ჰამბურგერს მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა რამდენჯერმა უთხრეს, რომ ჩაეცვა, და ამდენჯერ იმიტომ უთხრეს, რომ ის "უბრალოდ იჯდა მგზავრის სავარძელზე" და პასუხს არ იძლეოდა. ამავდროულად, კაცმა "მყისიერად ჩაიცვა შარვალი".

პოლიციის ანგარიშის თანახმად, კაცმა ამომცნობზე სისხლში ალკოჰოლის .154 დონე აჩვენა, ქალმა კი - .216. თვითერზე ორი რამ ვთქვი: პირველი, არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება ეს ქალი გააუპატიურეს? და მეორე, მეჩვენება, რომ Gawker-ის ამ ხუმრობის სამიზნე უბრალოდ ქვედა კლასია. პოსტის ავტორი გამოეხმაურა არა ჩემს პირველ, უფრო მნიშვნელოვან საწუხარს გაუპატიურება, არამედ მეორეს, ნაკლებად მნიშვნელოვანს (კლასობრივი წინასწარგანწყობა), რადგაც თუკი რამ ვიცი ყლეების შესახებ, ისაა, რომ მათ ყოველთვის ურჩევნიათ გაიმარჯვონ ყოვლად უმნიშვნელო დავაში, ვიდრე უბრალოდ მიიღონ მონაწილეობა სერიოზულში. მან უგულებელყო ჩემი იქნებ-გაუპატიურება-იყო არგუმენტი, რათა კონცენტრირებულიყო იმაზე, რატომ ვიფიქრე მე, რომ მამაკაცი და ქალი "დაბალი კლასის" წარმომადგენლები იყვნენ, როცა მას ნამდვილად არ უთქვამს ასე. უბრალოდ თესლი ანეკდოტი გადმოგვცა.

არ ვიცი, რატომ ამატირა მაინცდამაინც ამ მიმოცვლამ. ნებისმიერი სხვა თესლი ანეკდოტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ნებისმიერი ვებსაიტი, ნებისმიერი ღამე. ყველაფერი ეს გროვდება და უეცრად: განცდა, რომ გაუპატიურებაზე ყოველი ხუმრობისთვის არსებობს კიდევ უარესი ხუმრობა, რომელშიც უბრალოდ ვერავინ ამჩნევს გაუპატიურებას.

გაითვალისწინეთ, რომ მე არ ვამბობ, რომ ქალი ჯორჯიაში გააუპატიურეს, ან რომ ის უგონოდ იყო. გაითვალისწინეთ, რომ არ ვიცი ვინ არის ის, ან რას ნიშნავს მისთვის, თქვენთვის ან ჩემი დისთვის საკმარისად ფხიზლად ყოფნა. მხოლოდ ის ვიცი, რა არ მინდა რომ დავინახო. როცა უყურებს სცენას მთვრალი, შიშველი სხეულებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქალია, ჩემნაირი ქალები ცუდად ხდებიან გაუპატიურების გამო, კაცები კი, ის კაცები, ვინც იმავეს კითხულობენ, რასაც ჩვენ, ჩვენივე სოციალური წრის კაცები, კაცები, რომლებსაც ძალიან მოვწონვართ, უბრალოდ უყურებენ თავიანთ მობილურებს და იცინიან.

რამდენიმე დღის შემდეგ იქიდან, რაც დეიზი კოლმანზე კითხვა შევწყვიტე, მის შესახებ ვესაუბრებოდი კაცს, რომელიც იმდენად შორსაა ყლედ ყოფნისგან, რამდენაც კაცი საერთოდ შეიძლება იყოს. მას ვკითხე, ოდესმე თუ ყოფილა ერთ-ერთი ბიჭი ასეთი ისტორიებიდან. და როგორ გამიკვირდა, რომ მან თქვა - კი. ჯერაც გულუბრყვილო ვარ.

მან თქვა, რომ ყველაფერი ისე ცუდადაც არ ყოფილა. ისინი ყველანი თხუთმეტის ან თექვსმეტის იყვნენ და ერთ-ერთ ისეთ სარდაფში სვამდნენ, რომელიც ცალკე სახლივითაა. ტიპს, ვისიც იყო ეს სახლი, მდიდარი მშობლები ჰყავდა და გადაპარსული თავი და ერთგვარი ჩუმი სისასტიკის აურა ჰქონდა. ორი გოგონა იყო, სამი ან ოთხი ბიჭი. ერთ-ერთი გოგონა მეტისმეტად დათვრა. მან აღმიწერა, როგორი ლამაზი იყო ეს გოგონა, მაგრამ მე არ შემიძლია. მან აღმიწერა, როგორ გაათავა გოგონამ, როცა მდიდარ ტიპს ხელი ქონდა ჩაყოფილი მის შარვალში და რომ ყველაფერი მდიდარმა ტიპმა დაიწყო, მაგრამ ისიც იქ იყო, ჯერ უყურებდა და მერე ძუძუებზე კიდებდა ხელს. მინდოდა ცუდად გავმხდარიყავი. ვკითხე - რატომ გააკეთე ეს? მან თქვა - იმიტომ, რომ ყველანი ძალიან მთვრალები ვიყავით, და ისეთი ახალგაზრდები და ყლეობა იყო, მაგრამ თან არა რეალური. და, ამასთან - მე მინდოდა ამ ტიპთან მემეგობრა. არ ვიცოდი როგორ მეთქვა მისთვის უარი.


[1]ინციდენტი ქალაქ სტობენვილში, ოჰაიოს შტატში, სადაც 2012 წლის 12 აგვისტოს ამერიკული ფეხბურთის რამდენიმე მოთამაშემ 16 წლის მთვრალი, გონდაკარგული გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურა, ეს აქტები გადაიღო და მეგობრებს გაუზიარა. შემთხვევა, მას შემდეგ რაც ის რამდენჯერმე გააშუქა New York Times-მა, ეროვნულ სკანდალად იქცა და ის აქტიურად განიხილებოდა ტრადიციულ და სოციალურად მედიაში. ამ საქმეში სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში დამნაშავე ცნო ორი მოთამაშე, ტრენტ მეისი და მალიკ რიჩმონდი, რამდენი სხვა ზრდასრულს კი გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაედო ბრალად. (მთ. შენიშვნა).

[2]2013 4 აპრილს, რეთი ფარსონსმა, 17 წლის მოსწავლემ კანადის ქალაქ დართმუთიდან, თავის მოკვლა სცადა ჩამოხრჩობით. შედეგად ის კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ კი ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფარსონსი სიცოცხლის შემნარჩუნებელი აპარატიდან გამოერთოთ. ფარსონსის დედის თანახმად, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ის იყო, რომ წლინახევრით ადრე მისი შვილი ოთხმა ბიჭმა ჯგუფურად გააუპატიურა და ფოტოები გადაუღო. მას შემდეგ, რაც ეს ამბავიც კანადაში ეროვნულ სკანდალად იქცა, გაირკვა, რომ ფარსონსმა ინციდენტის შემდეგ მიმართა პოლიციას, მაგრამ საქმე არასათანადოდ გამოიძიეს - მაგალითად, არ შეამოწმეს ბრალდებულების ტელეფონები ფოტოების სანახავად. ამის შემდეგ, კანადის პოლიციამ ახალი გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ორმა ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა, მათ ბრალად მხოლოდ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელება დაედოთ და უმნიშვნელო სასჯელი - ერთ და ორ წლიანი პრობაცია მიიღეს.

[3]ფრ. - მომტყანი



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი