პირველი აფრიკელი ნობელის ლაურეატი ქალი გარდაიცვალა
30 09 2011

ვანგარი მაათჰაი, პირველი აფრიკელი ნობელის ლაურეატი ქალი, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ ავრცელებს მაათჰაის მიერ დაარსებული გარემოს დაცვის ორგანიზაცია.

კენიის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ქალმა, ვანგარი მაათჰაიმ გარემოს დაცვისა და სოციალური აქტივიზმის შერწყმისათვის ნობელის პრემია 2004 წელს მიიღო. მან დაარსა „The Green Belt Movement“, რომელშიც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ახდენდა ღარიბი ქალების მობილიზაციას სამ მილიონამდე ხის დასარგავად.

ჯილდოს გადაცემისას ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ ქალბატონი მაათჰაი წინააღმდეგობას უწევდა კენიის მჩაგვრელ რეჟიმს და მისი მოქმედების უნიკალურმა ფორმამ ხელი შეუწყო პოლიტიკური ჩაგვრისადმი სხვათა ყურადღების მიპყრობას.

მიუხედავად იმისა, რომ „Green Belt Movement“-ის კამპანია თავიდან არ იყო მშვიდობისა და დემოკრატიის საკითხებზე გათვლილი, ქალბატონი მაათჰაის განცხადებით დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ გარემოს ეფექტური მართვა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელი იყო.

კენიის პარლამენტის ყოფილი წევრი, ვანგარი მაათჰაი პირველი ქალი იყო აღმოსავლეთ აფრიკაში, რომელმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა - 1971 წელს ნაირობის უნივერსიტეტში, სადაც იგი შემდგომ ვეტერინარიული ანატომიის ასოცირებული პროფესორი გახდა.

მის მიერ 1977 წელს დაარსებული „The Green Belt Movement“-ის ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანგარი მაათჰაის გარდაცვალება დიდი დანაკარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებდნენ მის მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიან, ჯანსაღ და უკეთეს ადგილად ექცია.

წყარო:http://www.theglobeandmail.com/news/world/africa-mideast/wangari-maathai-first-african-woman-to-win-nobel-peace-prize-dies/article2179920



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი