: SOPHIE ©რენატა რაქშა
ვინ არის  SOPHIE?
12 09 2019

წლების განმავლობაში, წარმოშობით შოტლანდიელი არტისტი SOPHIE, მსმენელისათვის იდუმალებით მოცულ ფიგურად რჩებოდა. Madonna, Lady Gaga, Charlie XCX და MØ იმ შემსრულებლთა არასრულ ჩამონათვალს წარმოადგენს, რომელთა პროდიუსერიც თავად SOPHIE გახლდათ. მისთვის შთაგონების წყაროს შემსრულებლებზე მეტად ყოველთვის ის ადამიანები წარმოადგენდნენ, ვინც მუსიკას ქმნიდნენ. ენიგმატური არტისტის Aphex Twin შემოქმედებით მოხიბლული SOPHIE, მის მსგავსად, მისტიკური საბურველის შენარჩუნებას ამჯობინებდა და ყველანაირად ერიდებოდა საუბარს. ასე მოხდა 2014 წელსაც, როდესაც Boiler Room-ის ფარგლებში გამართულ შოუზე, მუსიკოსი მცველად შეინიღბა, მანამ სანამ დრეგ პერფორმერი, ჯესი ჰოფმანი, დიჯეის ადგილას იდგა და ვითომ მის ნაცვლად უკრავდა. ყოველივე ამან, არც თუ ისე უსაფუძვლოდ SOPHIE-ს შესახებ უამრავი შეკითხვა გააჩინა.

ვინ არის SOPHIE? იყო თუ არა მისი ქცევა ირონიული, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენისკენ თითს იშვერდა და იმ არტისტებს დასცინოდა, რომლებიც ხშირად საკუთარ თავს სერიოზულად აღიქვამდნენ და ქედმაღლურად იდგნენ აპარატურის მიღმა? იყო თუ არა მისი ტრეკები საცეკვაო მოედანზე არეულობის შემოსატანად გამიზნული? პროდიუსერი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ქალის ხმის აპროპრიაციის გამო, რომელსაც ის თავისი მუსიკისათვის იყენებდა, რადგანაც ყველა ფიქრობდა რომ SOPHIE მამაკაცი იყო. არტისტმა გამოწვევას გენდერული ბინარულობის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულებით უპასუხა. ერთი რამ ცხადი იყო: იმ საზოგადოებაში, სადაც გამჭვირვალობა ფასობს, SOPHIE სრულიად ამოვარდნილი იყო, რომლის განზრახვებიც ბევრს საეჭვოდ ეჩვენებოდა.

წარმოიდგინეთ, რომ ატრაქციონების პარკში იმყოფებით, ოღონდ მანამ, სანამ "ამერიკულ მთებს" მიაშურებთ, რიგში დგომისას ბამბის ნაყინს შეექცევით. SOPHIE-ს ბავშვური, ჰიპერაქტიური და დაშაქრული ჟღერადობა სწორედ მსგავს შეგრძნებათა სპექტრს სთავაზობს მსმენელს. საღეჭი რეზინი, ბამბის ნაყინი, ლატექსტი - ალბათ არტისტის მუსიკის დასახასიათებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებია. მუშაობის პროცესში, SOPHIE ხშირად ფიზიკურ ტექსტურებს წარმოიდგენს და ამის მიხედვით ცდილობს სასურველი ხმები შექმნას. მაგალითად, მაკდონალდსის რეკლამისათვის დაწერილი ტრეკი Lemonade, თავბრუდამხვევი სასიყვარულო სიმღერაა, რომელიც გაზიანი სასმელის ბუშტების ჟღერადობას მოგაგონებთ.

ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მოღვაწე არტისტებს შორის, SOPHIE-მ ინოვაციური ხედვისა და გამბედაობის წყალობით, თავის შემოქმედებაში, იშვიათი წარმატებით ასახა როგორც ანდერგრაუნდ საცეკვაო, ასევე კომერციული პოპ მუსიკისათვის დამახასიათებელი ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი ბავშვობიდან ელექტრონული მუსიკით იყო გატაცებული და დღემდე ადრეული დისკო და ჰაუს მუსიკითაა შთაგონებული, ამავდროულად ძალიან კარგად იცნობს პოპ მუსიკას. სადებიუტო ალბომზე, Oil Of Every Pearl's Un-insides-ზე მუშაობისას, მან პოპ მუსიკასთან სიახლოვის საჭიროება იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ პოპ ალბომის შექმნა ჩანაფიქრში არ ჰქონდა განზრახული. მისი თქმით, პოპ მუსიკა ნებისმიერი საკითხის განსახილველად ყველაზე რელევანტური ფორმატია. განსხვავებით ექსპერიმენტული მუსიკისაგან, SOPHIE მიიჩნევს, რომ მეინსტრიმ მუსიკა ნაკლებად ელიტისტური და ნაკლებად ექსკლუზიურია, ამიტომაც საკუთარ შემოქმედებაში სწორედ ამ სტანდარტების შენარჩუნებას ისურვებდა.

2017 წლის ოქტომბერში SOHPIE-მ სინგლი სახელწოდებით It's Okay To Cry გამოუშვა, სადაც კარიერის განმავლობაში პირველად, საკუთარი ხმა და გამოსახულება გამოიყენა. თუ აქამდე ყველაფერი მის შესახებ ხელოვნურად აღიქმებოდა, ახლა უკვე არტისტმა საკუთარი იდენტობა, ან იდენტობის გარკვეული ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც საკუთარი შემოქმედების არსებით ნაწილად აქცია. მისი სიმღერები და სიმღერის ტექსტები რეალურ ადამიანს დაუკავშირა და მოულოდნელად ავთენტურობაც შეიძინა. ხილვადობა SOPHIE-ს თქმით, მისთვის არასდროს ყოფილა ბუნებრივი მდგომარეობა, რადგანაც ის რასაც შინაგანად განიცდიდა, არ უახლოვდებოდა მის გარეგნულ მოცემულობას. მალევე, პრესასთან საუბრისას, არტისტმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია, თუმცა ამ აქტს ქამინგ აუთის სახელით არ ნათლავდა. მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც ამის საჭიროება იგრძნო და მისი მხრიდან ეს უბრალოდ გულწრფელობის გამომხატველი ჟესტი იყო. არტისტის მცდელობა არ გამოჩენილიყო ფრონტვუმენად, საკუთარი შემოქმედების დასაცავად ხდებოდა, რათა მის იდენტობას არ დაეჩრდილა მუსიკა რომელსაც ქმნიდა და არ დაეტოვებინა სივრცე უაზრო შეკითხვებისთვის.

It's Okay To Cry ემოციურად ინტენსიური ბალადაა. კლიპში SOPHIE-ის შიშველი ბიუსტი ჩანს, რომელიც მზერას კამერისკენ მომართავს და მღერის. მის უკან ცის ცვალებად ფონზე ცისარტყელა ციმციმებს. ამგვარად, მუსიკოსი თანმიმდევრულ და მკაფიო მესიჯს უგზავნის მსმენელს, რომელიც SOPHIE-ს შემოქმედებაში ახალი ეტაპის დასაწყისისა და საკუთარი თავის მიმღებლობის შესახებ მიუთითებს.

SOHPIE მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ მუსიკას ქმნის, თუმცა პოლიტიკის შესახებ ლაპარაკი მოსაწყენად ეჩვენება. მუსიკა მისთვის ის მედიუმია, რომელიც მრავალშრიანი გზავნილების გადაცემის შესაძლებლობას აძლევს. არტისტი აცხადებს, რომ ტრანსგენდერ ქალად ყოფნა მისთვის სხეულზე კონტროლის ფლობას ნიშნავს, რომელიც შინაგან განცდებთან ჭიდილის ნაცვლად მათთან ჰარმონიაშია. SOPHIE იმედოვნებს, რომ მაგალითი გახდება სხვა ტრანსგენდერი ადამიანებისათვის და მუსიკალურ ინდუსტრიაში მრავლად იხილავს მათ.

უკომპრომისო არტისტი და პერფორმერი, არც დიჯეინგის მკაცრად განსაზღვრულ ფორმატს ეგუება, რომელიც მაგიდის უკან დგომას გულისხმობს. მისი თქმით, ყოველთვის შურდა პოპ და როკ ვარსკვლავების ინტერაქციის მაყურებელთან. მალულად დგომა, რომელიც სხეულის ენის ჩართვის საშუალებას ამცირებს, SOPHIE-სთვის ზღუდავს არტისტულ ექსპრესიას.

ამგვარად, SOPHIE ურცხვად ურევს ერთი შეხედვით კონტრასტული კატეგორიების საზღვრებს, იქნება ეს გენდერი, ხელოვნურობა და ავთენტურობა, ანდერგრაუნდ თუ პოპ მუსიკა. ის კი რისი მიღწევაც სინამდვილეში SOPHIE-ს სურს, მუსიკის საშუალებით, საკუთარი თავისა და იდეების ნორმალიზებაა.

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი