www.afterellen.com-ის ინფორმაციით, 2010 წელს შეერთებულ შტატებში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - “გარბო” (Garbo) პრემიერა შედგება. იგი ჰოლივუდის “ოქროს ხანის”, 20-30-იანი წლების კინო-დივას, ლეგენდარული გრეტა გარბოს ცხოვრებას ეხება.
ფილმზე, რომლის რეჟისორიც ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი და კომპოზიტორი ბადი ბრეგმანია, ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა გერმანიაში.
გარბოს როლს ანნა-კარინ ესკილსონი ასრულებს, რომელიც მისი სასცენო პროტოტიპის მსგავსად შვედური წარმომავლობისაა და ნიუ იორკში მოღვაწეობს. ესკილსონს მცირე მასშტაბის, თუმცა შთამბეჭდავი როლები აქვს განსახიერებული ფილმებში: “მებრძოლი” (The Wrestler) (2008 წ.) და “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City) (2008 წ.).
www.imdb.com-ის მიხედვით, “გარბო” მსახიობის პირად ცხოვრებას აღწერს, მათ შორის, მის ურთიერთობებს სცენის ასევე დიდ ლეგენდასთან - მარლენ დიტრიხთან, მწერალ მერსედეს დე აკოსტასთან და ჟურნალ “ვოგის” დიზაინერ სესილ ბიტონთან.



