ქრისტინა, შვედეთის მეფე გუსტავ II-ისა და მარია ელეონორა ბრანდერბურგელის შვილი, 1626 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მისი ინტელექტი და სიძლიერე ადრეულ ბავშვობაში გამოვლინდა და მან პრინცესისთვის ღირსეული შესაფერისი განათლებაც მიიღო. 6 წლის ასაკში, მამამისის სიკვდილის შემდეგ, ქრისტინა ტახტის მემკვიდრე გახდა. 1644 წლამდე მის ნაცვლად ქვეყანას რეგენტი გრაფი აქსელ გუსტაფსონ ოქსინშტერნი მართავდა, რომელიც მანამდე გუსტავ II-ის კარზე კანცლერად მსახურობდა. გრაფი ქრისტინას პოლიტიკის საიდუმლოებებს ასწავლიდა. 14 წლის ასაკში ის უკვე სახელმწიფო საკრებულოს სხდომებს ესწრება. ტახტზე ასვლამდე დედოფალმა ქრისტინამ მოასწრო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ვესტფალიის ზავის დადებაში, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა ევროპისა და შვედეთის გამაცამტვერებელი ცამეტწლიანი ომი. ქრისტინას ინტერესი შემეცნებისადმი სახელმწიფო საქმეებს სცდებოდა. თავისი კარის გარშემო მან მუსიკოსები, პოეტები, სწავლულები შემოიკრიბა და “ჩრდილოელი მინერვას” რეპუტაციაც დაიმსახურა. ხშირად იღვიძებდა დილის ხუთ საათზე და კითხვას იწყებდა. ფილოსოფიას რენე დეკარტი ასწავლიდა. ქრისტინა ჩაცმის მამაკაცურ სტილს ანიჭებდა უპირატესობას.
1654 წლის 6 ივნისს ქრისტინამ ევროპა საკუთარი ნებით ტახტის დატოვებით გააოცა. ოფიციალური მიზეზი ავადმყოფობასა და იმაში მდგომარეობდა, რომ ქალისთვის ქვეყნის მართვა “მძიმე ტვირთია”. ქრისტინამ თავისი ბიძაშვილი კარლ X გაამეფა. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ “მძიმე ტვირთში” ქრისტინა დაქორწინების და მემკვიდრის გაჩენის აუცილებლობას გულისხმებოდა.
გადადგომის შემდეგ მან შვედეთი დატოვა და ევროპის სამხრეთით რომანტიკულ მოგზაურობაში წავიდა. ინსბრუკში გაჩერების დროს მან კიდევ ერთი შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა ლუთერანობის უარყოფისა და კათოლიკედ მონათვლის სურვილის შესახებ. პროტესტანტული კანონების მკაცრად დამცველი შვედეთისთვის მსგავსი რამ თითქმის დანაშაული იყო.
ქრისტინას ეს ნაბიჯი რომის პაპისთვის ნამდვილ საჩუქრად, ხოლო პროტესტანტული ევროპისთვის დიდ დატყმად იქცა. 1655 წლის დეკემბერში ვატიკანში პაპმა ალექსანდრე VII-მ ახლადმოქცეული გულღიად მიიღო. ედუარდ კარპენტერი წერდა: “ამბობენ, რომ ამ დროს ისეთი მონდომებით აჯანჯღარებდა პაპის ხელს, რომ ბოლოს ეს უკანასკნელი იძულებული გახდა სამედიცინო სამსახურისთვის მიემართა!” თუმცა, რომის პაპს, რომელიც მას კათოლიციზმის პროპაგანდის იარაღად აღიქვამდა, იმედი გაუცრუვდა, როდესაც ქრისტინამ რწმენა თითოეული ადამიანის პირად საქმედ გამოაცხადა. უფრო მეტიც, ქრისტინას საქციელმა რომში დიდი ხმაური გამოიწვია. მარადიულ ქალაქში მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პოლიტიკური ინტრიგების ხლართვა დაიწყო. ამ ინტრიგების მიზანი ნეაპოლის ხელში ჩაგდება იყო, რომელსაც მაშინ ესპანეთი აკონტროლებდა. ნეაპოლის საკუთარ სამეფოდ, ხოლო ფრანგი პრინცის მის მემკვიდრედ გამოცხადების გეგმა 1657 წელს ქრისტინას საფრანგეთში, ფონტენბლოში ჩასვლის შემდეგ ჩაიშალა. ქრისტინამ ჩათვალა, რომ მისმა უახლოესმა მრჩეველმა ჟან რიკარდო მონალდეჩიმ მას უღალატა და სასამართლოს გამართვისა და გამოძიების ჩატარების გარეშე დასაჯა იგი. ზოგი ისტორიკოსი თვლის, რომ მონალდეჩი ქრისტინას ლესბოსური მიდრეკილებების შესახებ ხმის გავრცელების გამო დაისაჯა. ასეა თუ ისე, ასეთმა ნაჩქარევმა, სისხლიანმა და შურისმაძიებლურმა გადაწყვეტილებამ საფრანგეთის კარი აღაშფოთა. ამასთანავე, რომის პაპმა ალექსანდრე VII-მ ქრისტინას რომში მისი დაბრუნების არასასურველობა აგრძნობინა.
ქრისტინა რომში მაინც დაბრუნდა და მისთვის ჩვეული ენერგიულობით თავის შესანიშნავ რიარიოს სასახლის მოწყობას შეუდგა, სადაც მან ისევე როგორც სტოკჰოლმში გარშემო მხატვრები, სწავლულები და მუსიკოსები შემოიკრიბა. ქორმაისტერად თავად ალესანდრო სკარლატი ყავდა. არქანჯელო კორელი (რომელიც გეი იყო) ორკესტრს დირიჟორობდა. მოქანდაკე ბერნინი ძალიან ბევრით იყო დავალებული ქრისტინასგან, რომელმაც მას რთულ მომენტებში დიდი დახმარება გაუწია.
უდაოა, რომ ქრისტინა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ოთხ პაპთან მეგობრული ურთიერთობის მქონე გულუხვმა შვედმა, რომელიც თვითონვე მუდმივად განიცდიდა ფულის ნაკლებობას, რომში არკადიის აკადემია დააარსა (ეს ორგანიზაცია დღემდე მოქმედია), აქტიურად დაეხმარა რომში პირველი ოპერის გახსნას, იბრძოდა საზოგადოებაში ადამიანების სამოქალაქო თავისუფლების პრინციპებისათვის. ის ნაწილობრივ რომში ებრაელთა სათვისტომოსაც მფარველობდა.
კარლ X-ის სიკვდილის შემდეგ პირველად 1660 წელს, ხოლო მეორედ 1667 წელს სამეფო გვირგვინის დაბრუნების მცდელობით ის შვედეთში დაბრუნდა, თუმცა ორივეჯერ წინააღმდეგობას გადააწყდა. საბოლოოდ იტალიაში დაფუძნდა.
მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ჭორი დაიარებოდა. ისტორიკოსი ლილიან ფეიდერმანი წერს, რომ ქრისტინას თანამედროვეები – გრაფი პალატინი, ჰერცოგი დე გიზი და მადემუაზელ მონპანსიე მეტნაკლებად ადასტურებენ იმას, რომ ქრისტინა გულგრილი არ ყოფილა ქალების მიმართ.
განსაკუთრებით დამაინტრიგებელია მოგზაურობის დროს ვინმე ებე სპარესთვის მიწერილი მისი ვნებით აღსავსე წერილები: “თუკი შენ არ დაგვიწყნია როგორი ძალაუფლება გქონდა ჩემზე, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ მე შენი სიყვარულის ძალაუფლების ქვეშ თორმეტი წელი ვიმყოფებოდი; მთლიანად შენი ვარ, იმდენად, რომ ვერასოდეს გაბედავ ჩემს მიტოვებას. და მხოლოდ ჩემი სიკვდილი შეაჩერებს შენს მიმართ ჩემს სიყვარულს.” მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანებში რომანტიული სიყვარულის ენა სწორედ ასეთი იყო, ბევრი კომენტატორი ქალებთან ქრისტინას ურთიერთობებში აშკარა და განმეორებად სექსუალურ კონტექსტს ხედავს. 1719 წელს, მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გრაფინია პალატინი – ორლეანელი პრინცის დედა – თავის მოგონებებში წერდა, რომ ერთხელ ქრისტინა “ცდილობდა ძალით დაუფლებოდა მადამ დე ბრენის, რომელიც ძლივს დაუსხლტა მას ხელიდან”.XIX საუკუნის ცნობილი სექსოლოგი ჰეივლოკ ელისი წერდა: “მისი მკვეთრად გამოხატული მამაკაცური მანერები მაღალ ინტელექტთან ერთობლიობაში ეწყობოდა ქრისტინას აშკარად ჰომოსექსუალურ ან ბისექსუალურ ტემპერამენტს”. ცხოვრების გვიანდელ წლებში ქრისტინას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კარდინალ აზოლინისთან – squadrone volante -ს სახელით ცნობილი კარდინალების ჯგუფის ლიდერთან. დადიოდა ჭორები, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. როდესაც 1689 წლის 19 აპრილს ქრისტინა გარდაიცვალა, კარდინალი აზოლინი მის ოფიციალურ მემკვიდრედ იქცა.
დედოფალი ქრისტინას ნეშტი რომში წმინდა პეტრეს ტაძარშია დაკრძალული.
1933 წელს რუბენ მამულიანის ფილმში გრეტა გარბომ დედოფალი ქრისტინას განუმეორებელი სახე შექმნა.
მოამზადა ნინო ძანძავამ
Biography of Queen Christina, Swedish royal heiress, materials about her private relationships and sexual orientation.Author: Paul Russell
Prepared by Nino Dzandzava