ორმოცდაათ მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ ბრიტანელი კოლონიზატორების მიერ დატოვებული არქაული კანონით არის კრიმინალიზებული, სექსუალურ იდენტობაზე ღიად არ საუბრობენ. თუმცა, ბირმა ნელ–ნელა იხსნება ლგბტ მოქალაქეებისადმი და იმედია მათ დიდხანს აღარ მოუწევთ ჩრდილში დარჩენა.
„როდესაც გასართობად მივდივართ, იძულებულები ვართ ხალხს შევერიოთ, ორიენტაციის მიუხედავად, რადგან არ გვაქვს ასპროცენტიანი გეი ადგილები,“ აცხადებს რანგუნში მცხოვრები 33 წლის გეი ჩიტოო.“რომ გვქონოდა ასეთი ადგილები, მთავრობა დაგვაპატიმრებდა. მაგრამ ახლა, როდესაც აუნგ სან სუჩიმ როგორც იქნა დააყენა ადამიანის უფლებათა საკითხი მთავრობაში, ჩვენი ხმები მისი მეშვეობით გაჟღერდება ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს.“
ბირმის მთავრობა ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს მე–19 საუკუნის ბრიტანული სისხლის სამართლის 337–ე კანონით, რომლის მიხედვითაც „ბუნების საწინააღმდეგო სექსუალური კავშირები“ ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამასთან ერთად, გაურკვეველი ენით დაწერილი სხვა კანონები თავისუფლად იძლევა ლგბტ ადამიანების ტერორში ყოლისა და ჩაგვრის შესაძლებლობას, აცხადებს ტაილანდში დაფუძნებული ადვოკატირების ორგანიზაციის Human Rights Education Institute of Burma წარმომადგენელი აუნგ მიო მინი.
თუმცა ბირმაშიც არის კარგი სიახლეები. გასულ წელს ეთერში გავიდა პირველი ლგბტ თემატიკის ტელევიზია, Colours Rainbow TV, რომელიც თვეში ერთხელ გადის და ლგბტ სიახლეებზე, ინტერვიუებსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ რეპორტაჟებზე ფოკუსირდება.
აუნგ მიო მინის ორგანიზაცია, ზემოხსენებული ტელეგადაცემების 3,000 რეგულარულ ნახვას ითვლის, მაგრამ ასევე აღიარებს, რომ მაყურებელთა რაოდენობა შემოიფარგლება იმ ადამიანებით, ვისაც აქვს ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და ელექტროენერგიასთან, რაც მოსახლეობის 25%–ს წარმოადგენს, ორგანიზაცია ასევე გამოსცემს კვარტალურ ჟურნალს Colours Rainbow და უფასოდ ავრცელებს მას.
მსოფლიოსგან დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი, ბირმას მოსახლეობა გაცილებით უფრო კონსერვატიულია, ვიდრე მისი ღიად სექსუალიზებული მეზობელი ტაილანდი. ბირმაში ქალებიც და კაცებიც ატარებენ გრძელ კოტონის სარონგებს, რომლებითაც ქალებმა უნდა დაიფარონ მხრები და მკერდი. სექსი ქორწინებამდე დაუშვებელია, ხოლო ტრადიციული რწმენა წესია, განსაკუთრებით სოფლად, გვეუბნება ჩიტოო.
„ბევრ ადამიანს სჯერა, რომ თუ კაცი გეია, ესე იგი წინა ცხოვრებაში ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ქალთან და ამიტომ ისჯება ამ ცხოვრებაში ჰომოსექსუალობით,“ დასძენს იგი.
„გამოსწორების“ სხვადასხვა სახის მცდელობა ასევე გავრცელებული მოვლენაა. ლესბოსელების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა გამოიყენება, მაშინ, როცა ოჯახები ვაჟებს მონასტერში აგზავნიან სექსუალური ორიენტაციის „გამოსასწორებლად“.
წყარო:http://www.guardian.co.uk/world/2012/may/13/gay-people-burma-challenge-repression?newsfeed=true